Saturday, December 30, 2017

დასრულებული 2017 და იმედიანი 2018



ბოლო წლებში ტრადიციად მექცა 30 დეკემბერს გასული წლის შეჯამება, ხო და არც ახლა დავარღვევ ტრადიციას და მოკლედ მოვყვები გასულ 365 დღეზე.
2017 წელი სიახლეების მოლოდინით დაიწყო და იმედებიც არ გამცრუებია. ბევრი ახალი საინტერესო ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ამ ადამიანების დამსახურებით უამრავი ბედნიერი და დაუვიწყარი წუთი დამრჩა გასულ წელში. რა თქმა უნდა იყო ბევრი იმედგაცრუება და მკაცრი რეალობის სიძნელეები. მაგრამ ხო ამბობენ რაც არ გვკლავს გვაძლიერებსო ხო და მეც ამ ერთ წელში ბევრად ძლიერი გავხდი, ცოტა ემოციებიც გამომიცოცხლდა და ხანდახან ვტიროდი კიდეც :)
ყველაზე გარდამტეხი ამ წელში მაინც იყო არჩევნები და ჩემი რისკი ვყოფილიყავი მერობის კანდიდატი. რთული, დაძაბული და გამქრალი ნერვების სამი თვე მეტ ნაკლებად ღირსეულად გადავლახე და მივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი - გამოცდილება. და მაინც ვთვლი რომ ზარმაცი ვარ და იმაზე ბევრად მეტი შემეძლო ვიდრე გავაკეთე. ვდებ პირობას რომ სულ ცოტათი მაინც გამოვსწორდები ახალ წელს და უფრო მეტად მეყვარებით <3
გილოცავთ ახალ წელს! ახალ იდეებს, ახალ საქმეებს, ახალ ბედნიერებას გისურვებთ <3
მე მჯერა რომ ყოველი ახალი წელი ახალი სიხარულის მომტანია <3

Saturday, December 2, 2017

დაკარგული თაობა



არ მინდოდა ამაზე რამის დაწერა, თავს ვიკავებდი, მაგრამ რთულია არ გავიზიარო ის პასუხისმგებლობა რომელის თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია და რომელსაც ასე მონდომებით ვარიდებთ თავს.
ხშირად გამიგია "ფრაზა 90-იანების დაკარგული თაობაო" ამ ფრაზის შიგნით მახსენდებოდა ჩემს ეზოში დაღვრილი უამრავი სისხლი, ბევრი დაკარგული ახალგაზრდა და ვფიქრობდი ამის გამომწვევი მიზეზი უშუქობა, უპურობა და ის ბნელი 90იანები იყო.
დღეს მივხვდი რომ მწარედ ვცდებოდი, ამის მიზეზი საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბებული "ვაჟკაცური" მენტალიტეტია. ეს ისე ღმადაა ჩვენში ჩანერგილი რომ ახალ საუკუნეში დაბადებული ბავშვებიც ასე აზროვნებენ და ამას სწირავენ საკუთარსა და სხვის ცხოვრებას.
ისევე როგორც 90იანებში, ახლაც ბნელ ქუჩებში ხშირად ისმის სისხლიანი გარჩევების ხმა და ჩვენ ამ ხმას ვახშობთ და ვცდილობთ არც ჩვენ და არც ვინმე სხვამ გაიგოს.
დღეს ისევ გარჩევებით გამხდარი კაი ტიპობაა მოდაში და ჩვენ ამ მოდას აქტიურად მივდევთ.
დღეს ისევ კლავენ ბავშვებს არაფრის გამო და ჩვენთვის ეს უბრალოდ სანახაობაა.
ძნელია, ძალიან ძნელია იფიქრო ამაზე და კვლავ უმოქმედოთ იჯდე სახლში. ძნელია სულ ერთი წამით გაიფიქრო ამ დაკარგულ თაობაზე და გამოსავალის ძებნა არ დაიწყო. ძნელია ეს ყველაფერი შენს ქვეყანაში ხდებოდეს და არ აიღო პასუხისმგებლობა შეცვალო ეს სიბნელიდან წამოსული მენტალობა.
გამოსავალი ყველამ ერთად უნდა ვიპოვით და რაც შეიძლება მალე.

Wednesday, November 8, 2017

საარჩევნო ბულინგი


არჩევნების ციებ-ცხელებამ ჩაიარა და ახლა უფრო ნათლად ვხედავ და ვიაზრებ იმ პროცესებს რაც არჩევნებს თან სდევდა. ის რთული გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე ვიცოდი რომ გარკვეულ სტრესთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ ამხელა ზეწოლის გადატანა მომიწევდა. თავდაპირველად იყო არასერიოზული დამოკიდებულება ჩემი გადაწყვეტილების მიმართ, როგორ შეიძლებოდა 25 წლის ადამიანს მიეღო ამხელა გამოწვევა და თან ქალს, ქალს რომელსაც არ ჰყავდა ქმარი (პატრონი). რამდენიმე დღეში მთავარ პრობლემად, სწორედ ჩემი სქესი წარმოჩნდა. ჩვენი საზოგადოება მიჩვეულია, რომ პოლიტიკაში მყოფი ქალი მასკულინირებული უნდა იყოს. მას სრულიად უნდა ჰქონდეს დაკარგული ქალურობა და სექსუალობა. მე ამ შემთხვევაში ერთ ერთი გამონაკლისი აღმოვჩნდი. მე ვიყავი მერობის კანდიდატი რომელიც თამამად წერდა თავის გრძნობებზე, ხშირად დებდა ფოტოებს, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო, ჰქონდა იმის გამბედაობა საჯაროდ გამოექვეყვებინა ნახევრად შიშველი ფოტოები და თვლიდა რომ ეს პოლიტიკასთან არანაირ ბმაში არ იყო. თავდაპირველად რამდენიმე ონლაინ მედიამ დაწერა ჩემს კანდიდატურაზე და თან დაურთო ჩემი ფოტოები, რომლებიც ძირითადად აუზზე და ზღვაზე იყო გადაღებული, ამას მოჰყვა უამრავი უხამსი და შეურაცმყოფელი კომენტარი. ჩემს სექსუალურ ცხოვრებაზე აქტიური დისკუსიები იმართებოდა თითქმის ყველა პარტიაში. ახლა არჩევნებმა ჩაიარა და ვიხსენებ ყველა იმ ფაქტს რომელიც ამ ორი თვის განმავლობაში მოხდა, მესმის ქალების ვინც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ჩაერთვება. რთულია აიტანო და არ შეიმჩნიო ამხელა დისკრიმინაცია, გარკვეულ და არც თუ ისე მცირე კვალს მაინც გამჩნევს ამდენი უარყოფითი და შეურაცმყოფელი საუბარი შენზე. ყოველი სირთულე გვაძლიერებს, და მე ზუსტად ვიცი რომ მიუხედავად ამდენი ნეგატივისა ყოველთვის ვიქნები აქტიური ქალი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში, ყოველთვის ვიქნები ის "მოკლეკაბიანი" და "ღრმა დეკოლტიანი" ქალი, რომელიც არ თრგუნავს საკუთარ ემოციებს, არ მალავს სექსუალურობას, არ თამაშობს "მამაკაცურ თამაშებს" და უბრალოდ ყოველთვის ხმამაღლა ამბობს თავის სათქმელს.




ვი


Monday, November 6, 2017

კიდევ ერთხელ თელავზე


მე ერთი პატარა ქალაქიდან ვარ, ქალაქიდან სადაც თელაველობა პასუხისმგებლობად ითვლება. თელავის ძველებურ და პატარა ქუჩებში ერთხელაც რომ გაიარო დაინახავ ამ ქალაქის განუზომელ სითბოსა და სიყვარულს. ეს ქალაქია, რომლის ყოველი კუთხიდან დიადი კავკასიონისა და მრავალფერადი ალაზნის ველის ერთიანობას მოჰკრავ თვალს. რთულია ამ ქალაქში ცხოვრება, მაგრამ უფრო რთული მისი მიტოვებაა.
რამდენჯერ ვცადე აქადან წასვლა, მაგრამ არ გამომივიდა. ყოველ წარუმატებლობის შემდეგ ვფიქრობ ამ ქალაქიდან გაქცევას, მაგრამ ამაოდ, ვერ შევძელი და ალბათ ვერც შევძლებ. რთულია ჩემი ცხოვრება წარმოვიდგინო სხვაგან, გარდა თელავისა. ბევრმა სცადა, წავიდა და უკან დაბრუნდა, უფრო მეტმა სცადა თელავის გარეთ ბედნიერების პოვნა, მაგრამ უშედეგოდ.



ეს ქალაქია, სადაც ერთხელ თუ მოხვდი თავს ვერასოდეს დააღწევ, თითქოს მრავალი წლის წინ რაღაც ჯადოსნური მომხდარიყოს და ყველას ამ ქალაქისკენ ექაჩებოდეს. 
თელავი ერეკლეს ქალაქია და თითქოს პატარა კახის სული თითოეულ ჩვენგანში ჩასახლებულაო ყველაფრის მიუხედავად გვაიძულებს ამ ქალაქზე ზრუნვას. 
ყველაზე მეტად მაინც ნისლიანი თელავი მიყვარს, ხანდახანისეთ ნისლში ჩაიძირება ხოლმე, რთულია დაიჯერო სიცხადე. ისე სევდიანად თავბრუდამხვევ ნისლში ჩაიკარგება ხოლმე, თითქოს წარსულის აჩრდილები გამოქცეულიყვნენ მეფის სასახლიდან. იმხელა სიდიადე იგრძნობა ამ დროს თელავში, გგონია სამყარო აქედან შეიქმნაო
ეს არის ქალაქი რომელსაც ღმერთთან ერთად მეფის მადლიც ფარავს.





x

Friday, October 20, 2017

მე როგორც კანდიდატი




ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და დღეს ისე როგორც არასდროს ვფიქრობ ცვლილებებზე, წარმატებულ საქართველოზე და იმ საქმეებზე, რომლის გაკეთების საშუალებაც შესაძლოა მომეცეს.
მიუხედავად იმისა რომ უკვე მრავალი წელია საარჩევნო პროცესებში ვარ ჩართული, ხვალ პირველად აღმოვაჩენ ბიულეტინში საკუთარ თავს. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ვფიქრობდი, უნდა გამეკეთებინა არჩევანი არსებულთან შეგუებასა და პრობლემების მოგვარებაში. უნდა ამერჩია ან მშვიდად პროცესების თვალის დევნება ან ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა. უნდა მიმეღო გადაწყვეტილება ვყოფილიყავი ცვლილებების ნაწილი თუ უყურადღებოდ დამეტოვა ჩემს ირგვლივ არსებული პრობლემები.
და მივიღე ურთულესი გადაწყვეტილება დამეწყო ბრძოლა ცვლილებებისთვის, გავმკლავებოდი უამრავ პრობლემას და საკუთარ თავზე ამეღო ის პასუხისმგებლობა, რაც საკუთარი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის წარმატებისთვის მუშაობაა.
არ ვიცი ხვალ რა შედეგი დადგება, არ ვიცი ამომრჩეველი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი, მომავალში აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას თელავისთვის, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მცირედი წვლილი მაინც შევიტანო თელავის განვითარებაში.

Monday, September 4, 2017

რევოლუციის აუცილებლობა

                                                                            "პირველ რიგში რევოლუცია იწყება არა ქუჩაში, არამედ შენს თავში - შენს გონებაში და სისხლში."
უილიამ პირსი




საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, ქვეყნის მმართველობა, სოციალურ-ეკონომიკური მდომარეობა, კონსტიტუცია, მაგრამ უცვლელი დარჩა საბჭოთა მენტალობა, რომელსაც თითქოს მალევე უნდა მოჰღებოდა ბოლო, მაგრამ დღემდე ღრმად აქვს ფესვები დარჩენილი ქართულ საზოგადოებაში. რუსეთის 200 წლიანმა მმართველობა წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის მენტალობაზე. საბჭოთა კავშირმა საქართველოს გაუყალბა ისტორია, წაართვა ეროვნული თვითშეგნება და ის ნეგატიური ჩვევები დაამკვიდრა ქვეყნის განვითარების მთავარ საფუძვლად, რომელიც უნდა გამქრალიყო ქვეყნის აზროვნებიდან.
ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე რევოლუცია მოხდა, მაგრამ ეს რევოლუციები მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას ემსახურებოდა, არანაირი ცვლილება, არანაირი ძვრა არ მომხდარა. რევოლუცია არ მომხდარა ქართველი ხალხის გონებაში, რომელსაც 200 წლის განმავლობაში, მთლიანად წაართვეს ეროვნულობის განცდა. 
ქართული საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი საწყისი უნდა იყოს საერთო იდეის, მიზნის გამორკვევა თუ როგორ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და ამ მიზნისკენ სწრაფვა ერთიანი ძალებით არის მნიშვნელოვანი. უმთავრესია საქართველოს მოქალაქეებმა დაიბრუნონ ერთიანობის განცდა, ამისათვის კი შინაგანი რევოლუციაა აუცილებელი. ისეთ დაუნდობელი რევოლუცია რომელიც, რადიკალურად შეცვლის ადამიანების დამოკიდებულებას ერთმანეთისა და ქვეყნის მიმართ. რევოლუცია რომელიც ქართველ ხალხს ჩამოაყალიბებს ეროვნული აზროვნების საზოგადოებად. ეს რევოლუცია კი უპირველესად უნდა დაიწყოს ჩვენს გონებაში, შემდეგ კი რევოლუცია გავა ქუჩებში, შევა თვითოეულ სახლში, მოიცავს მთელს ქვეყანას და ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი ერი.

Thursday, August 24, 2017

მათი აქსესუარი



ჩვენზე უბრალოდ საუბრობენ, როგორც ნივთებზე. გვირჩევენ, გვარჩევენ და არასოდეს კითხულობენ ჩვენ რა გვინდა. ჩვენი ყოველი თხოვნა მათთვის, უბრალოდ აზრს მოკლებული წუწუნია.
ქალები უბრალოდ აქსესუარები ვართ, რომლითაც თავს იწონებენ, იპრანჭებიან და დაგვატარებენ. ქალს არ გააჩნია განცდები, სურვილები, ქალი ხომ სუსტი არსებაა და მათი კონტროლი სჭირდება.
ჩვენ ქალებს ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ უნდა ვიყოთ ლამაზები, ისეთი ლამაზები რომ აქსესუარად გამოვდგეთ. ნივთები რომელიც მათ კომფორტს შეუქმნის, განტვირთავს.
ზოგი ცოლები უნდა ვიყოთ, ზოგიც საყვარლები და ამათგან არცერთი სტატუსი არ გაძლევს საშუალებას იყო ქალი რომელსაც აქვს სურვილები, იმაზე ძლიერი ვიდრე მათ აქვთ. არ უნდა იყო ქალი, რომელიც ულტიმატუმებს აყენებს ან რაღაცას ითხოვს და თუ შემთხვევით ასე მოიქეცი მათი დაკარგვით გემუქრებიან.
არ აქვს მნიშვნელობა როგორია ის, ძლიერი, განათლებული, სუსტი, სიმპათიური თუ მარტივი, ისინი ყველა ერთიდაიგივე რაღაცას მოითხოვენ. მათი სტანდარტი ერთია, მთავარია მათი კომფორტი. მაგრამ მაინც არ არიან კმაყოფილები, მიუხედავად იმისა მათ სურვილებს ასრულებ თუ არა, ხან მოსწონთ ეს, ხან არა.
და ჩვენ ქალები ხშირად ვეგუებით ამ ყველაფერს, არ გვინდა მაგრამ მაინც ვუჯერებთ, არ მოგვწონს, მაგრამ მაინც ვუთმენთ, ლაპარაკი გვსურს და მაინც ვჩუმდებით, წასვლა გვინდა და მაინც ვრჩებით.
ამისი არც მიზეზი და არც მიზანი არ არსებობს, ეს უბრალოდ სისუსტეა, სისუსტე რომელიც დაძლევადია.
ეს უბრალოდ აქსესუარია, რომელიც უნდა დაიმსხვრეს.

Sunday, August 13, 2017

ჯეჯელავას ვაშლი, უმუშევრობა და განათლება



საქართველოს 25 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიას წითელ ხაზად გასდევს უმუშევრობის პრობლემა, რაც თავისთავად იწვევს დაბალ სოციალურ ფონს. ქვეყანაში ბევრი პრობლემის მოგვარება მოხერხდა, მაგრამ უმუშევრობა კვლავ დარჩა იმ უმთავრეს პრობლემად, რომელსაც მოგვარების გზა ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ მოუძებნა. თითქოს ბევრი პროექტი ხორციელდება, მაგრამ უმუშევრობის მაჩვენებელი ისევ მაღალია (გამოკითხული მოსახლეობის 47% თვლის რომ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა).
დასაქმების პრობლემის საწყისი ვთვლი, რომ განათლებაში უნდა ვეძიოთ.  შესაბამისი კვალიფიკაციის არ ქონა, იწვევს როგორც ამ ადამიანების დაუსაქმებლობას, ასევე ორგანიზაციების დაბალ ეფექტიანობას (რაც თავისთავად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე).
საქართველოში განათლების პრობლემა მუდმივად არსებობდა, ჯერ იყო და ერთ ტომარა ფქვილზე გაყიდული დიპლომები, შემდეგ ეროვნული გამოცდები და რეპეტიტორები, რომელიც უფრო და უფრო გაძლიერდა. ერონულ გამოცდებმა რა თქმა უნდა გამოიღო შედეგი და უნივერსიტეტებში ჩაწყობით ვეღარ ხვდებიან სტუდენტები მაგრამ, გამოცდების რეფორმას მეტი შედეგი უნდა გამოეღო. ამ რეფორმის პარალელურად უნდა დაწყებულიყო სკოლების რეფორმაც და სასკოლო პროგრამა უნდა ყოფილიყო მოსწავლის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული, უნდა ჩამოყალიბებულიყო ძლიერი სკოლა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ საპირისპირო შედეგი. დღეს მოსწავლის იდეაფიქსია უნივერსიტეტში მოხვედრა (ამაზე ცოტა მოგვიანებით) რის გამოც უამრავ ფულსა და ენერგიას ხარჯავს, რომ მთელი 12წლის მასალა ერთ წელში აითვისოს რეპეტიტორთან. შესაბამისად დაკნინდა სკოლის მნიშვნელობა და კატასტროფულად დაბალია განათლების ხარისხი.
კიდევ ერთი საინტერესო რეფორმა განხორციელდა განათლების სისტემაში, რომელმაც მკვეთრად აჩვენა ამ სისტემაში არსებული პრობლემები. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები, დიდი სარკე აღმოჩნდა განათლების სამინისტროსთვის (სამწუხაროა რომ ხელისუფლება ამ სარკეს თვალს არიდებს) 2016 წელს ამ გამოცდებზე გასული მასწავლებლიდან მინიმალური სავალდებულო ზღვარი 83% ვერ გადალახა. 
განათლების სისტემას დღეს სასიცოცხლოდ ესაჭიროება მკვეთრი და მიზანმიმართული რეფორმა, რომლის არა თუ განმახორციელებელი არამედ მომფიქრებელიც არსად ჩანს. ვაშლებით ვერ მივცემთ ახალგაზრდებს საჭირო განათლებას, ვაშლებით ვერ გავზრდით კვალიფიციურ კადრს, მხოლოდ ვაშლებით გამოკვებილები ვერ დასაქმდებიან და შესაბამისად ვერ შექმნიან ქვეყნისათვის საჭირო დოვლათს, ამ ყველაფრის შედეგი კი საქართველოს როგორც სახელმწიფოს ჩამოშლა იქნება.
უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, ქვეყნის განვითარებისთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სისტემაში. აი ეს არის ქართული რეალობა.  

Monday, July 17, 2017

სარკის ანარეკლში....



ყოველი დილა, ჯერ კიდევ თვალები ფართედ რომ არ მაქვს გახელილი, პირველ ნაბიჯებს სარკისკენ ვდგავ. თავდაპირველად ბუნდოვანი ანარეკლი მესალმები, შემდეგ კი ნელ-ნელა გამოსახულება იფილტრება და ჩემს წინ სრულიად შიშველ ქალს ვხედავ. ოდნავ შესიებული თვალებით, გაწეწილი თმითა და სულელური ღიმილით. ხშირად ვაკვირდები ამ ქალს და თითქოს ყველაზე უკეთ მას უნდა ვიცნობდე, მაინც ყველაზე ამოუცნობია ჩემთვის. არა და ყველაზე უკეთ ვიცი მისი სხეული, მისი ხასიათი მაგრამ განცდებში ჯერ ვერ გავერკვიე.
უკვე 25წელია სარკესთან ვდგები და ვცდილობ დავინახო გრძნობებისგან შიშველი საკუთარი თავი, მაგრამ ამაოდ. ახლაც ვდგავარ სარკესთან და ვეძებ რაიმე თბილს, გულწრფელს, ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. მხოლოდ ღიმილი ჩანს სარკეში, რომელიც  სხვა დანარჩენს ფარავს. ზოგჯერ ისე ძლიერ მომინდება ეს ღიმილი გავაქრო და მის უკან საგულდაგულოდ მიმალული სისულელეები დავინახო.
სარკის ანარეკლში ჩანს ქალი, რომელიც ჩემგან ისე შორსაა, თითქოს ის სხვაა და სხვას გრძნობს. ის საზოგადოებისთვის მისაღები ქცევების ქალია, საშუალო სტატისტიკური ქართველი ქალი, რომელსაც უხილავი ძაფები აქვს გაბმული ირგვლივ და მორჩილად მიჰყვება ამ გზას.
სარკის იქით კი რაღაც განსხვავებული ხდება,  ღამის სიჩუმეში ქრება ხოლმე ღიმილიც, ის უხილავი ძაფებიც და საზოგადოებრივი წესრიგიც. ალბათ ოდესმე დილითაც დავაღწევ თავს სარკის ანარეკლს, მოვიშრებ ღიმილსაც და უბრალოდ ვიქნები მე........

Monday, July 10, 2017

რატომღაც ასე.......



მე რომ მკითხო, მარტოობა მირჩევნია. უწესრიგო მარტოობა. ჰაერში გამეფებული ჩემი სუნით, განწირულად აკივლებული ჩემი ფიქრებით და ყველაზე უხერხული სიჩუმით.
ხანდახან მარტოს მიცინია ცრემლებამდე (არ მახსოვს რატომ), ხან კი მიტირია აუტანელ ტკივილამდე (არც ეს მახსოვს რატომ) და ბედნიერებაც სწორედ ეს მოუთოკავი გრძნობები იყო.
ხშირად მახსენდება როცა ორნი ვიყავით და ახლა არ ვიცი ბედნიერება იყო ეს თუ არა. წვიმაში სირბილი კი მენატრება, კიდევ ჩემი სულელური გაბუტვები და შენი ღვთაებრივი შერიგებები.
ახლა თავს ხან ძალიან ცარიელად ვგრძნობ, თითქოს სისხლიც კი აღარ მაქვს, ხანდახან კი ამ თავისუფლების ჰაერით ისე ავივსები ხოლმე მგონია ფილტვები დამისკდება მარტოობით.
ხო და კიდევ მარტოობაში ბევრი ფიქრია, ბევრად მეტი ემოცია და განცდაა. ეს ისე რბილად, ისე ჩუმად გეხვევა თავს, მგონი შეუძლებელია თავი დააღწიო. ბოლოს კი მარტოობა სულის მდგომარეობად იქცევა, ხასიათად გარდაიქმნება, რომელსაც არ დათმობ.

Tuesday, May 30, 2017

როცა მე დავიბადე....

   
 სულ რაღაც 25 წლის წინ, გაზაფხულის ბოლო საღამოს, ნაადრევად 7თვიანი და კილონახევარი დავიბადე მე :) რა გეჩქარებოდაო? მაისი მეჩქარებოდა, მეგაზაფხულებოდა და ვეღარც მოვითმინე.
     მე როდესაც დავიბადე, ქვეყანაში გაზაფხულს ვერავინ ამჩნევდა, ყველას სტკიოდა სამოქალაქო ომი, სტკიოდა უკვე თითქმის დაკარგული ტერიტორიები და ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩემი ბავშვობა ლამფის შუქზე ნასწავლ გაკვეთილებთან, "ფეჩის" კვამლთან და ეზოში გაუჩერებელ სირბილთან ასოცირდება.
      როდესაც ბავშვობის დროინდელ ჩემს თავს ვიხსენებ, ერთი სახალისო ამბავი მახსენდება. მამამ გერმანიიდან ჩამომიტანა ე.წ. მაგნიტოფონი, რომელსაც ჩაწერის ფუნქცია ჰქონდა, ხო და მეც დიდი მონდომებით ვიკეტებოდი ოთახში და ვწერდი ჩემეულ ანალიზებს მაშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით :D ახლა არ ვიცი ეს ჩანაწერები კიდევ არსებობს თუ არა მაგრამ იმედია არავინ მოუსმენს :D


      ბევრი მოგონება დაგროვდა ამ წლების განმავლობაში, ბევრი რაღაც ვისწავლე, უფრო მეტი ვერ გავითავისე. ბევრჯერ მეტკინა და უფრო მეტჯერ ბედნიერი ვიყავი. ბევრმა დამტოვა და კიდევ უფრო მეტი შევიძინე. მაგრამ მთავარი, ალბათ ისაა რომ ყოველი დილა მახარებს, ყოველ წელს საკუთარ თავს ვაიძულებ უფრო კარგი გავხდე (არ ვიცი რამდენად გამომდის), ყოველ წუთს ვცდილობ მეტი შევიგრძნო, რადგან არ ვიცი მომავალი წუთი იქნებ თუ არა. მინდა მეტად მიყვარდეს, მეტად ვუყვარდე და ალბათ რაც ყველაზე მთავარია მეტად ვაბედნიერებდე სამყაროს.
P.S. ვიცი რომ ასეთი ჰუმანური და პათეტიკური არ ვჩანვარ ხშირად, მაგრამ ეს ერთი დღე მაპატიეთ <3

Thursday, May 11, 2017

ჩემი თელავი

 
ასეთ ამინდებში განსაკუთრებულად მიყვარს თელავი. წვიმის წვეთებისგან ახმაურებულ ჰაერში სხვა ქალაქი იგრძნობა, უფრო მშვიდი, მეტად რომანტიული და სხვანაირი თელავური განწყობაა. ხანდახან ვფიქრობ რომ არა ეს ქალაქი სად ვიცხოვრებდი, ალბათ ისე ვერსად როგორც თელავში.....
      თელავს სხვანაირად უხდება წვიმა, სადღაც შორეულ სამყაროში მიჰყავხარ და რა განწყობაზეც უნდა იყო, მაინც თელავური განწყობა შემოგეპარება და მთლიანად გიპყრობს.
     


      ასეთ ამინდებში ქუჩაში არავინ დადის, იშვიათად თუ წააწყდებით სამსახურიდან სახლში მიმავალ თელაველს. ასეთ ამინდებში თელავში არცერთი ფანჯარა არაა დახურული, ასეთ ამინდებში ყველა გულმოდგინეთ ვუსმენთ წვიმისაგან ახმაურებულ თელავს, ასეთ ამინდებში ყველა ღრმად ვსუნთქავთ თელავის ნესტიან მაგრამ თბილ ჰაერს და ასეთ ამინდებში ყველა თვალისდაუხამხამებლად გავცქერით კავკასიონს.
       
  თელავში სადაც არ უნდა წახვიდე ყველა მხრიდან დაინახავ მუდამ ცვალებად კავკასიონს და რაღაცნაირი სიამაყით აივსები, თითქოს მათი სიძლიერე შენს სხეულში იბუდებს და მათნაირად დიდებულად გრძნობ თავს.
და მაინც ასეთ ამინდებში სხვანაირად განსაკუთრებულია თელავი, ქალაქი რომელსაც "ღმერთთან ერთად მეფის მადლი ფარავს".


Friday, May 5, 2017

უკულტურო ევროპა

 
  დღეს ყვარლიდან თელავის მიმართულებით ვმგზავრობდი "მარშუტკით", ჩემთან ერთად მგზავრობდა ორი პოლონელი ტურისტი, ასევე დაგვემგზავრა ტიპიური ქართველი კაცი თავისი განუყრელი ღირსეული ღიპით. ტურისტი გოგონა წამოდგა წინ გადაიწია და მძროლს სთხოვა გაჩერება, ტურისტებმა დაგვტოვეს. და რაღა თქმა უნდა "მარშუტკაში" დაიწყო უკულტურო ევროპის განხილვა.
     ტრადიციული ღიპის მქონე მამაკაცი განსაკუთრებით აქტიურობდა ევროპის კრიტიკის დროს, ბევრი მოვისმინე ქართველობის წართმევაზე, ევროპის მცდელობაზე ქართველი ქალის გახრწნისა და ა.შ.
      უკულტურო ევროპაზე საუბრობდნენ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიგრძის ყანწით სვავენ სამშობლოს სადღეგრძელოს და ოკუპირებული რუსეთისკენ დაუოკებლად მიიწევენ, იგივე ყანწით სვავენ ქართული არნახული ბუნების სადღეგრძელოს და ეს ბუნება სავსეა მათივე დაყრილი ნაგვით, ტყეები გამქრალია მათ მიერ მოჭრილი ხეების გამო. ქვეყანაში საშუალოდ ერთ წელში 300 ქალს ჰკლავს ქართველი ღირსეული კაცი. დაახლოვებით წელიწადში 450 ბავშვი იღუპება საკვების უკმარისობით. არ მოსწონთ იმ ადამიანებს ევროპა, რომლებიც რესტორნიდან ჩხუბის გარეშე არ გამოდიან. ადამიანები ვისთვისაც "დასტაევსკი" ეროვნული მწერალია და არ იციან ვინ იყო სულხან საბა ორბელიანი. ერი რომელიც მარიხუანის მოხმარებას, ადამიანების თამამ საქციელს ახალგაზრდების გარყვნად აფასებს, იწუნებს ევროპას.

     ეს არის ქვეყანა რომელმაც უამრავი სისხლის ფასად მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ 37მანეთიან ფრენებს მისტირის, ქვეყანა რომელსაც დასცინის მეზობელი, მაგრამ ის ერთმორწმუნე მეგობარია და არა მტერი.
და ამავდროულად ეს ის ქვეყანაა რომელსაც 25 წლიანი დემოკრატიისკენ მიმავალი გზა აქვს გავლილი და კიდევ ძალიან დიდხანს აპირებს ამ გზაზე სიარულს. ქვეყანა სადაც ახალგაზრდები თვითორგანიზებით ახერხებენ სტიქიისგან დაზარალებული ქალაქის გაწმენდას და გაჭირვებულის დახმარებას. ქვეყანა რომელიც თავისი არსით აღარ შეეგუება ღიპიანი ბიძიების რუსულ მელოდრამებს. და მაინც ჩვენ ევროპელები ვართ, ვიღაცეებს მოსწონთ ეს თუ არა.

Tuesday, April 18, 2017

უდიპლომო მე


        რამდენიმე წლის წინ, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, მიხაროდა სტუდენტობა. რამდენიმე კვირის შემდეგ დავფიქრდი რაში მჭირდებოდა ეს ყველაფერი და საკუთარი თავი უპასუხოდ დავტოვე. დასაწყისისთვის უნივერსიტეტი უბრალოდ კარგი გასართობი იყო, ვსწავლობდი იმას რაც მაშინაც და ახლაც აბსურდულია ჩემთვის. მასწავლან გამოგონილ ამბებს, რომელსაც ისტორიას არქმევენ.
       ფინანსური პრობლემების გამო მეორე კურსზე სტატუსი შევიჩერე და მახსოვს როგორი დეპრესია მქონდა, ვთვლიდი რომ ყველაზე დიდი პრობლემა მქონდა რომლის მოგვარებასაც ყველასგან განაწყენებული ვითხოვდი. ორი წლის შემდეგ დავუბრუნდი სტუდენტობას და მივხვდი, რომ ბევრი არაფერი მაკლდა იმ ორი წლის განმავლობაში. რამდენიმე თვე აქტიურად ვიარე უნივერსიტეტში და საშინელი მოწყენილობა ვიგრძენი. მივხვდი ამ სწავლით ვერ გავხდებოდი ის რაც მინდოდა, ვერ მივიღებდი იმას რისკენაც ბავშვობიდან ასე ვისწრაფვოდი. მაშინ მივხვდი, რომ ის თეორიები რომლებსაც ამდენ წელს ვიზეპირებდი არაფერში გამომადგებოდა და უმჯობესი იყო რაიმე საინტერესოსთვის დამეთმო დრო. ასე ჩავერთე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში. სრულიად შემთხვევით მოვხვდი იუსტიციის სამინისტროს მოხალისეობრივ პროექტში და რამდენიმე თვეში, ასევე შემთხვევით დავიწყე იუსტიციის სახლში მუშაობა.


       ნელ ნელა უფრო აქტიურად ვერთვებოდი საზოგადოებრივ საქმიანობაში, ვხვდებოდი ეს იყო ის რაც ყველაზე მეტად მიხაროდა, მომწონდა, მაინტერესებდა და მაბედნიერებდა. შემდეგ ერთი წლით ისევ შევაჩერე სტატუსი და ამით ბედნიერი ვიყავი, მომწონდა და თავს სრულფასოვნად ვგრძნობდი.
        ახლა? ახლა ისევ მესამე კურსის სტუდენტი ვარ, მაქვს საინტერესო სამუშაო გამოცდილება, ვიცი ბევრად მეტი ვიდრე ამ შვიდი წლის განმავლობაში შესაძლოა უნივერსიტეტში მესწავლა.
       ახლა მხოლოდ კანონმდებლობა მზღუდავს, რადგანაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მითითებულია, რომ საჯარო მოხელეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, კერძო დამსაქმებლებიც იგივეს ითხოვენ. ხო და მეც ვალდებული ვარ დროში გაწელილად ვიყიდო დიპლომი. არა და მე საინტერესო ცხოვრება მაქვს უნივერსიტეტის გარეთ, ბევრად საინტერესო ვიდრე საქართველოს განათლების სისტემა მთავაზობს.

Friday, April 14, 2017

თელავი თვითმმართელი ქალაქი

   

              2013 წელს საქართველომ მიიღო დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რის შედეგადაც 2014 წელს 12 თვითმმართველი ქალაქი გაჩნდა, მათ შორის არის თელავი. ამ რეფორმის საფუძველზე ქალაქის 21 ათასი ამომრჩეველი ირჩევს მერს, 15 საკრებულოს წევრს (5 მაჟორიტარი და 10 პროპორციული), გააჩნია საკუთარი შემოსავლები და ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შეუძლია შიდა საკითხების გადაწყვეტა.
        ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად გათანაბრებითობის პრინციპით ყველა თვითმმართველი ქალაქი ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ანუ ქალაქის ბიუჯეტი ივსება შიდა შემოსავლებით და ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერით. 2016 წელს თელავის ბიუჯეტის 85%ს (10391600 ლარი) შეადგენდა შემოსავლები და ცენტრალურმა ხელისუფლებამ გათანაბრებითობის პრინციპით ბიუჯეტის მხოლოდ 15%ის (890000 ლარი) გადმორიცხა. დაახლოვებით იგივე მონაცემებია სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც და ეს მზარდი ტენდენცია.
       რამდენიმე თვის წინ მთავრობის კულუარებში გავრცელდა ჭორი თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ, რომლის მიზეზად გაზრდილ ხარჯებს ასახელებენ. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეს ჭორები დაადასტურა და განაცხადა რომ თვითმმართველობის რეფორმა "სისულელე" იყო.
      მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ურბანული განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. საქართველო ურბანიზაციის ინდექსიც  115 ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. წამყვანი ქვეყნები კი განაგრძობენ დეცენტრალიზაციისკენ სწრაფვას.

     
              თვითმმართველი ქალაქის სტატუსმა ბევრი სარგებელი მოუტანა თელავსა და თელავისაგან გამოყოფილ თელავის თემს (სასოფლო დასახლებებს). ორი დამოუკიდებელი ბიუჯეტით ბევრად სწრაფად და ეფექტურად ხდება მოსახლეობის პრობლემების მოგვარება. უფრო მარტივი გახდა კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და იმის ნაცვლად, რომ დღეს ხელისუფლება მსჯელობდეს თვითმმართველობის გაძლიერებაზე ის ამის გაუქმებას აპირებს. არა და საკანონმდებლო ორგანო და აღმასრულებელი ხელისუფლება მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს.

Tuesday, April 11, 2017

კაცის თავისუფლება

   
საქართველო პატრიარქალური ქვეყანაა და შესაბამისად რაც კაცისთვის ჩვეულებრივი ამბავია ის ქალისთვის აკრძალულია. თავდაპირველად რომ დავიწყოთ, როდესაც ოჯახში ბიჭი იბადება დიდი სიხარულის ფონზე ოჯახის მამაკაცი წევრები აწყობენ გეგმებს როგორ უნდა გამოზარდონ "ნამდვილ კაცად". ხოლო "ნამდვილ კაცში" იგულისხმება კაცი რომელსაც აქვს გაუცნობიერებელი სექსი ყველა ქალთან.
      მოზარდობის ასაკში ოჯახის უფროსს დიდი ზარ-ზეიმით მიჰყავს "ქალებში" დასავაჟკაცებლად და სწორედ ეს უნდა გახდეს საფუძველი იმ დიდი მექალთანეობის, რომლითაც იცხოვრებს. კაცების ცხოვრებაში სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება ქალის ორი ტიპი: ქალი რომელთანაც უნდა გაერთოს და ქალი რომელიც ცოლად უნდა მიიყვანოს.
        მოდით ინდივისუალურად განვიხილოთ ორივე ტიპის ქალი. (რა თქმა უნდა კაცების აღქმით).

  • გასართობი ქალი.
უპირველესი იდენტიფიკაცია ჩნდება გარეგნული მახასიათებლებით. ქალი რომელსაც მუხლს ზევით კაბა და სულ მცირედით მაინც დეკოლტირებული ზედა აცვია. ამასთან შებინდებულზე ქუჩაში გამოჩენილი ქალიც იძლევა იმის საბაბს, რომ მასზე გართობისთვის იფიქროს კაცმა. შემდეგი კრიტერიუმი ვფიქრობ ყველაზე საინტერესოა, თუ საძმაკაცო საუბრობს (სულ ერთია სიმართლეს თუ ტყუილს) რომ ამ ქალთან შეიძლება გართობა ე.ი. გზა ხსნილია.

  • ოჯახში შესაშვები ქალი
აუცილებელი პირობაა ოჯახის "კარგი სახელი" ამასთან არუნდა იყოს ყურადღების მიმქცევი (რომ გაივლის არავინ შეხედოს, კაცმა რომ არ იეჭვიანოს). არ უნდა ლაპარაკობდეს ბევრს, აუცილებლად უნდა იყოს მორჩილი, დამყოლი და უპრეტენზიო.
       
იმ მასკულინურ საზოგადოებაში რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება ქალი ვალდებულია დაემორჩილოს ამ წესრიგს და კარგად გათხოვების პერსპექტივით იცხოვროს სხვისი წესებით. ხოლო კაცები რომლებიც საკუთარი კრიტერიუმებით არჩეულ ქალს რომელსაც დასდებენ პატივს მათი ცოლი გახდეს, თავისუფალნი არიან საკუთარ გცევებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ქალი უნდა იყოს დამყოლი და მორჩილი თორემ, კაცი თუ უნდა უღალატებს, უნდა შეურაცყოფას მიაყენებს, უნდა სულ უარს იტყვის მასზე და ახალ სიყვარულს გაეკიდება, ის მაინც თავისუფალია.

Sunday, April 2, 2017

საჩუქრებით ანაზღაურებული ძალადობა

         
            ჩვენს ირგვლივ ბევრ ოჯახში ხდება ძალადობა, სხვადასხვა ფორმებითა და გამოვლინებებით. ხშირად ჩვენ ამას ვამჩნევთ და უყურადღებოდ ვტოვებთ, არ ვერევით სხვის ცხოვრებაში და ალბათ ამით დანაშაულის თანამონაწილენიც ვხვდებით. 
           კაცები ცოლებს სცემენ (აღარაფერი რომ არ ვთქვათ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე), მაგრამ ამ დროს ქალები სრული სიმშვიდით ხვდებიან ამ ყველაფერს და ჩვეულ მოვლენად აღიქვავენ. რამდენიმე წლის წინ ერთ ოჯახთან მიწევდა ყოველდღიური ურთიერთობა, ღამითაც მათთან ვიყავი და თითქმის ყოველდღე ვხდებოდი ძალადობის მოწმე. ღამით კაცი სცემდა ქალს (!)  და ამას ქალის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყვებოდა. სამაგიეროდ კი მეორე დილით, ღამით შეურაცყოფილ და დაზიანებულ ცოლს "საყვარელი ქმარი" მცირედი საჩუქრებით ანებივრებდა. ცოლიც დიდად კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით. 
ხშირად მიფიქრია დამერეკა ცხელ ხაზზე და ძალადობის ფაქტზე გამეკეთებინა შეტყობინება, მაგრამ მეორე დილით ვხვდებოდი, რომ ქალი უბრალოდ ბედნიერი იყო ასეთი ცხოვრებით. 
         ჩვენს ირგვლივ ბევრი ქალია ძალადობის მსხვერპლი, ნაწილი ძალადობას ფინანსური პრობლემებით ხსნის, ნაწილი შვილების ბედნიერი მომავლით, ნაწილი კი უბრალოდ ძალადობას ვერ აღიქვავს. 

Monday, March 13, 2017

ქართველი ქართლის დედა

   
      არ ვიცი როდის და რატომ მაგრამ საქართველოში ქართლის დედა შეიქმნა ქალის ხატად. ერთი შეხედვით ის ძლიერ ქალად წარმოგვიდგება და სრულიად საქართველოს აზრით ეს ასეც არის. ამ მოცემულობაში ვაწყდებით ერთ შეუსაბამობას, თუ ქართლის დედა ძლიერი და ამავდროულად "ღირსეული" (როგორც ამბობენ) ქალის სახე-ხატია, მაშინ რატომ არ ეძლევათ ჩვენს ქვეყანაში ქალებს განვითარების უფლება? რატომ ცდილობს საზოგადოება ქალის როლის დაკნინებას და მის ჩაგვრას?
      ქვეყნის პატრიარქალურობიდან გამომდინარე, აქ ქალებს მუდმივად უწევთ კაცის ჩრდილს ქვეშ ყოფნა. თუ დავფიქრდებით საკუთარი გამოცდილებიდანაც მარტივად აღმოვაჩენთ, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ქალებს ბევრად მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ ვიდრე კაცებს. ქალები ბევრად შრომისმოყვარენი და ბეჯითები არიან. და რა ხდება შემდეგ? სად მიდიან ის ქალები რომლებმაც საშუალოდ 15 წელი შესწირეს სწავლა-განათლებას? ფაქტია ეს ქალები არ გვხვდებიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
      ჩვენს ირგვლივ ხშირად ვხვდებით მოსაზრებას, რომ ქალმა არა კარიერული წინსვლისთვის, არამედ შვილების კარგად აღზრდისთვის უნდა ისწავლოს. იქნებ ქართლის დედას სულაც არ ჰყავდა შვილები? იქნებ ის ძლიერი ქალის განსახიერებაა და არა სახლში "კუხნიდან-სპალნამდე" ჯაჭვზე გამობმული ქალის?! იქნებ ის არის სწორედ ის ქალი ვისაც შესწევს იმის კომპეტენცია მართოს პროცესები.
      ერთხელ ბიჭმა მითხრა, რომ მას გვერდით განათლებული ქალი მხოლოდ იმისთვის უნდოდა, რომ საზოგადოებაში თავი წარმოეჩინა და შვილები კარგად გაეზარდა.
ჩვენ ქალები, უბრალოდ გამზრდელები და კაცების აქსესუარები კი არა ძლიერი, განათლებული, საინტერესო და საოცრად ქარიზმატულები ვართ. 
ქართლის დედას კი იქნებ უფრო საინტერესო როლი მოვარგოთ, მოვარგოთ ქართველი ქალის როლი რომელიც ცვლის რეალობას. 

Tuesday, March 7, 2017

"გასალილიტებელი" 8 მარტი

   
მე მაინც ლილიტი მირჩევნია. ძლიერი, თავისუფალი ლილიტი. ქალი რომელიც თავად წყვეტს თავის ბედს. სწორედ ის არის ქალურობის საწყისი ყოველ ჩვენგანში, ის გამოძახილი რომელსაც ხშირად ვთრგუნავთ და სადღაც ჩვენში ყველაზე მიკარგულ კუთხეში ვმალავთ. 
     ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ქალს ბევრი რამ მოეთხოვება, რომ ქალი სუსტი სქესია, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ყველაფერი, რომ "ქართლისდედობა" უნდა შევითავსოთ. ჩვენთვის არასოდეს უთქვამთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ თავისუფალნი. 
       და იქნებ სწორეთ ამით არის გამოწვეული ის ძალადობა რომელიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ირგვლივ. იქნებ ამ დაკანონებული აზრის გამო აძლევენ კაცები თავს უფლებას დაგვჩაგრონ. 
         დღეს ქალებს მილოცვების მიღებასთან ერთად უწევთ იმ დისკრიმინაციის ატანა, რომელიც უკვე ყოველდღიურ ჩვეულებად იქცა. ახლა ყვავილებთან ერთად ქალები თან დადევნებულ გინებას იღებენ. ეს ჩვეულებაა, ტრადიციაა. 8 მარტი ქალებისთვის ნაჩუქარი დღეა, დღე როდესაც თითქოს სულ მცირე პატივისცემას გვიწყალობებენ ხოლმე. 
         გვჭირდება კი ეს ყვავილები ანდა ძვირფასი საჩუქრები? იქნებ ამ დილით დავასრულოთ ეს სიმბოლიზმი და მოვითხოვოთ "ლილიტობა", მოვითხოვოთ თავისუფლება, მოვითხოვოთ ამ ძალადობის შეწყვეტა. უარი ვთქვათ ყვავილებზე და მის სანაცვლოთ ნების თავისუფლება მოვითხოვოთ. უარი ვთქვათ იმ ნეკნზე, რომელიც თითქოსდა ჩვენს გამო დაკარგეს და თანასწორობა მოვითხოვოთ. ყველგან, ყოველთვის, ყველაფერში, მკაცრად, ჯიუტად თანასწორობა მოვითხოვოთ. 
          შემდგეში "გალილიტებული" 8 მარტი მომელოცოს <3

Sunday, February 26, 2017

აუცილებელი "ქალიშვილობა"

       
 დიდი ხანია ვფიქრობ დავწერო თუ არა ამ საკითხზე და მაინც გადავწყვიტე...
        საქართველო კონსერვატიული და ამავდროულად პატრიარქალური ქვეყანაა და ალბათ ამიტომაც ეგრეთ წოდებული  "ქალიშვილობის ინსტიტუტი" კვლავ ინარჩუნებს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციას ურთიერთობაში. ბევრი ალბათ თვლის რომ ეს ასე აღარაა და ეს თემა უბრალოდ კამათისთვის არის წამოწეული, მაგრამ ფაქტები ბევრია.
        რთულია ისაუბრო კონკრეტული ადაიანების, კონკრეტულ ისტორიებზე, მაგრამ ვფიქრობ მაგალითები უკეთ გამოხატავს საკითხის მნიშვნელობას.
ხო და მოვყვები ისტორას:
       ჩემს კურსზე ერთი გოგო სწავლობდა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, ხშირად ვსაუბრობდით მეგობრები სხვადასხვა საკითხებზე და ჩვენს ამბებსაც ვუზიარებდით ერთმანეთს. ერთხელაც ეს გოგონა ანერვიულებული მოვიდა და სამეგობროს გაგვიმხილა, რომ  ერთ ბიჭს შეხვდა, ცოტა დალიეს, ახლა კი არ იცოდა ქალიშვილი იყო თუ არა და გვთხოვა ექიმთან გავყოლოდით ქალიშვილობის შესამოწმებლად.  ნათქვამმა ცოტა არ იყოს დაგვაბნია, მაგრამ ყველაზე მეტად გამაოცა იმ გადაწყვეტილებამ, რომ თუ ქალიშვილი არ აღმოჩნდებოდა აუცილებლად სულ რამდენიმე თვე მაინც ცოლად უნდა გაჰყოლოდა იმ ბიჭს. "განათხოვრის სახელი მაინც დამერქმევა და ხალხი აღარ იჭორავებსო"  
       ქორწინებამდე სექსის აკრძალვა არ ვიცი ტრადიციებიდან, რელიგიიდან თუ რაიმე სხვიდან მოდის, მაგრამ შედეგი გვაქვს უამრავი ნაადრევად შექმნილი ოჯახის დანგრევა, განადგურებული ფსიქიკის მქონე წყვილები და ბავშვები, რომლების ოჯახურ სითბოს არიან მოკლებულნი. მგონი უმჯობესია ხანდახან მაინც დავფიქრდეთ, ის ძალადობა რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება, ის დანაშაულებრივი ქმედებები რომლებსაც ოჯახები ხშირად ნორმირებულად წარმოაჩენენ, ის დეპრესიული თაობა რომელიც იზრდება, ხომ არ არის შედეგი იმ ჩარჩოების, რომელსაც ტრადიციების სახელით ვაწესებთ. განა კი გვინდა ტრადიციები, რომლებიც ფსიქიკურად დანგრეულ მოსახლეობას გვიქმნის?
     
        დღეს ხშირად ვსაუბრობთ "ქალიშვილობის ინსტიტუტზე" და ალბათ უმჯობესია, სწორი დეფინიცია შემოვიტანოთ რა და რატომ არის პრობლემა. ქალიშვილობა თავისთავად არ წარმოადგენს პრობლემას, ეს ცალკეული ინდივიდის პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც დარღვეული საქალწულე აპკის გამო იქმნება არასასურველი ოჯახები, რაც თავისთავში პოტენციურად ძალადობრივ ოჯახს გულისხმობს.
         ოჯახში ძალადობა ჩვენს ქვეყანაში ერთ ერთ მწვავე საკითხად დგას და მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ამის გამომწვევ მიზეზებზე, რათა მოვახერხოთ ძალადობის შემცირება.
რა იწვევს ამდენ დანგრეულ ოჯახს? რატომ ეგუებიან ქალები ძალადობას? 
დავსვათ კითხვები, განვსაზღვროთ პრიორიტეტები და ვიმსჯელოთ პრობლემის გადაჭრაზე.

Monday, February 20, 2017

ქვეყანა რომელიც ქალებმა გადაარჩინეს

       
 საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას ბევრი მსხვერპლი დასჭირდა. დაკარგული ტერიტორიები, დახოცილი ადამიანები და მიწასთან გასწორებული ეკონომიკა. მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა და ავად თუ კარგად ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. 
         ქვეყანაში სიღარიბე იყო და დაიწყო ბრძოლა თვითგადარჩენისთვის. ვიღაცას უნდა ერჩინა ოჯახი, გამოეკვება მშიერი ბავშვები, მოხუცები და უსახსროდ დარჩენილი კაცები. აგონიაში ჩავარდნილ ქვეყნის ერთადერთი გამოსავალი გახსნილი საზღვრები იყო. და რა თქმა უნდა ეს საქმეც საკუთარ თავზე ქალებმა აიღეს. 90 იანების მეორე ნახევრიდან ქართველმა ქალებმა აქტიურად დაიწყეს მიგრირება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოში წითელი დიპლომით მოამაყე ქალები ევროპელების მსახურნი გახდნენ. 2000 წლიდან მიგრაცია უფრო პოპულარული გახდა, ოჯახიდან იყიდებოდა ყველაფერი ღირებული, იღებოდა უამრავი ვალი რათა ოჯახის ერთ ქალს მაინც მოეხერხებინა ქვეყნის დატოვება და სხვა ქვეყნიდან ოჯახის შენახვა. 
       ეს პროცესები დღემდე გრძელდება და ჩვენს ირგვლივ გაჩნდნენ ბავშვები, რომლებსაც დედა არ უნახავთ, ქმრები, რომლებიც ცოლის გამოგზავნილი ფულით არსებობენ და ქვეყანა, რომლის ეკონომიკის დიდი წილი გზავნილებზე დგას. ქართველმა ემიგრანტმა ქალებმა გადაარჩინეს საქართველო შიმშილს და ამას დღემდე აგრძელებენ.  
       ხშრად ისმის მოსაზრება, თითქოს ქალები იმიტომ მიდიან, რომ მათთვის სამუშაოს შოვნა ბევრად მარტივია, თითქოს ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ. მაგრამ ამ დროს ავიწყდებათ თქმა, რომ ქალები ძლიერები არიან, ისინი გაუსაძლის პირობებში შრომობენ, რათა უსაშველოდ მონატრებულ ოჯახს კომფორტი, ხოლო სამშობლოს დოვლათი შეუქმნან. დღეს საქართველოს მთავარი დასაყრდენი ემიგრანტი ქალები არიან, ისინი არიან ქალები რომლებმაც საქართველო გადაარჩინეს. 

Thursday, February 16, 2017

ლიოსას სულ სხვანაირი სიყვარული

      ბოლო დროს უფრო ხშირად ვწერ ვიდრე ვკითხულობ, არა და მომენატრა სხვა სამყაროში ცხოვრება, მაგრამ არ ვიცი რა მჭირს ვიწყებ კითხვას და....
     ახლა ვფიქრობდი რა წავიკითხო ცოტა ხნით მაინც რომ დამკარგოს მეთქი და გამახსენდა. წიგნი რომელმაც ჩემთვის სიყვარულის იდეა შეცვალა, რომელმაც ბევრი მაფიქრა და აქამდე არსებული ილუზიების გადასხვაფერება მაიძულა. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა და მისი რომანი "ცუდი გოგოს ოინები", ამბავი ცხოვრებისეული სიყვარულისა, რომელიც უფრო მეტად გვტკენს ვიდრე გვაბედნიერებს. დამსხვრეული რომანტიული სიყვარულის მითი და პრაგმატიზმს შეჯახებული გრძნობები.
      ერთხელ ძალიან შეყვარებული ვიყავი და მაშინ მეგობარმა მითხრა, სიყვარული ტკივილია და რაც უფრო მეტად გტკივა, მეტად გსიამოვნებსო. ხო და ასეთ სიყვარულზე ყვება ლიოსა, ერთ ცუდ გოგოზე, რომელიც მუბრალოდ უყვარდა "კარგ ბიჭუნას". ამ სიტყვებით მოიხსენიებს მთავარ გმირებს ავტორი და თუ გეგონება ამით კლიშეებს ამყარებს, ცდები! ის უბრალოდ ცხოვრების ცუდ და კარგ მხარეებზე საუბრობს.
      მეოცე საუკუნის ეპატაჟური ცხოვრება, მსოფლიოს დიდ ქალაქებში იშლება და ჩვენში უამრავ კითხვას აჩენს, კითხვებს რომლებიც ხშირად უპასუხოდ რჩება. "როგორია სიყვარულის ნამდვილი სახე?" ეს კითხვა ლიოსამ წიგნის ყოველი წინადადების უკან დამალა და პასუხიც თავად გასცა - მარადიული(!)
          "მთელი ღამე მიამბობდა ამ ყველაფერს,ხანგრძლივი საუბარი იყო, ლოგინზე ვიწექით, ის სხეულით მეკროდა. ჩაცმული იყო. დროდადრო ჩუმდებოდა იმისთვის, რომ მეკოცნა და მეთქვა როგორ მიყვარდა." ასე სრულდება რომანი, რომელიც გაჟღენთილია დიდი ვნებითა და ტკივილით.
             წიგნი უჩვეულოდ ძლიერ სიყვარულზე, გასაოცრად საინტერესო ქალზე და რომანის გმირების არაორდინალურ ურთიერთობაზე. წიგნი სულ სხვანაირ სიყვარულზე.
       
          რჩევა: წიგნის კითხვა დაიწყეთ მხოლოდ იმ ადამიანებმა ვინც ზღაპრებს აღარ კითხულობთ და ვარდისფერი სათვალეც უკვე მოიხსენით :)

P.S. მე კი ისევ მივუბრუნდები ყველაზე უჩვეულო რომანს <3

Saturday, February 11, 2017

საუბარი უცნობთან

ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა , მაგრამ ხანდახან გვაქვს დრო გრძნობების გაშიშვლების, ფიქრების ხმამაღლა წარმოთქმის და გულწრფელობის.
     გიყვარდაო? ხშირად უკითხვთ და ალბათ მიყვარდა, მიყვარდა რამდენადაც ეს შემეძლო. მისი სითბო და მისი განცდილი გრძნობები მეხვია გარს. დიდხანს ძალიან დიდხანს მის ნასუნთქვს ვსუნთქავდი. ხანდახანე მეგონა მისი ფიქრებიც კი მესმოდა. არ ჰგავს ხომ რეალობას? არც მე მეჯერა მის მიმართ ჩემი ასეთი სიგიჟე. თითქოს ასე იყო.
      იყო და გაქრა?
      არა დაიმალა...
სადღაც ჩემს გულსა თუ გონებაში გადაიმალა და მხოლოდ ხანდახან თუ გამოიპარება მისი სუნი. კი, ჩემთვის მეტისმეტად მისტიურია მისი სუნი, თითქოს ამას ებმის მასთან გატარებული ყოველი წუთი.
      ახლა?
      ახლა ნაწყენი ვარ, მასზე კი არა, ჩემს თავზე ვარ ნაწყენიც და გაბრაზებულიც. როგორ გავუშვი, როგორ დავთმე.....
აი, ახლაც ვგრძნობ მის სუნს. დიდი ხანია წავიდა მაგრამ მაინც ვგრძნობ.
კი, ნამდვილად გავგიჟდი......
       ახლა მეჩემება, ჩემებურად მეთბილება და მებედნიერება მისი არსებობა. უჩემოდ გასულ ვერცერთ წამს ვერ ვპატიობ.....
        და მაინც,
       დაბრუნდება, სულ ასე მგონია დაბრუნდება ისე დამტოვა....

Thursday, February 9, 2017

გოგონა რომელსაც სამშობლო წაართვეს


      ზღაპრები ჩემთვისაც ისევე როგორც ყველასთვის ბებიასთან ასოცირდება, ბებია იყო ის ვინც მუდმივად მამარაგებდა საინტერესო ამბებით და იცით ყველაზე მეტად რაში გამიმართლა? ეს ზღაპრები რეალური იყო, ალბათ ცოტ ცოტას ალამაზებდა, მაგრამ მაინც ცხოვრებასთან ძალიან ახლოს იყო.
ყველაზე მკვეთრად კი მისი ბავშვობის ისტორია ჩამრჩა ჩემს ბავშვურ მოგონებებში.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყოფილა ჩემი დიდი პაპა, ხო და გერმანელებს ჩავარდნია ტყვედ. ომის დასრულების შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლებამ მოღალატედ ჩათვალა და ოჯახის გადასახლების გადაწყვეტილება მიიღო. დეკემბრის ერთ ღამეს სადამსჯელო კომისია მივიდა ოჯახში, ტყვეობა გამოვლილი ომის მონაწილე მცირეწლოვან შვილებთან და მეუღლესთან ერთად აიძულეს მიეტოვებინა საკუთარი ხელებით აშენებული სახლი, ძლივს მოქონიებული ნივთები და სადღაც უცხო მხარეში გადახვეწილიყო.
     საბარგო მატარებელში უსულო არსებებივით შეყარეს ოჯახი და ყაზახეთის გზას გაუყენეს.
ბებია სევდა ნარევი სიცილით იხსენებს ხოლმე, გაბრაზებული ცრემლიანი თვალებით ვაგონის კედელზე ვაწერდი სიკვდილი დიდ სტალინსო. 

       10 დღე და ღამე მივდიოდით ცივი გაყინული მატარებლით და არავინ იყო ჩვენი მომკითხავი, საპირფარეშოც კი არ გვქონდა, ჩვენთან ერთად ერთი ხელმარჯვე კაცი იყო, მან ვაგონს ძირი გაუხვრიტა ფანერებით შემოსაზღვრა და იმას ვიყენებდითო.
ყაზახეთი კი ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო, არაფერი ნაცნობი და ახლობელი. პატარა წკარიც კი არ ჩანდა რითიც ბედნიერად ვიგრძნობდით თავს. ერთად ერთი სილამაზედ აყვავებულ ბამბის პლანტაციებს აღვიქვავდითო.
     ასე უცხო მარტოობაში გავიდა 4 წელზე მეტი და სტალინის გარდაცვალებასთან ერთად ჩვენი თავისუფლებაც გვამცნეს და სახლში დაგვაბრუნესო.
ბოლოს კი ძლივს შეკავებულ ცრემლებს გზას მისცემს და მეტყვის ხოლმე თვალებს მაგრად ვხუჭავდიდა წარმოვიდგენდი, რომ ჩემს თელავში, ჩემი ჭადრების ჩრდილში დავრბოდი და მხოლოდ ეს იყო ის სანთელი რომელიც სიცოცხლეს მინარჩუნებდაო.
P.S. სევდიანი მაგრამ ჩემთვის ძალიან თბილი ზღაპარია. ამბავი 12 წლის გოგოსი რომელსაც სამშობლო წაართვეს :)

Tuesday, February 7, 2017

ქალური ღირსება

    ჩვენში არსებობს სტერეოტიპები, რაღაც კონკრეტული ცნებების ჩვენეული განმარტებები, არსებობს საზღვრები რომლებშიც ვექცევით და სხვებსაც ვაიძულებთ დაიცვას ეს საზღვრები. ერთმანეთს ვაკრავთ იარლიყებს და ჩვენივე ღრმა რწმენით სამართლიანად ვიქცევით.
     არჩევანის თავისუფლება ის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უპირობოთ უნდა ვიცავდეთ, მაგრამ ახლა ჩვენთან მოდაში სხვის საწოლში ქექვაა. და ეს "სხვა" რა თქმა უნდა ქალია. საზოგადოებრივი განხილვის საგანია უპირველესად ქართველი ქალის ღირსება, საქალწულე აპკი.
     ზოგისთვის შესაძლოა ეს არარეალური იყოს, მაგრამ დღეს დედამთილები ქორწინების ღამის შემდეგ კვლავ ამოწმებენ წყვილის თეთრეულს, მცირედი ფლირტის დროსაც კი ბიჭის ოჯახის წევრები "გაიკითხავენ" ქალის სახელს (ვაი და ოჯახი სახელგატეხილმა წაუბილწოს). დღეს ჩვენს ირგვლის ისევ არსებობს სტატუსი: "მონატაცები", "შეცდენილი".
    ქალს არ გააჩნია არჩევანის თავისუფლება, მუდმივად განიცდის საზოგადოების ზეწოლას, მის ნაცვლად გადაწყვეტილებას იღებს ოჯახი, სამეზობლო, კეთილისმსურველები. ქართველი ქალი ვალდებულია ჩაიკეტოს ამ დახურულ წრეში და დაჰყვეს საზოგადოების ნებას. ხშირ შემთხვევაში ქალების ცხოვრების წარმმართველები მამები და ძმები არიან. კაცს აქვს პრივილეგია არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების თავისუფლად მართვის, არამედ ოჯახის წევრების ნაცვლადაც გადაწყვეტილების მიღების. მაგრამ ყველაზე საოცარი ალბათ ის არგუმენტებია, რომლითაც ამართლებენ ამ ყველაფერს. ხშირად გსმენიათ ალბათ "ოჯახის შემარცხვენელი", სწორედ ასე მოიხსენიებენ იმ ქალებს ვინც არ დაემორჩილა კაცურ გადაწყვეტილებებს, მოიქცა საკუთარი სურვილებისამებრ, თავად გადაწყვიტა.
         ქალები არიან თავისუფლები და უმთავრესია ქალებმა მთლიანად შევიგრძნოთ ეს თავისუფლება. თავად ავიდგათ ფეხი, დავეცეთ და კვლავ წამოვდგეთ იმ გზაზე რომელზეც საზოგადოებამ უამრავი დაბრკოლება შეგვიქმნა.

Wednesday, February 1, 2017

გოგონები აუხდენელი ოცნებით

     როდესაც სკოლა დავამთავრე ჩემს ირგვლივ შეფარვით, მაგრამ მაინც დაიწყო საუბარი ჩემი დაოჯახების საკითხზე. თავდაპირველად ამ საკითხს ოჯახის წევრები განიხილავდნენ, ცოტა ხანში ფარულ კითხვები გაჩნდა ჩემს მიმართ, შემდგომ უკვე შესაფერისი კანდიდატის ძებნა დაიწყეს. ახლა იმ ეტაპზე ვართ, მოითხოვენ ჩემს გათხოვებას. ჩემს ირგვლივ ბევრი ქალია მსგავს მდგომარეობაში, ზოგი ვუძლებთ ამ შემოტევებს, ზოგს პერიოდული ნერვული აშლილობა გვემართება (:D ), ზოგი კი უჯერებს "კეთილისმსურველების" რჩევებს და ქმნის ოჯახს.
   ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც ქალი დროულად უნდა გათხოვდეს, სადაც კაცი დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას თუ როგორი გოგო შეუყვარდეს, ჩვენთან ფინანსურად ძლიერ ოჯახში გათხოვება - "კარგად გათხოვებაა".
     ერთ წელზე მეტია მარტო ვცხოვრობ და იგივე დროა ოჯახის წევრებისგან ვისმენ ფრაზებს რომლის მნიშვნელობასაც ვერ ჩავწვდი: "მარტო ცხოვრებას არ სჯობია გათხოვდე?", "გათხოვდი და ქმარი მაინც გეყოლება მისახედი", "ასე მარტო რომ ცხოვრობ როგორღა გათხოვდები".  ჩემი ჭკუის დარიგებას არ დასჯერდნენ და პრევენციისთვის მეზობელს სთხოვეს ყურადღების მოქცევა, რაც გამოიხატება ჩემს სახლში შემსვლელ-გამსვლელის კონტროლით. პიროვნული თავისუფლება საჭიროებს საზღვრებს, ასე ფიქრობენ ჩვენს ირგვლივ და ჩვენც იძულებულნი ვართ ვიბრძოლოთ ამ კედლის დასანგრევად ან უბრალოდ დავივიწყოთ საკუთარი თავი.
     ბევრი გოგონა სწავლობდა, გეგმავდა საკუთარ მომავალს, მაგრამ საზოგადოებამ და ოჯახმა აიძულა ეცხოვრა იმ ჩარჩოებში რომელსაც თავად უწესებენ. მათ ჰქონდათ მიზნები, ჰქონდათ შესაძლებლობა, ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ მიატოვეს, დათმეს და დარჩნენ ჩაკეტილ წრეში, რომელსაც საზოგადოება ასე მყარად იცავს და აშენებს.
     საზოგადოებაში ბოლო პერიოდში შეიქმნა ილუზია, თითქოს ადამიანი თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებასა და პირადი ცხოვრების მართვაში, მაგრამ ამაზე საუბრისას ხშირად გვავიწყდება ის უხილავი ჯაჭვები რითიც ქალები გვყავს შებორკილი და არ ვაძლევთ თავისუფლებას. ჩვენ საზოგადოებრივ ქორწინებაში ვართ, ჩვენს ირგვლივ (და ალბათ მათ შორის ჩვენც) უამრავი გოგონაა, უამრავი აუხდენელი ოცნებით და არასასურველი ქორწინებით.

Sunday, January 22, 2017

ქალთა სექსუალური დისკრიმინაცია




საქართველოს ქუჩებში რთულია სიარული, განსაკუთრებით რთულია ქალებისთვის. მუდმივი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან ქალები საზოგადოების მხრიდან. ეს ყველაფერი კი უფრო მკვეთრად ჩანს საქართველოს რეგიოებში. თუ კი ოდესმე გაივლით ქართულ ქუჩებში აუცილებლად შეამჩნევთ ქალების თავდახრილ სიარულს და მათ მიმართ მიპყრობილ მშიერ მზერას კაცების მხრიდან.
  დიდი ხანია უკვე შებინდებულზე არ გავსულვარ ქუჩაში. რთულია არ შეიმჩნიო მანქანებიდან გადმოყუდებული კაცების მზერა, ხშირია შემთხვევები როდესამ მხოლოდ ყურებას არ ჯერდებიან და მანქანით გვერდით მოგყვებიან. ასეთ დროს გიჩნდება უარავი კითხვის ნიშანი და შიში, ვერ ხვდები რისი გეშინია მაგრამ მაინც ცდილობ მეტ ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში იარო, თითქოს ამით თავს იცავ. დადიხარ თავდახრილი შეურაცყოფის გაურკვეველი გრძნობით და ნანობ საერთოდ, რომ გამოხვედი ქუჩაში.
ამას კიდევ ემატება ჩაცმის პრობლემა. საზოგადოება გიწესებს ჩაცმის სტილს და ვალდებული ხარ ეს სტანდარტი ბოლომდე დააკმაყოფილო, ხოლო თუ შემთხვევით გადაცდომა მოგივიდა მანქანით მადევრების რაოდენობა ორმაგდება და ამას ემატება კომენტარები, რომელიც იძულებული ხარ არ შეიმჩნიო, იმიტომ რომ ქალი ხარ. იმიტომ რომ არც კანონი და არც საზოგადოება არაა შენს მხარეს. 
  საზოგადოება ამ ყველაფერს კი ნორმალიზებულად უყურებს. ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, მენტალიტეტის თუ რაიმე სხვის გამო ქალებს ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, ხოლო ქალების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებები არ აღიქმება დანაშაულად. ქალთა სექსუალური შევიწრვება საქართველოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი, ეს პუნქტი არ არის გათვალისწინებული არც ანტიდისკრიმინაციულ კანონში. 
   რა არის გამოსავალი? სად უნდა ვეძებოთ ქალებმა სამართალი? როგორ შევზღუდოთ ქალთა დისკრიმინაცია? და კიდევ მრავალი კითხვა მიჩნდება, როდესაც ქუჩაში ჩემს მიმართ ხორციელდება მსგავსი ქმედებები. პასუხი კი მხოლოდ ერთი მაქვს სოლიდარობა (!). იმ პირობებში როდესაც ქალებს არ გვაქვს საკანონმდებლო მხარდაჭერა, ჩენ მხოლოდ ერთმანეთი დაგვრჩენია. გაძლიერებული სოლიდარობის გრძნობით არის მხოლოდ შესაძლებელი, უპირველესად შევამციროდ ქალთა სექსუალური დისკრიმინაცია და ხელისუფლება ვაიძულოთ გახდნენ მეტად მგრძნობიარენი გენდერული საკითხების მიმართ და ქალთა სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია გახდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დასჯადი.

Sunday, January 15, 2017

ქალები ქართულ პოლიტიკაში


      2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თუ გადავხედავთ, მოპოვებული მანდატების  კატასტროფულად მინიმალური რაოდენობა ერგოთ ქალებს. ეს ფაქტი რა თქმა უნდა განპირობებულია იმითაც, რომ წამყვანი პოლიტიკური პარტიების სიის სათავეებში არ იყვნენ ქალები, რამაც თავისთავად შედეგი განაპირობა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ საქართველოში ქალები არც ისე პასიურები არიან, არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 55% ქალები წარმოადგენენ. წინა საარჩევნო პროცესებში ჩართული ქალების რაოდენობაც მკვეთრად აღემატება აქტიური კაცების რაოდენობას. მიუხედავად ამ მაჩვენებლისა ქალები პოლიტიკური პარტიების წამყვან პოზიციებზე იშვიათად ხვდებიან
     საქართველო პატრიარქალური ქვეყანაა თავისი არსით, ის ეგრეთ წოდებული ტრადიციებიც რომელიც დღემდე შემოგვრჩა ქალების პირდაპირ დისკრიმინაციას ეწევა. ქართული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქალი მხოლოდ ოჯახში უნდა იყოს, ხდება მიზეზი იმისა, რომ ქართველ ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა ქვეყნის მართვის სადავეებში ჩაერთვან. ბოლო პერიოდში გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მომრავლებასა და სხვადასხვა გენდერული პროექტების განხორციელებას თითქოს ხელი უნდა შეეწყო ქალების დაწინაურებისთის პოლიტიკაში, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
       გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის. თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქითდემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესი. მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.
     საუკუნეების მანძილზე დარღვეული თანასწორობის აღდგენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიებით ებრძვიან. გენდერული კვოტა _ იდეა მოიაზრებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან. იგი ეფექტური საშუალებაა გენდერული უთანასწორობის მისაღწევად, რაც ქვეყანაშიწარმომადგენლობითი დემოკრატიისბაზისს ქმნის. კვოტირების სისტემა დროებითი, იძულებითი, ხელოვნური ღონისძიებაა, მაგრამ, რადგანაც ქალთა ჩართვა სახელმწიფოს მმართველ სტრუქტურებში მრავალ ბარიერთანაა დაკავშირებული, კვოტირება, როგორც იძულებითი ზომა, ამ ბარიერების გადალახავს ემსახურება. კვოტირების თეორია წარმომადგენლობით პრინციპს ემყარება. ამ არგუმენტაციის თანახმად, რადგან მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები წარმოადგენენ, ლოგიკურია, რომ მოსახლეობის ამ ჯგუფს შესაბამისი წარმომადგენლობა ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. წარმომადგენლობითობის თეორიასთან ერთად პოპულარულია რესურსების გამოყენების თეორიაც, რომლის მომხრეებსაც მიაჩნიათ, რომ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებულ ღირებულებებს, ხედვებსა და გამოცდილებას შემოიტანენ, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს პოლიტიკურ პროცესებს.
      ამ არგუმენტაციამ უკვე მრავალი წელია მხარდაჭერა ჰპოვა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში: ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში ნებაყოფლობით დააწესეს კვოტირების სისტემები ქალებისათვის; უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კვოტირება დამკვიდრდა საფრანგეთში, ესპანეთში, ჰოლანდიასა და ლათინური ამერიკის 11 ქვეყანაში. 2002 წელს ნორვეგია უფრო შორს წავიდა, როდესაც 2008 წლისათვის კომპანიების დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალებისათვის 40%-იანი კვოტა დააწესა. ანალოგიური კანონი მიიღო საფრანგეთის პარლამენტმაც, რომელმაც 2016 წლისათვის ფრანგული კომპანიები დირექტორთა საბჭოების შემადგენლობაში ქალთა მინიმუმ 40 პროცენტამდე გაზრდით დაავალდებულა. ამჟამად ანალოგიური კანონები მუშავდება გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
        2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან და საინიციატივო ჯგუფებისგან საქართველოს პარლამენტში შევიდა ორი კანონპროექტი კვოტირების სისტემის დანერგვასტან დაკავშირებით. ერთი ინიციატივა ითვალისწინებდა 50% კვოტირებას, ხოლო მეორე 30%. პარლამენტმა განსახილველადმხოლოდ ერთი კანონპროექტი გაიტანა 30% კვოტირების სისტემით, რომელმაც ვერ ჰპოვა პარლამენტის მხარდაჭერა. შედეგად მივიღეთ ისევ დაუბალანსებელი პარლამენტი, რომელშიც 150 დეპუტატიდან მხოლოდ 24 იქნება ქალი. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით კი საქართველო 185 ქვეყნიდან  115- ადგილს იკავებს. თუ გადავხედავთ პოლიტიკური პარტიების სიებს ნათლად ჩანს რომ პარტიებმა დამატებით საბიუჯეტო  დაფინანსების მოპოვების მიზნითაც არ გაითვალისწინეს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა.
          საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა ჩადგეს იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ასეთი ინიციატივები ჯერ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, ხოლო შემდგომ პოლიტიკურ კურთხევას მოიპოვებს. სანამ ქალებისათვის კვოტირების შემოღებაზე საქართველოში აქტიური დებატების ნიადაგი მომწიფდება, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საზოგადოების, განსაკუთრებით .. “აზრის შემქმნელებისადაგადაწყვეტილების მიმღებებისმიერ პრობლემისა და მისი თანამდევი შედეგების გაცნობიერება სრული მასშტაბით. გენდერული თანასწორობა არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს, ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ შეიქმნას სტაბილური გარემო, ეკონომიკური ზრდა, თანასწორობის კულტურის ჩამოყალიბება და ყველა იმ დემოკრატიული ღირებულებების ქმედებაში მოყვანა რაც ქვეყნისთვის იქნება საკეთილდღეო.