Showing posts with label დისკრიმინაცია. Show all posts
Showing posts with label დისკრიმინაცია. Show all posts

Thursday, May 3, 2018

რელიგიური გრძნობები




თელავი ქალაქია სადაც საიდუმლო არ არსებობს, ხო და ცოტა ხნის წინ თელავში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა.
ერთ ერთმა სასულიერო პირმა აღსარების ჩაბარების დროს სექსუალური კავშირი დაამყარა მრევლთან, ფაქტზე წაასწრო მრევლის ქმარმა და თავად მიხვდებით რა ამბავი მოჰყვებოდა ამას. მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი ისაა რომ სასულიერო პირს არანაირი სანქცია არ დაჰკისრებია.
დღეს ალავერდთან გავიარე, ამ მრავალსაუკუნოვან სიდიადედთან და გამახსენდა ეს ისტორია. შემდეგ გვერდით ხალხმრავლობა შევნიშნე და გამახსენდა რომ იქვე არსებობს მაწვნის სახლი და ღვინის ქარხანა, რომლებიც არანაირი გადასახადების გადამხდელნი არ არიან, ყველაზე იაფი მუშა ხელი ჰყავთ და ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი აქვთ.
მეხსიერებაში კიდევ ერთი ფაქტი ამომიტივტივდა, თელავის საკრებულოებისგან როგორ ითხოვდა ალავერდის მეუფე შუამთის ტყის ტერიტორიის მათ საკუთრებაში გადაცემას. 
ასევე როგორ ითხოვდა იგივე მეუფე ახმეტის მუნიციპალიტეტისგან, ტუალეტის ქაღალდის ღირებულების (250 ათასი ლარის) გამოყოფას. 
თვალწინ დამიდგა ის მრავალათასიანი ჯიპები, რომლიდანაც ასეთი დიდი სიამაყით გვლოცავენ შიმშილისგან სულდაღაფულ ერს.
ჯვრისწერისა და ნათლობის "სტავკები", რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იმატებს.
ბოლოს ციანიდი, საპატრიარქო ტახტის გაუნაწილებლობა, უმცირესობების ჩაგვრა.....

კიდევ შეიძლება ჩამონათვალის გაგრძელება მაგრამ რა აზრი აქვს, როდესაც სულ მალე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონი გვექნება.

ის ფაქტი რომ ყველა ხელისუფალისთვის ხელსაყრელია მეტი რეგულაციისა და ცენზურის დაწესება ეს გავიგე, მაგრამ როდესაც მსგავსი რეგულაციების ინიციატორია ის რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც თავის საწყისებში თავისუფლებას გულისხმობდა, რომელიც ლიბერალიზმს და შემწყნარებლობას ქადაგებდა გაუგებარია სად დაკარგა თავისი ფუნდამეტური არსი.

მსმენია არ განიკითხო და არ განიკითხებიო და იმედი მაქვს ამ პრინციპს დაიცავენ კანონშემოქმედნი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის დამუშავებისას.

Wednesday, March 7, 2018

8 მარტი ყვავილებისთვის



მოდით ცოტა ხნით დავივიწყოთ სადღეგრძელოები და გულწრფელად ვთქვათ, რომ ქალი და კაცი თანასწორნი იბადებიან.
დაბადებისას ქალიც და კაციც ტირიან პირველი ჰაერის ჩასასუნთქად, მაგრამ თითქოს აქ მთავრდება თანასწორობა.
კაცი გვარის გამგრძელებელია, ქალი წამსვლელი.
კაცი ძლიერი და მებრძოლი უნდა გაიზარდოს, ქალი ნაზი და დამჯერი.
კაცმა უნდა ისწავლოს, ქალი გათხოვდება და რათ უნდა.
კაცს შეუძლია მეგობრებთან დრო ისე გაატაროს როგორც უნდა, ქალი შებინდებამდე სახლში უნდა იყოს (რას იტყვის ხალხი).
კაცს აუცილებელია ჰქონდეს მრავალი სექსუალური თავგადასავალი, ქალი ვალდებულია ქალიშვილობა შეინარჩუნოს უკიდურეს დრომდე.
კაცს შეუძლია ღალატი, ქალი ღალატისთვის სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
კაცმა უნდა იმუშაოს, ქალმა ოჯახს მიხედოს.
კაცს შეუძლია ქალზე იძალადოს, ქალი მორჩილი უნდა იყოს.
კაცს შეუძლია აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთოს, ქალები ამაში იზღუდებიან.
და ეს ციკლი უსასრულოდ გრძელდება. კაცს რაღაც შეუძლია, ქალს არა.
რატომ? იმიტომ რომ ის კაცია და ის ქალი.
ყოველ 8 მარტს კი ის კაცები, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ ორი ღერი ყვავილით შეიარაღებულნი სხდებიან იმ ქალების მიერ გამზადებულ სუფრაზე, დიდი ყანწითა და მაღალფარდოვანი სიტყვებით სვავენ ამ ქალების სადღეგრძელოს, ხოლო ძილის წინ საწოლში იმ ორ ღერ ყვავილსაც ამადლიან.
უნდა აიკრძალოს 8 მარტს ყვავილების გაყიდვა! უნდა გადაიმალოს ყველა ყვავილი. იქნებ როგორმე გამოვიდეთ ყვავილების ეპოქიდან და თანასწორობის ეპოქაში შევაბიჯოთ.


Wednesday, November 8, 2017

საარჩევნო ბულინგი


არჩევნების ციებ-ცხელებამ ჩაიარა და ახლა უფრო ნათლად ვხედავ და ვიაზრებ იმ პროცესებს რაც არჩევნებს თან სდევდა. ის რთული გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე ვიცოდი რომ გარკვეულ სტრესთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ ამხელა ზეწოლის გადატანა მომიწევდა. თავდაპირველად იყო არასერიოზული დამოკიდებულება ჩემი გადაწყვეტილების მიმართ, როგორ შეიძლებოდა 25 წლის ადამიანს მიეღო ამხელა გამოწვევა და თან ქალს, ქალს რომელსაც არ ჰყავდა ქმარი (პატრონი). რამდენიმე დღეში მთავარ პრობლემად, სწორედ ჩემი სქესი წარმოჩნდა. ჩვენი საზოგადოება მიჩვეულია, რომ პოლიტიკაში მყოფი ქალი მასკულინირებული უნდა იყოს. მას სრულიად უნდა ჰქონდეს დაკარგული ქალურობა და სექსუალობა. მე ამ შემთხვევაში ერთ ერთი გამონაკლისი აღმოვჩნდი. მე ვიყავი მერობის კანდიდატი რომელიც თამამად წერდა თავის გრძნობებზე, ხშირად დებდა ფოტოებს, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო, ჰქონდა იმის გამბედაობა საჯაროდ გამოექვეყვებინა ნახევრად შიშველი ფოტოები და თვლიდა რომ ეს პოლიტიკასთან არანაირ ბმაში არ იყო. თავდაპირველად რამდენიმე ონლაინ მედიამ დაწერა ჩემს კანდიდატურაზე და თან დაურთო ჩემი ფოტოები, რომლებიც ძირითადად აუზზე და ზღვაზე იყო გადაღებული, ამას მოჰყვა უამრავი უხამსი და შეურაცმყოფელი კომენტარი. ჩემს სექსუალურ ცხოვრებაზე აქტიური დისკუსიები იმართებოდა თითქმის ყველა პარტიაში. ახლა არჩევნებმა ჩაიარა და ვიხსენებ ყველა იმ ფაქტს რომელიც ამ ორი თვის განმავლობაში მოხდა, მესმის ქალების ვინც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ჩაერთვება. რთულია აიტანო და არ შეიმჩნიო ამხელა დისკრიმინაცია, გარკვეულ და არც თუ ისე მცირე კვალს მაინც გამჩნევს ამდენი უარყოფითი და შეურაცმყოფელი საუბარი შენზე. ყოველი სირთულე გვაძლიერებს, და მე ზუსტად ვიცი რომ მიუხედავად ამდენი ნეგატივისა ყოველთვის ვიქნები აქტიური ქალი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში, ყოველთვის ვიქნები ის "მოკლეკაბიანი" და "ღრმა დეკოლტიანი" ქალი, რომელიც არ თრგუნავს საკუთარ ემოციებს, არ მალავს სექსუალურობას, არ თამაშობს "მამაკაცურ თამაშებს" და უბრალოდ ყოველთვის ხმამაღლა ამბობს თავის სათქმელს.




ვი


Monday, March 13, 2017

ქართველი ქართლის დედა

   
      არ ვიცი როდის და რატომ მაგრამ საქართველოში ქართლის დედა შეიქმნა ქალის ხატად. ერთი შეხედვით ის ძლიერ ქალად წარმოგვიდგება და სრულიად საქართველოს აზრით ეს ასეც არის. ამ მოცემულობაში ვაწყდებით ერთ შეუსაბამობას, თუ ქართლის დედა ძლიერი და ამავდროულად "ღირსეული" (როგორც ამბობენ) ქალის სახე-ხატია, მაშინ რატომ არ ეძლევათ ჩვენს ქვეყანაში ქალებს განვითარების უფლება? რატომ ცდილობს საზოგადოება ქალის როლის დაკნინებას და მის ჩაგვრას?
      ქვეყნის პატრიარქალურობიდან გამომდინარე, აქ ქალებს მუდმივად უწევთ კაცის ჩრდილს ქვეშ ყოფნა. თუ დავფიქრდებით საკუთარი გამოცდილებიდანაც მარტივად აღმოვაჩენთ, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ქალებს ბევრად მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ ვიდრე კაცებს. ქალები ბევრად შრომისმოყვარენი და ბეჯითები არიან. და რა ხდება შემდეგ? სად მიდიან ის ქალები რომლებმაც საშუალოდ 15 წელი შესწირეს სწავლა-განათლებას? ფაქტია ეს ქალები არ გვხვდებიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
      ჩვენს ირგვლივ ხშირად ვხვდებით მოსაზრებას, რომ ქალმა არა კარიერული წინსვლისთვის, არამედ შვილების კარგად აღზრდისთვის უნდა ისწავლოს. იქნებ ქართლის დედას სულაც არ ჰყავდა შვილები? იქნებ ის ძლიერი ქალის განსახიერებაა და არა სახლში "კუხნიდან-სპალნამდე" ჯაჭვზე გამობმული ქალის?! იქნებ ის არის სწორედ ის ქალი ვისაც შესწევს იმის კომპეტენცია მართოს პროცესები.
      ერთხელ ბიჭმა მითხრა, რომ მას გვერდით განათლებული ქალი მხოლოდ იმისთვის უნდოდა, რომ საზოგადოებაში თავი წარმოეჩინა და შვილები კარგად გაეზარდა.
ჩვენ ქალები, უბრალოდ გამზრდელები და კაცების აქსესუარები კი არა ძლიერი, განათლებული, საინტერესო და საოცრად ქარიზმატულები ვართ. 
ქართლის დედას კი იქნებ უფრო საინტერესო როლი მოვარგოთ, მოვარგოთ ქართველი ქალის როლი რომელიც ცვლის რეალობას. 

Tuesday, March 7, 2017

"გასალილიტებელი" 8 მარტი

   
მე მაინც ლილიტი მირჩევნია. ძლიერი, თავისუფალი ლილიტი. ქალი რომელიც თავად წყვეტს თავის ბედს. სწორედ ის არის ქალურობის საწყისი ყოველ ჩვენგანში, ის გამოძახილი რომელსაც ხშირად ვთრგუნავთ და სადღაც ჩვენში ყველაზე მიკარგულ კუთხეში ვმალავთ. 
     ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ქალს ბევრი რამ მოეთხოვება, რომ ქალი სუსტი სქესია, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ყველაფერი, რომ "ქართლისდედობა" უნდა შევითავსოთ. ჩვენთვის არასოდეს უთქვამთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ თავისუფალნი. 
       და იქნებ სწორეთ ამით არის გამოწვეული ის ძალადობა რომელიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ირგვლივ. იქნებ ამ დაკანონებული აზრის გამო აძლევენ კაცები თავს უფლებას დაგვჩაგრონ. 
         დღეს ქალებს მილოცვების მიღებასთან ერთად უწევთ იმ დისკრიმინაციის ატანა, რომელიც უკვე ყოველდღიურ ჩვეულებად იქცა. ახლა ყვავილებთან ერთად ქალები თან დადევნებულ გინებას იღებენ. ეს ჩვეულებაა, ტრადიციაა. 8 მარტი ქალებისთვის ნაჩუქარი დღეა, დღე როდესაც თითქოს სულ მცირე პატივისცემას გვიწყალობებენ ხოლმე. 
         გვჭირდება კი ეს ყვავილები ანდა ძვირფასი საჩუქრები? იქნებ ამ დილით დავასრულოთ ეს სიმბოლიზმი და მოვითხოვოთ "ლილიტობა", მოვითხოვოთ თავისუფლება, მოვითხოვოთ ამ ძალადობის შეწყვეტა. უარი ვთქვათ ყვავილებზე და მის სანაცვლოთ ნების თავისუფლება მოვითხოვოთ. უარი ვთქვათ იმ ნეკნზე, რომელიც თითქოსდა ჩვენს გამო დაკარგეს და თანასწორობა მოვითხოვოთ. ყველგან, ყოველთვის, ყველაფერში, მკაცრად, ჯიუტად თანასწორობა მოვითხოვოთ. 
          შემდგეში "გალილიტებული" 8 მარტი მომელოცოს <3

Sunday, February 26, 2017

აუცილებელი "ქალიშვილობა"

       
 დიდი ხანია ვფიქრობ დავწერო თუ არა ამ საკითხზე და მაინც გადავწყვიტე...
        საქართველო კონსერვატიული და ამავდროულად პატრიარქალური ქვეყანაა და ალბათ ამიტომაც ეგრეთ წოდებული  "ქალიშვილობის ინსტიტუტი" კვლავ ინარჩუნებს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციას ურთიერთობაში. ბევრი ალბათ თვლის რომ ეს ასე აღარაა და ეს თემა უბრალოდ კამათისთვის არის წამოწეული, მაგრამ ფაქტები ბევრია.
        რთულია ისაუბრო კონკრეტული ადაიანების, კონკრეტულ ისტორიებზე, მაგრამ ვფიქრობ მაგალითები უკეთ გამოხატავს საკითხის მნიშვნელობას.
ხო და მოვყვები ისტორას:
       ჩემს კურსზე ერთი გოგო სწავლობდა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, ხშირად ვსაუბრობდით მეგობრები სხვადასხვა საკითხებზე და ჩვენს ამბებსაც ვუზიარებდით ერთმანეთს. ერთხელაც ეს გოგონა ანერვიულებული მოვიდა და სამეგობროს გაგვიმხილა, რომ  ერთ ბიჭს შეხვდა, ცოტა დალიეს, ახლა კი არ იცოდა ქალიშვილი იყო თუ არა და გვთხოვა ექიმთან გავყოლოდით ქალიშვილობის შესამოწმებლად.  ნათქვამმა ცოტა არ იყოს დაგვაბნია, მაგრამ ყველაზე მეტად გამაოცა იმ გადაწყვეტილებამ, რომ თუ ქალიშვილი არ აღმოჩნდებოდა აუცილებლად სულ რამდენიმე თვე მაინც ცოლად უნდა გაჰყოლოდა იმ ბიჭს. "განათხოვრის სახელი მაინც დამერქმევა და ხალხი აღარ იჭორავებსო"  
       ქორწინებამდე სექსის აკრძალვა არ ვიცი ტრადიციებიდან, რელიგიიდან თუ რაიმე სხვიდან მოდის, მაგრამ შედეგი გვაქვს უამრავი ნაადრევად შექმნილი ოჯახის დანგრევა, განადგურებული ფსიქიკის მქონე წყვილები და ბავშვები, რომლების ოჯახურ სითბოს არიან მოკლებულნი. მგონი უმჯობესია ხანდახან მაინც დავფიქრდეთ, ის ძალადობა რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება, ის დანაშაულებრივი ქმედებები რომლებსაც ოჯახები ხშირად ნორმირებულად წარმოაჩენენ, ის დეპრესიული თაობა რომელიც იზრდება, ხომ არ არის შედეგი იმ ჩარჩოების, რომელსაც ტრადიციების სახელით ვაწესებთ. განა კი გვინდა ტრადიციები, რომლებიც ფსიქიკურად დანგრეულ მოსახლეობას გვიქმნის?
     
        დღეს ხშირად ვსაუბრობთ "ქალიშვილობის ინსტიტუტზე" და ალბათ უმჯობესია, სწორი დეფინიცია შემოვიტანოთ რა და რატომ არის პრობლემა. ქალიშვილობა თავისთავად არ წარმოადგენს პრობლემას, ეს ცალკეული ინდივიდის პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც დარღვეული საქალწულე აპკის გამო იქმნება არასასურველი ოჯახები, რაც თავისთავში პოტენციურად ძალადობრივ ოჯახს გულისხმობს.
         ოჯახში ძალადობა ჩვენს ქვეყანაში ერთ ერთ მწვავე საკითხად დგას და მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ამის გამომწვევ მიზეზებზე, რათა მოვახერხოთ ძალადობის შემცირება.
რა იწვევს ამდენ დანგრეულ ოჯახს? რატომ ეგუებიან ქალები ძალადობას? 
დავსვათ კითხვები, განვსაზღვროთ პრიორიტეტები და ვიმსჯელოთ პრობლემის გადაჭრაზე.

Tuesday, February 7, 2017

ქალური ღირსება

    ჩვენში არსებობს სტერეოტიპები, რაღაც კონკრეტული ცნებების ჩვენეული განმარტებები, არსებობს საზღვრები რომლებშიც ვექცევით და სხვებსაც ვაიძულებთ დაიცვას ეს საზღვრები. ერთმანეთს ვაკრავთ იარლიყებს და ჩვენივე ღრმა რწმენით სამართლიანად ვიქცევით.
     არჩევანის თავისუფლება ის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უპირობოთ უნდა ვიცავდეთ, მაგრამ ახლა ჩვენთან მოდაში სხვის საწოლში ქექვაა. და ეს "სხვა" რა თქმა უნდა ქალია. საზოგადოებრივი განხილვის საგანია უპირველესად ქართველი ქალის ღირსება, საქალწულე აპკი.
     ზოგისთვის შესაძლოა ეს არარეალური იყოს, მაგრამ დღეს დედამთილები ქორწინების ღამის შემდეგ კვლავ ამოწმებენ წყვილის თეთრეულს, მცირედი ფლირტის დროსაც კი ბიჭის ოჯახის წევრები "გაიკითხავენ" ქალის სახელს (ვაი და ოჯახი სახელგატეხილმა წაუბილწოს). დღეს ჩვენს ირგვლის ისევ არსებობს სტატუსი: "მონატაცები", "შეცდენილი".
    ქალს არ გააჩნია არჩევანის თავისუფლება, მუდმივად განიცდის საზოგადოების ზეწოლას, მის ნაცვლად გადაწყვეტილებას იღებს ოჯახი, სამეზობლო, კეთილისმსურველები. ქართველი ქალი ვალდებულია ჩაიკეტოს ამ დახურულ წრეში და დაჰყვეს საზოგადოების ნებას. ხშირ შემთხვევაში ქალების ცხოვრების წარმმართველები მამები და ძმები არიან. კაცს აქვს პრივილეგია არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების თავისუფლად მართვის, არამედ ოჯახის წევრების ნაცვლადაც გადაწყვეტილების მიღების. მაგრამ ყველაზე საოცარი ალბათ ის არგუმენტებია, რომლითაც ამართლებენ ამ ყველაფერს. ხშირად გსმენიათ ალბათ "ოჯახის შემარცხვენელი", სწორედ ასე მოიხსენიებენ იმ ქალებს ვინც არ დაემორჩილა კაცურ გადაწყვეტილებებს, მოიქცა საკუთარი სურვილებისამებრ, თავად გადაწყვიტა.
         ქალები არიან თავისუფლები და უმთავრესია ქალებმა მთლიანად შევიგრძნოთ ეს თავისუფლება. თავად ავიდგათ ფეხი, დავეცეთ და კვლავ წამოვდგეთ იმ გზაზე რომელზეც საზოგადოებამ უამრავი დაბრკოლება შეგვიქმნა.

Wednesday, February 1, 2017

გოგონები აუხდენელი ოცნებით

     როდესაც სკოლა დავამთავრე ჩემს ირგვლივ შეფარვით, მაგრამ მაინც დაიწყო საუბარი ჩემი დაოჯახების საკითხზე. თავდაპირველად ამ საკითხს ოჯახის წევრები განიხილავდნენ, ცოტა ხანში ფარულ კითხვები გაჩნდა ჩემს მიმართ, შემდგომ უკვე შესაფერისი კანდიდატის ძებნა დაიწყეს. ახლა იმ ეტაპზე ვართ, მოითხოვენ ჩემს გათხოვებას. ჩემს ირგვლივ ბევრი ქალია მსგავს მდგომარეობაში, ზოგი ვუძლებთ ამ შემოტევებს, ზოგს პერიოდული ნერვული აშლილობა გვემართება (:D ), ზოგი კი უჯერებს "კეთილისმსურველების" რჩევებს და ქმნის ოჯახს.
   ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც ქალი დროულად უნდა გათხოვდეს, სადაც კაცი დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას თუ როგორი გოგო შეუყვარდეს, ჩვენთან ფინანსურად ძლიერ ოჯახში გათხოვება - "კარგად გათხოვებაა".
     ერთ წელზე მეტია მარტო ვცხოვრობ და იგივე დროა ოჯახის წევრებისგან ვისმენ ფრაზებს რომლის მნიშვნელობასაც ვერ ჩავწვდი: "მარტო ცხოვრებას არ სჯობია გათხოვდე?", "გათხოვდი და ქმარი მაინც გეყოლება მისახედი", "ასე მარტო რომ ცხოვრობ როგორღა გათხოვდები".  ჩემი ჭკუის დარიგებას არ დასჯერდნენ და პრევენციისთვის მეზობელს სთხოვეს ყურადღების მოქცევა, რაც გამოიხატება ჩემს სახლში შემსვლელ-გამსვლელის კონტროლით. პიროვნული თავისუფლება საჭიროებს საზღვრებს, ასე ფიქრობენ ჩვენს ირგვლივ და ჩვენც იძულებულნი ვართ ვიბრძოლოთ ამ კედლის დასანგრევად ან უბრალოდ დავივიწყოთ საკუთარი თავი.
     ბევრი გოგონა სწავლობდა, გეგმავდა საკუთარ მომავალს, მაგრამ საზოგადოებამ და ოჯახმა აიძულა ეცხოვრა იმ ჩარჩოებში რომელსაც თავად უწესებენ. მათ ჰქონდათ მიზნები, ჰქონდათ შესაძლებლობა, ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ მიატოვეს, დათმეს და დარჩნენ ჩაკეტილ წრეში, რომელსაც საზოგადოება ასე მყარად იცავს და აშენებს.
     საზოგადოებაში ბოლო პერიოდში შეიქმნა ილუზია, თითქოს ადამიანი თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებასა და პირადი ცხოვრების მართვაში, მაგრამ ამაზე საუბრისას ხშირად გვავიწყდება ის უხილავი ჯაჭვები რითიც ქალები გვყავს შებორკილი და არ ვაძლევთ თავისუფლებას. ჩვენ საზოგადოებრივ ქორწინებაში ვართ, ჩვენს ირგვლივ (და ალბათ მათ შორის ჩვენც) უამრავი გოგონაა, უამრავი აუხდენელი ოცნებით და არასასურველი ქორწინებით.

Sunday, January 22, 2017

ქალთა სექსუალური დისკრიმინაცია




საქართველოს ქუჩებში რთულია სიარული, განსაკუთრებით რთულია ქალებისთვის. მუდმივი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან ქალები საზოგადოების მხრიდან. ეს ყველაფერი კი უფრო მკვეთრად ჩანს საქართველოს რეგიოებში. თუ კი ოდესმე გაივლით ქართულ ქუჩებში აუცილებლად შეამჩნევთ ქალების თავდახრილ სიარულს და მათ მიმართ მიპყრობილ მშიერ მზერას კაცების მხრიდან.
  დიდი ხანია უკვე შებინდებულზე არ გავსულვარ ქუჩაში. რთულია არ შეიმჩნიო მანქანებიდან გადმოყუდებული კაცების მზერა, ხშირია შემთხვევები როდესამ მხოლოდ ყურებას არ ჯერდებიან და მანქანით გვერდით მოგყვებიან. ასეთ დროს გიჩნდება უარავი კითხვის ნიშანი და შიში, ვერ ხვდები რისი გეშინია მაგრამ მაინც ცდილობ მეტ ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში იარო, თითქოს ამით თავს იცავ. დადიხარ თავდახრილი შეურაცყოფის გაურკვეველი გრძნობით და ნანობ საერთოდ, რომ გამოხვედი ქუჩაში.
ამას კიდევ ემატება ჩაცმის პრობლემა. საზოგადოება გიწესებს ჩაცმის სტილს და ვალდებული ხარ ეს სტანდარტი ბოლომდე დააკმაყოფილო, ხოლო თუ შემთხვევით გადაცდომა მოგივიდა მანქანით მადევრების რაოდენობა ორმაგდება და ამას ემატება კომენტარები, რომელიც იძულებული ხარ არ შეიმჩნიო, იმიტომ რომ ქალი ხარ. იმიტომ რომ არც კანონი და არც საზოგადოება არაა შენს მხარეს. 
  საზოგადოება ამ ყველაფერს კი ნორმალიზებულად უყურებს. ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, მენტალიტეტის თუ რაიმე სხვის გამო ქალებს ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, ხოლო ქალების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებები არ აღიქმება დანაშაულად. ქალთა სექსუალური შევიწრვება საქართველოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი, ეს პუნქტი არ არის გათვალისწინებული არც ანტიდისკრიმინაციულ კანონში. 
   რა არის გამოსავალი? სად უნდა ვეძებოთ ქალებმა სამართალი? როგორ შევზღუდოთ ქალთა დისკრიმინაცია? და კიდევ მრავალი კითხვა მიჩნდება, როდესაც ქუჩაში ჩემს მიმართ ხორციელდება მსგავსი ქმედებები. პასუხი კი მხოლოდ ერთი მაქვს სოლიდარობა (!). იმ პირობებში როდესაც ქალებს არ გვაქვს საკანონმდებლო მხარდაჭერა, ჩენ მხოლოდ ერთმანეთი დაგვრჩენია. გაძლიერებული სოლიდარობის გრძნობით არის მხოლოდ შესაძლებელი, უპირველესად შევამციროდ ქალთა სექსუალური დისკრიმინაცია და ხელისუფლება ვაიძულოთ გახდნენ მეტად მგრძნობიარენი გენდერული საკითხების მიმართ და ქალთა სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია გახდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დასჯადი.