სარკის ანარეკლში....
ყოველი დილა, ჯერ კიდევ თვალები ფართედ რომ არ მაქვს გახელილი, პირველ ნაბიჯებს სარკისკენ ვდგავ. თავდაპირველად ბუნდოვანი ანარეკლი მესალმები, შემდეგ კი ნელ-ნელა გამოსახულება იფილტრება და ჩემს წინ სრულიად შიშველ ქალს ვხედავ. ოდნავ შესიებული თვალებით, გაწეწილი თმითა და სულელური ღიმილით. ხშირად ვაკვირდები ამ ქალს და თითქოს ყველაზე უკეთ მას უნდა ვიცნობდე, მაინც ყველაზე ამოუცნობია ჩემთვის. არა და ყველაზე უკეთ ვიცი მისი სხეული, მისი ხასიათი მაგრამ განცდებში ჯერ ვერ გავერკვიე.
უკვე 25წელია სარკესთან ვდგები და ვცდილობ დავინახო გრძნობებისგან შიშველი საკუთარი თავი, მაგრამ ამაოდ. ახლაც ვდგავარ სარკესთან და ვეძებ რაიმე თბილს, გულწრფელს, ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. მხოლოდ ღიმილი ჩანს სარკეში, რომელიც სხვა დანარჩენს ფარავს. ზოგჯერ ისე ძლიერ მომინდება ეს ღიმილი გავაქრო და მის უკან საგულდაგულოდ მიმალული სისულელეები დავინახო.
სარკის ანარეკლში ჩანს ქალი, რომელიც ჩემგან ისე შორსაა, თითქოს ის სხვაა და სხვას გრძნობს. ის საზოგადოებისთვის მისაღები ქცევების ქალია, საშუალო სტატისტიკური ქართველი ქალი, რომელსაც უხილავი ძაფები აქვს გაბმული ირგვლივ და მორჩილად მიჰყვება ამ გზას.
სარკის იქით კი რაღაც განსხვავებული ხდება, ღამის სიჩუმეში ქრება ხოლმე ღიმილიც, ის უხილავი ძაფებიც და საზოგადოებრივი წესრიგიც. ალბათ ოდესმე დილითაც დავაღწევ თავს სარკის ანარეკლს, მოვიშრებ ღიმილსაც და უბრალოდ ვიქნები მე........
0 comments:
Post a Comment