მე ერთი პატარა ქალაქიდან ვარ, ქალაქიდან სადაც თელაველობა პასუხისმგებლობად ითვლება. თელავის ძველებურ და პატარა ქუჩებში ერთხელაც რომ გაიარო დაინახავ ამ ქალაქის განუზომელ სითბოსა და სიყვარულს. ეს ქალაქია, რომლის ყოველი კუთხიდან დიადი კავკასიონისა და მრავალფერადი ალაზნის ველის ერთიანობას მოჰკრავ თვალს. რთულია ამ ქალაქში ცხოვრება, მაგრამ უფრო რთული მისი მიტოვებაა.
რამდენჯერ ვცადე აქადან წასვლა, მაგრამ არ გამომივიდა. ყოველ წარუმატებლობის შემდეგ ვფიქრობ ამ ქალაქიდან გაქცევას, მაგრამ ამაოდ, ვერ შევძელი და ალბათ ვერც შევძლებ. რთულია ჩემი ცხოვრება წარმოვიდგინო სხვაგან, გარდა თელავისა. ბევრმა სცადა, წავიდა და უკან დაბრუნდა, უფრო მეტმა სცადა თელავის გარეთ ბედნიერების პოვნა, მაგრამ უშედეგოდ.
ეს ქალაქია, სადაც ერთხელ თუ მოხვდი თავს ვერასოდეს დააღწევ, თითქოს მრავალი წლის წინ რაღაც ჯადოსნური მომხდარიყოს და ყველას ამ ქალაქისკენ ექაჩებოდეს.
თელავი ერეკლეს ქალაქია და თითქოს პატარა კახის სული თითოეულ ჩვენგანში ჩასახლებულაო ყველაფრის მიუხედავად გვაიძულებს ამ ქალაქზე ზრუნვას.
ყველაზე მეტად მაინც ნისლიანი თელავი მიყვარს, ხანდახანისეთ ნისლში ჩაიძირება ხოლმე, რთულია დაიჯერო სიცხადე. ისე სევდიანად თავბრუდამხვევ ნისლში ჩაიკარგება ხოლმე, თითქოს წარსულის აჩრდილები გამოქცეულიყვნენ მეფის სასახლიდან. იმხელა სიდიადე იგრძნობა ამ დროს თელავში, გგონია სამყარო აქედან შეიქმნაო
ეს არის ქალაქი რომელსაც ღმერთთან ერთად მეფის მადლიც ფარავს.
x
0 comments:
Post a Comment