Monday, February 20, 2017

ქვეყანა რომელიც ქალებმა გადაარჩინეს

       
 საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას ბევრი მსხვერპლი დასჭირდა. დაკარგული ტერიტორიები, დახოცილი ადამიანები და მიწასთან გასწორებული ეკონომიკა. მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა და ავად თუ კარგად ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. 
         ქვეყანაში სიღარიბე იყო და დაიწყო ბრძოლა თვითგადარჩენისთვის. ვიღაცას უნდა ერჩინა ოჯახი, გამოეკვება მშიერი ბავშვები, მოხუცები და უსახსროდ დარჩენილი კაცები. აგონიაში ჩავარდნილ ქვეყნის ერთადერთი გამოსავალი გახსნილი საზღვრები იყო. და რა თქმა უნდა ეს საქმეც საკუთარ თავზე ქალებმა აიღეს. 90 იანების მეორე ნახევრიდან ქართველმა ქალებმა აქტიურად დაიწყეს მიგრირება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოში წითელი დიპლომით მოამაყე ქალები ევროპელების მსახურნი გახდნენ. 2000 წლიდან მიგრაცია უფრო პოპულარული გახდა, ოჯახიდან იყიდებოდა ყველაფერი ღირებული, იღებოდა უამრავი ვალი რათა ოჯახის ერთ ქალს მაინც მოეხერხებინა ქვეყნის დატოვება და სხვა ქვეყნიდან ოჯახის შენახვა. 
       ეს პროცესები დღემდე გრძელდება და ჩვენს ირგვლივ გაჩნდნენ ბავშვები, რომლებსაც დედა არ უნახავთ, ქმრები, რომლებიც ცოლის გამოგზავნილი ფულით არსებობენ და ქვეყანა, რომლის ეკონომიკის დიდი წილი გზავნილებზე დგას. ქართველმა ემიგრანტმა ქალებმა გადაარჩინეს საქართველო შიმშილს და ამას დღემდე აგრძელებენ.  
       ხშრად ისმის მოსაზრება, თითქოს ქალები იმიტომ მიდიან, რომ მათთვის სამუშაოს შოვნა ბევრად მარტივია, თითქოს ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ. მაგრამ ამ დროს ავიწყდებათ თქმა, რომ ქალები ძლიერები არიან, ისინი გაუსაძლის პირობებში შრომობენ, რათა უსაშველოდ მონატრებულ ოჯახს კომფორტი, ხოლო სამშობლოს დოვლათი შეუქმნან. დღეს საქართველოს მთავარი დასაყრდენი ემიგრანტი ქალები არიან, ისინი არიან ქალები რომლებმაც საქართველო გადაარჩინეს. 

0 comments:

Post a Comment