Wednesday, November 8, 2017

საარჩევნო ბულინგი


არჩევნების ციებ-ცხელებამ ჩაიარა და ახლა უფრო ნათლად ვხედავ და ვიაზრებ იმ პროცესებს რაც არჩევნებს თან სდევდა. ის რთული გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე ვიცოდი რომ გარკვეულ სტრესთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ ამხელა ზეწოლის გადატანა მომიწევდა. თავდაპირველად იყო არასერიოზული დამოკიდებულება ჩემი გადაწყვეტილების მიმართ, როგორ შეიძლებოდა 25 წლის ადამიანს მიეღო ამხელა გამოწვევა და თან ქალს, ქალს რომელსაც არ ჰყავდა ქმარი (პატრონი). რამდენიმე დღეში მთავარ პრობლემად, სწორედ ჩემი სქესი წარმოჩნდა. ჩვენი საზოგადოება მიჩვეულია, რომ პოლიტიკაში მყოფი ქალი მასკულინირებული უნდა იყოს. მას სრულიად უნდა ჰქონდეს დაკარგული ქალურობა და სექსუალობა. მე ამ შემთხვევაში ერთ ერთი გამონაკლისი აღმოვჩნდი. მე ვიყავი მერობის კანდიდატი რომელიც თამამად წერდა თავის გრძნობებზე, ხშირად დებდა ფოტოებს, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო, ჰქონდა იმის გამბედაობა საჯაროდ გამოექვეყვებინა ნახევრად შიშველი ფოტოები და თვლიდა რომ ეს პოლიტიკასთან არანაირ ბმაში არ იყო. თავდაპირველად რამდენიმე ონლაინ მედიამ დაწერა ჩემს კანდიდატურაზე და თან დაურთო ჩემი ფოტოები, რომლებიც ძირითადად აუზზე და ზღვაზე იყო გადაღებული, ამას მოჰყვა უამრავი უხამსი და შეურაცმყოფელი კომენტარი. ჩემს სექსუალურ ცხოვრებაზე აქტიური დისკუსიები იმართებოდა თითქმის ყველა პარტიაში. ახლა არჩევნებმა ჩაიარა და ვიხსენებ ყველა იმ ფაქტს რომელიც ამ ორი თვის განმავლობაში მოხდა, მესმის ქალების ვინც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ჩაერთვება. რთულია აიტანო და არ შეიმჩნიო ამხელა დისკრიმინაცია, გარკვეულ და არც თუ ისე მცირე კვალს მაინც გამჩნევს ამდენი უარყოფითი და შეურაცმყოფელი საუბარი შენზე. ყოველი სირთულე გვაძლიერებს, და მე ზუსტად ვიცი რომ მიუხედავად ამდენი ნეგატივისა ყოველთვის ვიქნები აქტიური ქალი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში, ყოველთვის ვიქნები ის "მოკლეკაბიანი" და "ღრმა დეკოლტიანი" ქალი, რომელიც არ თრგუნავს საკუთარ ემოციებს, არ მალავს სექსუალურობას, არ თამაშობს "მამაკაცურ თამაშებს" და უბრალოდ ყოველთვის ხმამაღლა ამბობს თავის სათქმელს.




ვი


0 comments:

Post a Comment