ასეთ ამინდებში განსაკუთრებულად მიყვარს თელავი. წვიმის წვეთებისგან ახმაურებულ ჰაერში სხვა ქალაქი იგრძნობა, უფრო მშვიდი, მეტად რომანტიული და სხვანაირი თელავური განწყობაა. ხანდახან ვფიქრობ რომ არა ეს ქალაქი სად ვიცხოვრებდი, ალბათ ისე ვერსად როგორც თელავში.....
თელავს სხვანაირად უხდება წვიმა, სადღაც შორეულ სამყაროში მიჰყავხარ და რა განწყობაზეც უნდა იყო, მაინც თელავური განწყობა შემოგეპარება და მთლიანად გიპყრობს.
ასეთ ამინდებში ქუჩაში არავინ დადის, იშვიათად თუ წააწყდებით სამსახურიდან სახლში მიმავალ თელაველს. ასეთ ამინდებში თელავში არცერთი ფანჯარა არაა დახურული, ასეთ ამინდებში ყველა გულმოდგინეთ ვუსმენთ წვიმისაგან ახმაურებულ თელავს, ასეთ ამინდებში ყველა ღრმად ვსუნთქავთ თელავის ნესტიან მაგრამ თბილ ჰაერს და ასეთ ამინდებში ყველა თვალისდაუხამხამებლად გავცქერით კავკასიონს.
თელავში სადაც არ უნდა წახვიდე ყველა მხრიდან დაინახავ მუდამ ცვალებად კავკასიონს და რაღაცნაირი სიამაყით აივსები, თითქოს მათი სიძლიერე შენს სხეულში იბუდებს და მათნაირად დიდებულად გრძნობ თავს.
და მაინც ასეთ ამინდებში სხვანაირად განსაკუთრებულია თელავი, ქალაქი რომელსაც "ღმერთთან ერთად მეფის მადლი ფარავს".
0 comments:
Post a Comment