როდესაც სკოლა დავამთავრე ჩემს ირგვლივ შეფარვით, მაგრამ მაინც დაიწყო საუბარი ჩემი დაოჯახების საკითხზე. თავდაპირველად ამ საკითხს ოჯახის წევრები განიხილავდნენ, ცოტა ხანში ფარულ კითხვები გაჩნდა ჩემს მიმართ, შემდგომ უკვე შესაფერისი კანდიდატის ძებნა დაიწყეს. ახლა იმ ეტაპზე ვართ, მოითხოვენ ჩემს გათხოვებას. ჩემს ირგვლივ ბევრი ქალია მსგავს მდგომარეობაში, ზოგი ვუძლებთ ამ შემოტევებს, ზოგს პერიოდული ნერვული აშლილობა გვემართება (:D ), ზოგი კი უჯერებს "კეთილისმსურველების" რჩევებს და ქმნის ოჯახს.
ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც ქალი დროულად უნდა გათხოვდეს, სადაც კაცი დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას თუ როგორი გოგო შეუყვარდეს, ჩვენთან ფინანსურად ძლიერ ოჯახში გათხოვება - "კარგად გათხოვებაა".
ერთ წელზე მეტია მარტო ვცხოვრობ და იგივე დროა ოჯახის წევრებისგან ვისმენ ფრაზებს რომლის მნიშვნელობასაც ვერ ჩავწვდი: "მარტო ცხოვრებას არ სჯობია გათხოვდე?", "გათხოვდი და ქმარი მაინც გეყოლება მისახედი", "ასე მარტო რომ ცხოვრობ როგორღა გათხოვდები". ჩემი ჭკუის დარიგებას არ დასჯერდნენ და პრევენციისთვის მეზობელს სთხოვეს ყურადღების მოქცევა, რაც გამოიხატება ჩემს სახლში შემსვლელ-გამსვლელის კონტროლით. პიროვნული თავისუფლება საჭიროებს საზღვრებს, ასე ფიქრობენ ჩვენს ირგვლივ და ჩვენც იძულებულნი ვართ ვიბრძოლოთ ამ კედლის დასანგრევად ან უბრალოდ დავივიწყოთ საკუთარი თავი.
ბევრი გოგონა სწავლობდა, გეგმავდა საკუთარ მომავალს, მაგრამ საზოგადოებამ და ოჯახმა აიძულა ეცხოვრა იმ ჩარჩოებში რომელსაც თავად უწესებენ. მათ ჰქონდათ მიზნები, ჰქონდათ შესაძლებლობა, ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ მიატოვეს, დათმეს და დარჩნენ ჩაკეტილ წრეში, რომელსაც საზოგადოება ასე მყარად იცავს და აშენებს.
საზოგადოებაში ბოლო პერიოდში შეიქმნა ილუზია, თითქოს ადამიანი თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებასა და პირადი ცხოვრების მართვაში, მაგრამ ამაზე საუბრისას ხშირად გვავიწყდება ის უხილავი ჯაჭვები რითიც ქალები გვყავს შებორკილი და არ ვაძლევთ თავისუფლებას. ჩვენ საზოგადოებრივ ქორწინებაში ვართ, ჩვენს ირგვლივ (და ალბათ მათ შორის ჩვენც) უამრავი გოგონაა, უამრავი აუხდენელი ოცნებით და არასასურველი ქორწინებით.
0 comments:
Post a Comment