Thursday, February 9, 2017

გოგონა რომელსაც სამშობლო წაართვეს


      ზღაპრები ჩემთვისაც ისევე როგორც ყველასთვის ბებიასთან ასოცირდება, ბებია იყო ის ვინც მუდმივად მამარაგებდა საინტერესო ამბებით და იცით ყველაზე მეტად რაში გამიმართლა? ეს ზღაპრები რეალური იყო, ალბათ ცოტ ცოტას ალამაზებდა, მაგრამ მაინც ცხოვრებასთან ძალიან ახლოს იყო.
ყველაზე მკვეთრად კი მისი ბავშვობის ისტორია ჩამრჩა ჩემს ბავშვურ მოგონებებში.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყოფილა ჩემი დიდი პაპა, ხო და გერმანელებს ჩავარდნია ტყვედ. ომის დასრულების შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლებამ მოღალატედ ჩათვალა და ოჯახის გადასახლების გადაწყვეტილება მიიღო. დეკემბრის ერთ ღამეს სადამსჯელო კომისია მივიდა ოჯახში, ტყვეობა გამოვლილი ომის მონაწილე მცირეწლოვან შვილებთან და მეუღლესთან ერთად აიძულეს მიეტოვებინა საკუთარი ხელებით აშენებული სახლი, ძლივს მოქონიებული ნივთები და სადღაც უცხო მხარეში გადახვეწილიყო.
     საბარგო მატარებელში უსულო არსებებივით შეყარეს ოჯახი და ყაზახეთის გზას გაუყენეს.
ბებია სევდა ნარევი სიცილით იხსენებს ხოლმე, გაბრაზებული ცრემლიანი თვალებით ვაგონის კედელზე ვაწერდი სიკვდილი დიდ სტალინსო. 

       10 დღე და ღამე მივდიოდით ცივი გაყინული მატარებლით და არავინ იყო ჩვენი მომკითხავი, საპირფარეშოც კი არ გვქონდა, ჩვენთან ერთად ერთი ხელმარჯვე კაცი იყო, მან ვაგონს ძირი გაუხვრიტა ფანერებით შემოსაზღვრა და იმას ვიყენებდითო.
ყაზახეთი კი ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო, არაფერი ნაცნობი და ახლობელი. პატარა წკარიც კი არ ჩანდა რითიც ბედნიერად ვიგრძნობდით თავს. ერთად ერთი სილამაზედ აყვავებულ ბამბის პლანტაციებს აღვიქვავდითო.
     ასე უცხო მარტოობაში გავიდა 4 წელზე მეტი და სტალინის გარდაცვალებასთან ერთად ჩვენი თავისუფლებაც გვამცნეს და სახლში დაგვაბრუნესო.
ბოლოს კი ძლივს შეკავებულ ცრემლებს გზას მისცემს და მეტყვის ხოლმე თვალებს მაგრად ვხუჭავდიდა წარმოვიდგენდი, რომ ჩემს თელავში, ჩემი ჭადრების ჩრდილში დავრბოდი და მხოლოდ ეს იყო ის სანთელი რომელიც სიცოცხლეს მინარჩუნებდაო.
P.S. სევდიანი მაგრამ ჩემთვის ძალიან თბილი ზღაპარია. ამბავი 12 წლის გოგოსი რომელსაც სამშობლო წაართვეს :)

0 comments:

Post a Comment