Showing posts with label კაცები. Show all posts
Showing posts with label კაცები. Show all posts

Friday, April 6, 2018

კაცები არასრულფასოვნების კომპლექსით



ტერმინი “არასრულფასოვნების კომპლექსი’’ შემოიტანა ფსიქოლოგმა ალფრედ ადლერმა. ის თვლიდა, რომ თავდაპირველად ყველა ბავშვი განიცდის არასრულფასოვნებას, მისი ფიზიკური უმწეობიდან გამომდინარე. 
დლერის მეცნიერული იდეების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ზიგმუნდ ფროიდის შეხედულებებმა და ასევე დარვინის ევოლუციურმა თეორიამ. 
თავის ადრეულ ნაშრომებში ადლერი აღნიშნავდა, რომ სრულყოფილებისკენ სწრაფვა ადამიანის თანდაყოლილი მიდრეკილებაა და საფუძვლად ევოლუციური პროცესი უდევს. თუ ადამიანის მიზანი, ისწრაფოს სრულყოფილებისკენ, მოიცავს საზოგადოებრივ ინტერესებს, მაშინ პიროვნების განვითარება იღებს კონსტრუქციულ ხასიათს, ხოლო, თუ ეს მიზანი ემსახურება მხოლოდ საკუთარი პიროვნული აღმატებულობის, უპირატესობის დამტკიცებას, სხვებზე ბატონობის უფლების მოპოვებასა და მოკლებულია სოციალურ ინტერესს, მაშინ ადამიანის “ცხოვრებისეული სტილი’’ დეფორმირდება და შედეგად ვიღებთ ნევროზს. ეს უკანასკნელი არასრულფასოვნების ძლიერი განცდითაა განპირობებული.

როდესაც ამ მარტივ განმარტებას წავიკითხავთ და ცოტას ჩვენს ორგვლივაც მიმოვიხედებით დავინახავთ კაცებს რომლებსაც ეს კომპლექსი უკვე ნევროზში კი არა და ფსიქოზში გადასდით და საკუთარი არასრულფასოვნების დასაძლევად გარემოზე გადააქვთ აგრესია.
უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ და ვისაუბროთ იმ პატარა ქალაქზე რომელშიც მე ვცხოვრობ, თელავზე :) ქუჩაში ერთი გასეირნებით, ერთ პატარა კაფეში ყავის დასალევად გასაჩერებელი დრო დაგჭირდებათ რომ ნათლად დაინახოთ არასრულფასოვნების კომპლექსის მაგალითები.

თავდაპირველად უმჯობესია გავიხსენოთ "თელავის პოლიტ ელიტა" (სხვა თუ არაფერი ისინი გვიწყვეტენ მუნიციპალიტეტის ბედ-იღბალს). აქ მრავლად შევხვდებით კაცებს რომლებიც სარკეში ჩახედვის დროს ვერაფერს ხედავენ და ამის დასაძლევად სხვა რა გზა აქვთ ქუჩაში საკუთარი სექსუალურ ფანტაზიებზე უნდა გვესაუბრონ. ხშირად ეს კაცები საკუთარი სისუსტის დასაძლევად პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ კონკურენტების სექსუალურ ცხოვრებას. ეს კაცები საკუთარ არასრულფასოვნებას აწმენდენ ქალებს, ებრძვიან ძლიერ ქალებს და მუდმივად იმის მცდელობაში არიან როგორმე მოახერხონ და ქალების დამცირებით საკუთარ ანგარიშზე ქულები ჩაიწერონ.
და ეს კაცები საღამოს როდესაც კვლავ სარკესთან დადგებიან ისევ სიცარიელეს დაინახავენ, მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე ჩაგრავდნენ ქალებს, მთელი დღე თავს ამეტებდნენ და ამცირებდნენ. გაზრდილი კომპლექსებითა და ცოტა ბოღმით დაწვებიან და დაგეგმავენ მეორე დღეს უფრო მეტად როგორ დაამცირონ ქალები რომ საღამოს მოვერცხლილ მინებში სულ მცირე გამოსახულება მაინც დაინახონ.

ჩვენს ირგვლივ არასრულფასოვნების კომპლექსით გატანჯული კაცები მუდმივად ამცირებენ ქალებს, ავიწროებენ, ჩაგრავენ, მაგრამ ეს ქალები უფრო მეტად ძლიერდებიან და ქმნიან ძლიერ საზოგადოებას რომელიც ხვალ აუცილებლად მიაღწევს თანასწორ გარემოს.

Wednesday, March 7, 2018

8 მარტი ყვავილებისთვის



მოდით ცოტა ხნით დავივიწყოთ სადღეგრძელოები და გულწრფელად ვთქვათ, რომ ქალი და კაცი თანასწორნი იბადებიან.
დაბადებისას ქალიც და კაციც ტირიან პირველი ჰაერის ჩასასუნთქად, მაგრამ თითქოს აქ მთავრდება თანასწორობა.
კაცი გვარის გამგრძელებელია, ქალი წამსვლელი.
კაცი ძლიერი და მებრძოლი უნდა გაიზარდოს, ქალი ნაზი და დამჯერი.
კაცმა უნდა ისწავლოს, ქალი გათხოვდება და რათ უნდა.
კაცს შეუძლია მეგობრებთან დრო ისე გაატაროს როგორც უნდა, ქალი შებინდებამდე სახლში უნდა იყოს (რას იტყვის ხალხი).
კაცს აუცილებელია ჰქონდეს მრავალი სექსუალური თავგადასავალი, ქალი ვალდებულია ქალიშვილობა შეინარჩუნოს უკიდურეს დრომდე.
კაცს შეუძლია ღალატი, ქალი ღალატისთვის სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
კაცმა უნდა იმუშაოს, ქალმა ოჯახს მიხედოს.
კაცს შეუძლია ქალზე იძალადოს, ქალი მორჩილი უნდა იყოს.
კაცს შეუძლია აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთოს, ქალები ამაში იზღუდებიან.
და ეს ციკლი უსასრულოდ გრძელდება. კაცს რაღაც შეუძლია, ქალს არა.
რატომ? იმიტომ რომ ის კაცია და ის ქალი.
ყოველ 8 მარტს კი ის კაცები, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ ორი ღერი ყვავილით შეიარაღებულნი სხდებიან იმ ქალების მიერ გამზადებულ სუფრაზე, დიდი ყანწითა და მაღალფარდოვანი სიტყვებით სვავენ ამ ქალების სადღეგრძელოს, ხოლო ძილის წინ საწოლში იმ ორ ღერ ყვავილსაც ამადლიან.
უნდა აიკრძალოს 8 მარტს ყვავილების გაყიდვა! უნდა გადაიმალოს ყველა ყვავილი. იქნებ როგორმე გამოვიდეთ ყვავილების ეპოქიდან და თანასწორობის ეპოქაში შევაბიჯოთ.


Tuesday, April 11, 2017

კაცის თავისუფლება

   
საქართველო პატრიარქალური ქვეყანაა და შესაბამისად რაც კაცისთვის ჩვეულებრივი ამბავია ის ქალისთვის აკრძალულია. თავდაპირველად რომ დავიწყოთ, როდესაც ოჯახში ბიჭი იბადება დიდი სიხარულის ფონზე ოჯახის მამაკაცი წევრები აწყობენ გეგმებს როგორ უნდა გამოზარდონ "ნამდვილ კაცად". ხოლო "ნამდვილ კაცში" იგულისხმება კაცი რომელსაც აქვს გაუცნობიერებელი სექსი ყველა ქალთან.
      მოზარდობის ასაკში ოჯახის უფროსს დიდი ზარ-ზეიმით მიჰყავს "ქალებში" დასავაჟკაცებლად და სწორედ ეს უნდა გახდეს საფუძველი იმ დიდი მექალთანეობის, რომლითაც იცხოვრებს. კაცების ცხოვრებაში სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება ქალის ორი ტიპი: ქალი რომელთანაც უნდა გაერთოს და ქალი რომელიც ცოლად უნდა მიიყვანოს.
        მოდით ინდივისუალურად განვიხილოთ ორივე ტიპის ქალი. (რა თქმა უნდა კაცების აღქმით).

  • გასართობი ქალი.
უპირველესი იდენტიფიკაცია ჩნდება გარეგნული მახასიათებლებით. ქალი რომელსაც მუხლს ზევით კაბა და სულ მცირედით მაინც დეკოლტირებული ზედა აცვია. ამასთან შებინდებულზე ქუჩაში გამოჩენილი ქალიც იძლევა იმის საბაბს, რომ მასზე გართობისთვის იფიქროს კაცმა. შემდეგი კრიტერიუმი ვფიქრობ ყველაზე საინტერესოა, თუ საძმაკაცო საუბრობს (სულ ერთია სიმართლეს თუ ტყუილს) რომ ამ ქალთან შეიძლება გართობა ე.ი. გზა ხსნილია.

  • ოჯახში შესაშვები ქალი
აუცილებელი პირობაა ოჯახის "კარგი სახელი" ამასთან არუნდა იყოს ყურადღების მიმქცევი (რომ გაივლის არავინ შეხედოს, კაცმა რომ არ იეჭვიანოს). არ უნდა ლაპარაკობდეს ბევრს, აუცილებლად უნდა იყოს მორჩილი, დამყოლი და უპრეტენზიო.
       
იმ მასკულინურ საზოგადოებაში რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება ქალი ვალდებულია დაემორჩილოს ამ წესრიგს და კარგად გათხოვების პერსპექტივით იცხოვროს სხვისი წესებით. ხოლო კაცები რომლებიც საკუთარი კრიტერიუმებით არჩეულ ქალს რომელსაც დასდებენ პატივს მათი ცოლი გახდეს, თავისუფალნი არიან საკუთარ გცევებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ქალი უნდა იყოს დამყოლი და მორჩილი თორემ, კაცი თუ უნდა უღალატებს, უნდა შეურაცყოფას მიაყენებს, უნდა სულ უარს იტყვის მასზე და ახალ სიყვარულს გაეკიდება, ის მაინც თავისუფალია.