Tuesday, February 7, 2017

ქალური ღირსება

    ჩვენში არსებობს სტერეოტიპები, რაღაც კონკრეტული ცნებების ჩვენეული განმარტებები, არსებობს საზღვრები რომლებშიც ვექცევით და სხვებსაც ვაიძულებთ დაიცვას ეს საზღვრები. ერთმანეთს ვაკრავთ იარლიყებს და ჩვენივე ღრმა რწმენით სამართლიანად ვიქცევით.
     არჩევანის თავისუფლება ის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უპირობოთ უნდა ვიცავდეთ, მაგრამ ახლა ჩვენთან მოდაში სხვის საწოლში ქექვაა. და ეს "სხვა" რა თქმა უნდა ქალია. საზოგადოებრივი განხილვის საგანია უპირველესად ქართველი ქალის ღირსება, საქალწულე აპკი.
     ზოგისთვის შესაძლოა ეს არარეალური იყოს, მაგრამ დღეს დედამთილები ქორწინების ღამის შემდეგ კვლავ ამოწმებენ წყვილის თეთრეულს, მცირედი ფლირტის დროსაც კი ბიჭის ოჯახის წევრები "გაიკითხავენ" ქალის სახელს (ვაი და ოჯახი სახელგატეხილმა წაუბილწოს). დღეს ჩვენს ირგვლის ისევ არსებობს სტატუსი: "მონატაცები", "შეცდენილი".
    ქალს არ გააჩნია არჩევანის თავისუფლება, მუდმივად განიცდის საზოგადოების ზეწოლას, მის ნაცვლად გადაწყვეტილებას იღებს ოჯახი, სამეზობლო, კეთილისმსურველები. ქართველი ქალი ვალდებულია ჩაიკეტოს ამ დახურულ წრეში და დაჰყვეს საზოგადოების ნებას. ხშირ შემთხვევაში ქალების ცხოვრების წარმმართველები მამები და ძმები არიან. კაცს აქვს პრივილეგია არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების თავისუფლად მართვის, არამედ ოჯახის წევრების ნაცვლადაც გადაწყვეტილების მიღების. მაგრამ ყველაზე საოცარი ალბათ ის არგუმენტებია, რომლითაც ამართლებენ ამ ყველაფერს. ხშირად გსმენიათ ალბათ "ოჯახის შემარცხვენელი", სწორედ ასე მოიხსენიებენ იმ ქალებს ვინც არ დაემორჩილა კაცურ გადაწყვეტილებებს, მოიქცა საკუთარი სურვილებისამებრ, თავად გადაწყვიტა.
         ქალები არიან თავისუფლები და უმთავრესია ქალებმა მთლიანად შევიგრძნოთ ეს თავისუფლება. თავად ავიდგათ ფეხი, დავეცეთ და კვლავ წამოვდგეთ იმ გზაზე რომელზეც საზოგადოებამ უამრავი დაბრკოლება შეგვიქმნა.

0 comments:

Post a Comment