დიდი ხანია ვფიქრობ დავწერო თუ არა ამ საკითხზე და მაინც გადავწყვიტე...
საქართველო კონსერვატიული და ამავდროულად პატრიარქალური ქვეყანაა და ალბათ ამიტომაც ეგრეთ წოდებული "ქალიშვილობის ინსტიტუტი" კვლავ ინარჩუნებს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციას ურთიერთობაში. ბევრი ალბათ თვლის რომ ეს ასე აღარაა და ეს თემა უბრალოდ კამათისთვის არის წამოწეული, მაგრამ ფაქტები ბევრია.
რთულია ისაუბრო კონკრეტული ადაიანების, კონკრეტულ ისტორიებზე, მაგრამ ვფიქრობ მაგალითები უკეთ გამოხატავს საკითხის მნიშვნელობას.
ხო და მოვყვები ისტორას:
ჩემს კურსზე ერთი გოგო სწავლობდა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, ხშირად ვსაუბრობდით მეგობრები სხვადასხვა საკითხებზე და ჩვენს ამბებსაც ვუზიარებდით ერთმანეთს. ერთხელაც ეს გოგონა ანერვიულებული მოვიდა და სამეგობროს გაგვიმხილა, რომ ერთ ბიჭს შეხვდა, ცოტა დალიეს, ახლა კი არ იცოდა ქალიშვილი იყო თუ არა და გვთხოვა ექიმთან გავყოლოდით ქალიშვილობის შესამოწმებლად. ნათქვამმა ცოტა არ იყოს დაგვაბნია, მაგრამ ყველაზე მეტად გამაოცა იმ გადაწყვეტილებამ, რომ თუ ქალიშვილი არ აღმოჩნდებოდა აუცილებლად სულ რამდენიმე თვე მაინც ცოლად უნდა გაჰყოლოდა იმ ბიჭს. "განათხოვრის სახელი მაინც დამერქმევა და ხალხი აღარ იჭორავებსო"
ქორწინებამდე სექსის აკრძალვა არ ვიცი ტრადიციებიდან, რელიგიიდან თუ რაიმე სხვიდან მოდის, მაგრამ შედეგი გვაქვს უამრავი ნაადრევად შექმნილი ოჯახის დანგრევა, განადგურებული ფსიქიკის მქონე წყვილები და ბავშვები, რომლების ოჯახურ სითბოს არიან მოკლებულნი. მგონი უმჯობესია ხანდახან მაინც დავფიქრდეთ, ის ძალადობა რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება, ის დანაშაულებრივი ქმედებები რომლებსაც ოჯახები ხშირად ნორმირებულად წარმოაჩენენ, ის დეპრესიული თაობა რომელიც იზრდება, ხომ არ არის შედეგი იმ ჩარჩოების, რომელსაც ტრადიციების სახელით ვაწესებთ. განა კი გვინდა ტრადიციები, რომლებიც ფსიქიკურად დანგრეულ მოსახლეობას გვიქმნის?
დღეს ხშირად ვსაუბრობთ "ქალიშვილობის ინსტიტუტზე" და ალბათ უმჯობესია, სწორი დეფინიცია შემოვიტანოთ რა და რატომ არის პრობლემა. ქალიშვილობა თავისთავად არ წარმოადგენს პრობლემას, ეს ცალკეული ინდივიდის პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც დარღვეული საქალწულე აპკის გამო იქმნება არასასურველი ოჯახები, რაც თავისთავში პოტენციურად ძალადობრივ ოჯახს გულისხმობს.
ოჯახში ძალადობა ჩვენს ქვეყანაში ერთ ერთ მწვავე საკითხად დგას და მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ამის გამომწვევ მიზეზებზე, რათა მოვახერხოთ ძალადობის შემცირება.
რა იწვევს ამდენ დანგრეულ ოჯახს? რატომ ეგუებიან ქალები ძალადობას?
დავსვათ კითხვები, განვსაზღვროთ პრიორიტეტები და ვიმსჯელოთ პრობლემის გადაჭრაზე.