Sunday, June 10, 2018

ახლა სულ სხვანაირად.....




წერა ყველაზე კარგი საშუალებაა, საკუთარი თავიდან (ან იქნებ გულიდან ან სულიდან) გაყარო რაც მთელს გონებას გიწამლავს. ტკივილი არაა, ეს უბრალოდ რაღაც უცხო სხეულია შენს სულში, რომელიც ერთიანად გჭამს. თითქოს წითელი სიკვდილი გიახლოვდება.
უეცარი გამოჩენით რომ გცვლის, თავად გრძნობ ბევრად უკეთესი გახდი (თითქოს ისეთი სამყარო რომ არ გიმსახურებს). საათობით დგახარ სარკესთან და აკვირდები საკუთარ თავს, როგორ მოახერხა მხოლოდ ერთი ჩახუტებით შენი შეცვლა (ან იქნებ არც შეცვლილხარ?)
შემდეგ მოგწონს ასეთი შენი თავი და გინდა სულ ასეთი იყო, თუნდაც იმიტომ რომ თვალებიც ციმციმს თავადვე გრძნობ.
სულ მალე შიშები ჩნდება, იქნებ ვერ შეძლოს? იქნებ მობეზრდეს? ან იქნებ ვინმე შეუცვლელად შენზე უკეთესი იპოვოს. და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცდილობ ეს შიშები საკუთარი თავიდან გააქრო და მითუმეტეს არ დაანახო მაინც რაღაცას ცვლის, ხო თვალებსაც ცვლის.
და ბოლოს მაინც ის ხდება რისიც ასე ტკივილამდე გეშინოდა.
ისევე უბრალოდ და უცაბედად მიდის როგორც მოვიდა....

და ისევ საათობით დგახარ სარკესთან და ეძებ იმას ვინც სულ ცოტა ხნის წინ იყავი, როგორიც გახდი მასთან. ყველაზე მტკივნეული კი მაინც ისაა რომ სარკის ანარეკლში ვერც იმას პოულობ და ვერც მასთან შეხვედრამდე არსებულ შენს თავს.
ახლა უფრო ცუდი ხარ, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ.
ახლა სულ სხვანაირი თვალები გაქვს.
ახლა სხვანაირი გრძნობები გაქვს.
ახლა სულის სისხლდენამდე გკაწრავს რაღაც ამოუცნობი.
ახლა გენატრება არა თავად ის არამედ, საკუთარი თავი ისეთი როგორიც მასთან იყავი.

Saturday, June 2, 2018

ჯინსების ორი თაობა




ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორი თაობა გაზარდა: ჯინსების და და დახეული ჯინსების თაობა.
იმ ბნელ 90-იანების დასაწყისში ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნა სწორედ ახალგაზრდებმა, ჯინსების თაობამ დაიწყო და ეს საქმე ბოლომდეც მიიყვანა. იბრძოლეს, თავი გაწირეს და 70 წლიანი ბატონობიდან თავი დააღწიეს.
შემდეგ გაიზადრა ეს თაობა, ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ სახელმწიფო კი შექმნა.
და სწორედ ამ დროს გაიზარდა დახეული ჯინსების თაობა, რომლებიც წინა თაობის შეცდომებს აპროტესტებს, რაღაც უფრო პროგრესულს ითხოვს და ამბობს რომ თავად უკეთესის შექმნა შეუძლია.
ეს თაობა დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, თითქოს გენეტიკური კოდად თავისუფლება აქვთ ჩადებული და ამ თავისუფლებას არასგზით არ დათმობენ.
და მიუხედავად მათ მიმართ ხშირად გამოთქმული კრიტიკისა ისინი საოცრად განათლებულები, სოლიდარულები და სამართლიანები არიან.
მათ ეს ბევრჯერ დაამტკიცეს. 13 ივნისს შიშველი ხელებით თბილისი გადაარჩინეს.
უკვე ერთი თვეა წვიმასა და ქარში თავისუფლებას და სამართლიანობას ითხოვენ. მშობლებს სახლიდან ეპარებიან, პირად ცხოვრებაზე უარს ამბობენ იმისათვის რომ საკითარი პოზიცია დააფიქსირონ. ეს თაობა უბრალოდ თვლის რომ მათი მოსავლელია ეს ქვეყანა და ცდილობენ ისე მოუარონ როგორც სწორად მიაჩნიათ.


Friday, May 25, 2018

პირველი რესპუბლიკის ქალები




“დღეს თქვენ აქ მოწამე იყავით ერთი ისტორიულისა და ამავე დროს ტრაღიკული აქტის. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს ”
 ამ სიტყვებით გახსნა სხდომა ნოე ჟორდანიამ. 
“საქართველოს დამოუკიდებლობის” აქტი ეროვნული საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს 1918 წლის 26 მაისის 5 საათსა და 10 წუთზე. “ამიერიდან ქართველი ხალხი სუვერენული უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.” ამავე დღეს დამტკიცდა საქართველოს დროებითი შერეული მთავრობა. მიღებული იქნა ქვეყნის იდეოლოგიური და სოცალურო მოწყობსი შესახე პოსტულატები. მაგალითად ის, რომ საერთაშორისო ომიანობის დროს საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო იქნებოდა. დამოუკიდებელი საქართველსო პოლიტიკური ფორმა კი დემოკრატიული რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო.

ეს მოვლენა მაშინ ახალი ეპოქის დასაწყისად მიიჩნიეს. ახალი ეპოქის, რომელსაც საქართველსოთვის განვითარება და მშვიდობა უნდა მოეტანა თუმცა სამწუხაროდ მოვლენების განვითარებამ საპირიპირო დაამტკიცა.

მაგრამ ამ ჯერად მხოლოდ პოზიტიურზე ვისაუბროთ.
1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130 დეპუტატი შედიოდა, აქედან 5 ქალი იყო.
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე
ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე
ქრისტინე შარაშიძე
ანა სოლოღაშვილი
ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე
ხუთივე ქალი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში.  

მაშინ როდესაც მსოფლიოში ქალები ხმის უფლებებისთვის იბრძოდნენ, საქართველოში არა თუ ხმის უფლება არამედ რესპუბლიკის პირველ პარლამენტში 5 ქალი იყო. ეს იყო ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა პირველი რესპუბლიკის. და რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირის 70 წლიანმა ბატონობამ ყველაფერი ღირებული გაანადგურა.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ავღნიშნავთ. დამოუკიდებლობის მოპოვებისა და აღდგენის. ორჯერ მოგვიწია რუსეთისაგან თავის დაღწევა, ორჯერ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. 

თავისუფლება ლომთა ხვედრიაო და მე მაინც მჯერა რომ ეს თავისუფლება გამოგვივა.

Friday, May 11, 2018

თავისუფლების რევოლუცია

 


                                                              „დაკავდით სიყვარულით და არა ომით!’’


ყველა რევოლუციამ ხომ ჩვენს თავზე გადაიარა, რაღა ამ სექსუალურმა რევოლუციამ აგვიქცია გვერდი ქართველებს? 

100 წელი შეგვისრულდა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, 27 წელი ამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და მაინც არ ვართ თავისუფლები.

როდესაც ამ ქვეყნის საშველზე ვსაუბრობთ პასუხი ერთი გვაქვს, თაობების ცვლილება გადაგვარჩენსო.
ხო და აგერ წუხელ აღმოვაჩინეთ რომ ეს თაობები შეცვლილა, გაზრდილან და ახლა მზად არიან გადაარჩინონ ეს ჩვენი ბედკრული ქვეყანა.

მე მაინც მგონია რომ რევოლუციით მხოლოდ კონკრეტულ ხელისუფლებას კი არ ცვლი, არამედ საზოგადოების ცნობიერებას. დიახ, ერთი აზრის გარშემო გაერთიანებული, ქუჩაში გამოსული ადამიანები, ცვლიან ქვეყნის კულტურას. 

ახლა კი როგორც იქნა რევოლუციის სადავეები ახალგაზრდებმა აიღეს. ადამიანებმა რომელთა მართვა, ყიდვა, შეშინება შეუძლებელია. თავისუფალი, ლაღი, ბედნიერი ადამიანების რევოლუციის სათავეებთან ვართ მგონია, როგორ მჯერა და რა დიდი იმედი მაქვს რომ ეს რევოლუცია შედგება. 

12 მაისის ღამეს ახალგაზრდების ხმა გაისმა და ეს ხმა არ იყო მიმართული კონკრეტული ხელისუფლების მიმართ, არამედ ეს ხმა ითხოვდა ცვლილებებს ჩვენს აზროვნებაში, ჩვენს ცნობიერებაში. როგორც იქნა ჩვენთანაც დაუბერა თავისუფლების ნიავმა, დარწმუნებული ვარ ეს ნიავი სულ მალე ქარში, შემდეგ კი გრიგალში გადაიზრდება და ეს იქნება ყველაზე დიდი გამოდარება ამ ქვეყნისთვის.

Thursday, May 3, 2018

რელიგიური გრძნობები




თელავი ქალაქია სადაც საიდუმლო არ არსებობს, ხო და ცოტა ხნის წინ თელავში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა.
ერთ ერთმა სასულიერო პირმა აღსარების ჩაბარების დროს სექსუალური კავშირი დაამყარა მრევლთან, ფაქტზე წაასწრო მრევლის ქმარმა და თავად მიხვდებით რა ამბავი მოჰყვებოდა ამას. მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი ისაა რომ სასულიერო პირს არანაირი სანქცია არ დაჰკისრებია.
დღეს ალავერდთან გავიარე, ამ მრავალსაუკუნოვან სიდიადედთან და გამახსენდა ეს ისტორია. შემდეგ გვერდით ხალხმრავლობა შევნიშნე და გამახსენდა რომ იქვე არსებობს მაწვნის სახლი და ღვინის ქარხანა, რომლებიც არანაირი გადასახადების გადამხდელნი არ არიან, ყველაზე იაფი მუშა ხელი ჰყავთ და ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი აქვთ.
მეხსიერებაში კიდევ ერთი ფაქტი ამომიტივტივდა, თელავის საკრებულოებისგან როგორ ითხოვდა ალავერდის მეუფე შუამთის ტყის ტერიტორიის მათ საკუთრებაში გადაცემას. 
ასევე როგორ ითხოვდა იგივე მეუფე ახმეტის მუნიციპალიტეტისგან, ტუალეტის ქაღალდის ღირებულების (250 ათასი ლარის) გამოყოფას. 
თვალწინ დამიდგა ის მრავალათასიანი ჯიპები, რომლიდანაც ასეთი დიდი სიამაყით გვლოცავენ შიმშილისგან სულდაღაფულ ერს.
ჯვრისწერისა და ნათლობის "სტავკები", რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იმატებს.
ბოლოს ციანიდი, საპატრიარქო ტახტის გაუნაწილებლობა, უმცირესობების ჩაგვრა.....

კიდევ შეიძლება ჩამონათვალის გაგრძელება მაგრამ რა აზრი აქვს, როდესაც სულ მალე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონი გვექნება.

ის ფაქტი რომ ყველა ხელისუფალისთვის ხელსაყრელია მეტი რეგულაციისა და ცენზურის დაწესება ეს გავიგე, მაგრამ როდესაც მსგავსი რეგულაციების ინიციატორია ის რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც თავის საწყისებში თავისუფლებას გულისხმობდა, რომელიც ლიბერალიზმს და შემწყნარებლობას ქადაგებდა გაუგებარია სად დაკარგა თავისი ფუნდამეტური არსი.

მსმენია არ განიკითხო და არ განიკითხებიო და იმედი მაქვს ამ პრინციპს დაიცავენ კანონშემოქმედნი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის დამუშავებისას.

Sunday, April 29, 2018

ქართული ინ"წ"ელიგენცია




ბოლო პერიოდში ხშირად მიწევს ისეთ ღონისძიებებზე დასწრება, სადაც მრავლად არიან ის ადამიანები ვინც საკუთარ თავს მიიჩნევს საპატიო ადამიანად, აიი ისე გიყურებენ, რომ ვალდებულებას გიწესებენ მათი აზრი უაპელაციოდ გაითვალისწინო. სახეზე აწერიათ საკუთარი ღირსების უსასრულო ჩამონათვალი და მეც თავდახრილი, დაკნინებული მოსმენის ძალა რომ აღარ შემწევს ვტოვებ ამ საპატიო თავყრილობას.

ქართული ინ"წ"ელიგენციის უნიკალური ფენომენია ფრაზა "მე ვმოღვაწეობ" რაშიც ჩვენი პატივდადებულნი გულისხმობენ საკუთარ მიღწევებს ქვეყნის, ერისა და ბერის წინაშე. მიღწევები ძირითადად გამოიხატება ორი არც თუ ისე კარგად გარითმული ლექსის დაწერასა ან სცენაზე კდემამოსილი სახით შესრულებულ კომპოზიციაში (შესრულების ხარისხზე ნუ დავკონკრეტდებით). ხო და რაც მთავარია მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია არსებული ხელისუფლების ქება-დიდება (მაინც ყოველიშემთხვევისთვის ან კონცერტია ჩასატარებელი, ან კრებულია გამოსაცემი).

ჩვენი ქვეყნის ეს საპატივცემულო ადამიანები, მათი ღვაწლის გათვალისწინებით, ფიქრობენ რომ შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე (ეკონომიკა, განათლება, გლობალური პოლიტიკა) იმსჯელონ და თან ისე რომ მათთან შემდავებელი კაცი არ დაბადებულა ქვეყანაზე.

მე მიყვარს ინ"წ"ელიგენცია. ისინი ცხადად გვანახებენ როგორი არ უნდა იყოს მომავალი თაობა.
ისინი გვიჩვენებენ გზას რომელზეც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიაროთ.
ისინი გვაიძულებენ განვვითარდეთ.
სწორედ ეს ძვირფასი ქართული ინ"წ"ელიგენცია გვაიძულებს ვიფიქროთ (და რაც შეიძლება მალე განვახორციელოთ) სექსუალურ და კულტურულ რევოლუციებზე.

Sunday, April 15, 2018

ფემიციდი საქართველოში




საქართველოში ყოველი მე-11 ქალი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ქალთა 35%ის ქცევა ძალადობის გამოყენებით კონტროლდება პარტნიორის მხრიდან. ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებად მიიჩნევს ქალთა 34%. 78% თვლის,რომ ოჯახში ძალადობა ოჯახური პრობლემაა და მისი გარეთ გატანა დაუშვებელია. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების ერთი მესამედი დუმილს არჩევს.

ორი დღის წინ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა იმისი ნათელი მაგალითია, რომ ქალები ჩვენს ქვეყანაში დაუცველნი არიან და ამ საკითხზე დუმილი დანაშაულია.

ამ საკითხის აქტუალობა იზრდება მაშინ როდესაც უკვე ფაქტის წინაშე დავდგებით, როდესაც კიდევ ერთ ქალს მოკლავენ. ცოტა ხანს ვისაუბრებთ, დავგმობთ ძალადობას და შემდეგ ისევ მივჩუმდებით შემდეგ მსხვერპლამდე.
მაგრამ მსხვერპლი იმაზე ბევრად მეტია ვიდრე ჩვენ ეს ვიცით. ყოველდღე ქალებზე ძალადობენ და თუ ეს ძალადობა ფატალურად არ სრულდება ჩვენ ამის შესახებ ვერ ვიგებთ. 
და რაც უფრო ინერტული იქნება სახელმწიფო და საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობაზე მით მეტი მსხვერპლი იქება.
თითოეულმა ჩვენგანმა და უპირველესად სახელმწიფომ უნდა ვაღიაროთ ფემიციდი, როგორც ქვეყნის ერთ ერთი მთავარი პრობლემა. ვიფიქროთ, ვიმუშაოთ ამ პრობლემის გადაჭრაზე და უმკაცრესი რეაგირება მოვახდინოთ ყოველ ძალადობის ფაქტზე. 
თორემ სანამ სადღეგრძელოს ტექსტით ვილაპარაკებთ "ქალის პატივისცემასა და სიყვარულზე" ერთ დღესაც ჩვენ თავად გავხდებით მსხვერპლი.