თავისუფლების რევოლუცია
„დაკავდით სიყვარულით და არა ომით!’’
ყველა რევოლუციამ ხომ ჩვენს თავზე გადაიარა, რაღა ამ სექსუალურმა რევოლუციამ აგვიქცია გვერდი ქართველებს?
100 წელი შეგვისრულდა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, 27 წელი ამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და მაინც არ ვართ თავისუფლები.
როდესაც ამ ქვეყნის საშველზე ვსაუბრობთ პასუხი ერთი გვაქვს, თაობების ცვლილება გადაგვარჩენსო.
ხო და აგერ წუხელ აღმოვაჩინეთ რომ ეს თაობები შეცვლილა, გაზრდილან და ახლა მზად არიან გადაარჩინონ ეს ჩვენი ბედკრული ქვეყანა.
მე მაინც მგონია რომ რევოლუციით მხოლოდ კონკრეტულ ხელისუფლებას კი არ ცვლი, არამედ საზოგადოების ცნობიერებას. დიახ, ერთი აზრის გარშემო გაერთიანებული, ქუჩაში გამოსული ადამიანები, ცვლიან ქვეყნის კულტურას.
ახლა კი როგორც იქნა რევოლუციის სადავეები ახალგაზრდებმა აიღეს. ადამიანებმა რომელთა მართვა, ყიდვა, შეშინება შეუძლებელია. თავისუფალი, ლაღი, ბედნიერი ადამიანების რევოლუციის სათავეებთან ვართ მგონია, როგორ მჯერა და რა დიდი იმედი მაქვს რომ ეს რევოლუცია შედგება.
12 მაისის ღამეს ახალგაზრდების ხმა გაისმა და ეს ხმა არ იყო მიმართული კონკრეტული ხელისუფლების მიმართ, არამედ ეს ხმა ითხოვდა ცვლილებებს ჩვენს აზროვნებაში, ჩვენს ცნობიერებაში. როგორც იქნა ჩვენთანაც დაუბერა თავისუფლების ნიავმა, დარწმუნებული ვარ ეს ნიავი სულ მალე ქარში, შემდეგ კი გრიგალში გადაიზრდება და ეს იქნება ყველაზე დიდი გამოდარება ამ ქვეყნისთვის.
0 comments:
Post a Comment