საქართველოში ყოველი მე-11 ქალი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ქალთა 35%ის ქცევა ძალადობის გამოყენებით კონტროლდება პარტნიორის მხრიდან. ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებად მიიჩნევს ქალთა 34%. 78% თვლის,რომ ოჯახში ძალადობა ოჯახური პრობლემაა და მისი გარეთ გატანა დაუშვებელია. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების ერთი მესამედი დუმილს არჩევს.
ორი დღის წინ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა იმისი ნათელი მაგალითია, რომ ქალები ჩვენს ქვეყანაში დაუცველნი არიან და ამ საკითხზე დუმილი დანაშაულია.
ამ საკითხის აქტუალობა იზრდება მაშინ როდესაც უკვე ფაქტის წინაშე დავდგებით, როდესაც კიდევ ერთ ქალს მოკლავენ. ცოტა ხანს ვისაუბრებთ, დავგმობთ ძალადობას და შემდეგ ისევ მივჩუმდებით შემდეგ მსხვერპლამდე.
მაგრამ მსხვერპლი იმაზე ბევრად მეტია ვიდრე ჩვენ ეს ვიცით. ყოველდღე ქალებზე ძალადობენ და თუ ეს ძალადობა ფატალურად არ სრულდება ჩვენ ამის შესახებ ვერ ვიგებთ.
და რაც უფრო ინერტული იქნება სახელმწიფო და საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობაზე მით მეტი მსხვერპლი იქება.
თითოეულმა ჩვენგანმა და უპირველესად სახელმწიფომ უნდა ვაღიაროთ ფემიციდი, როგორც ქვეყნის ერთ ერთი მთავარი პრობლემა. ვიფიქროთ, ვიმუშაოთ ამ პრობლემის გადაჭრაზე და უმკაცრესი რეაგირება მოვახდინოთ ყოველ ძალადობის ფაქტზე.
თორემ სანამ სადღეგრძელოს ტექსტით ვილაპარაკებთ "ქალის პატივისცემასა და სიყვარულზე" ერთ დღესაც ჩვენ თავად გავხდებით მსხვერპლი.
0 comments:
Post a Comment