Monday, November 6, 2017

კიდევ ერთხელ თელავზე


მე ერთი პატარა ქალაქიდან ვარ, ქალაქიდან სადაც თელაველობა პასუხისმგებლობად ითვლება. თელავის ძველებურ და პატარა ქუჩებში ერთხელაც რომ გაიარო დაინახავ ამ ქალაქის განუზომელ სითბოსა და სიყვარულს. ეს ქალაქია, რომლის ყოველი კუთხიდან დიადი კავკასიონისა და მრავალფერადი ალაზნის ველის ერთიანობას მოჰკრავ თვალს. რთულია ამ ქალაქში ცხოვრება, მაგრამ უფრო რთული მისი მიტოვებაა.
რამდენჯერ ვცადე აქადან წასვლა, მაგრამ არ გამომივიდა. ყოველ წარუმატებლობის შემდეგ ვფიქრობ ამ ქალაქიდან გაქცევას, მაგრამ ამაოდ, ვერ შევძელი და ალბათ ვერც შევძლებ. რთულია ჩემი ცხოვრება წარმოვიდგინო სხვაგან, გარდა თელავისა. ბევრმა სცადა, წავიდა და უკან დაბრუნდა, უფრო მეტმა სცადა თელავის გარეთ ბედნიერების პოვნა, მაგრამ უშედეგოდ.



ეს ქალაქია, სადაც ერთხელ თუ მოხვდი თავს ვერასოდეს დააღწევ, თითქოს მრავალი წლის წინ რაღაც ჯადოსნური მომხდარიყოს და ყველას ამ ქალაქისკენ ექაჩებოდეს. 
თელავი ერეკლეს ქალაქია და თითქოს პატარა კახის სული თითოეულ ჩვენგანში ჩასახლებულაო ყველაფრის მიუხედავად გვაიძულებს ამ ქალაქზე ზრუნვას. 
ყველაზე მეტად მაინც ნისლიანი თელავი მიყვარს, ხანდახანისეთ ნისლში ჩაიძირება ხოლმე, რთულია დაიჯერო სიცხადე. ისე სევდიანად თავბრუდამხვევ ნისლში ჩაიკარგება ხოლმე, თითქოს წარსულის აჩრდილები გამოქცეულიყვნენ მეფის სასახლიდან. იმხელა სიდიადე იგრძნობა ამ დროს თელავში, გგონია სამყარო აქედან შეიქმნაო
ეს არის ქალაქი რომელსაც ღმერთთან ერთად მეფის მადლიც ფარავს.





x

Friday, October 20, 2017

მე როგორც კანდიდატი




ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და დღეს ისე როგორც არასდროს ვფიქრობ ცვლილებებზე, წარმატებულ საქართველოზე და იმ საქმეებზე, რომლის გაკეთების საშუალებაც შესაძლოა მომეცეს.
მიუხედავად იმისა რომ უკვე მრავალი წელია საარჩევნო პროცესებში ვარ ჩართული, ხვალ პირველად აღმოვაჩენ ბიულეტინში საკუთარ თავს. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ვფიქრობდი, უნდა გამეკეთებინა არჩევანი არსებულთან შეგუებასა და პრობლემების მოგვარებაში. უნდა ამერჩია ან მშვიდად პროცესების თვალის დევნება ან ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა. უნდა მიმეღო გადაწყვეტილება ვყოფილიყავი ცვლილებების ნაწილი თუ უყურადღებოდ დამეტოვა ჩემს ირგვლივ არსებული პრობლემები.
და მივიღე ურთულესი გადაწყვეტილება დამეწყო ბრძოლა ცვლილებებისთვის, გავმკლავებოდი უამრავ პრობლემას და საკუთარ თავზე ამეღო ის პასუხისმგებლობა, რაც საკუთარი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის წარმატებისთვის მუშაობაა.
არ ვიცი ხვალ რა შედეგი დადგება, არ ვიცი ამომრჩეველი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი, მომავალში აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას თელავისთვის, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მცირედი წვლილი მაინც შევიტანო თელავის განვითარებაში.

Monday, September 4, 2017

რევოლუციის აუცილებლობა

                                                                            "პირველ რიგში რევოლუცია იწყება არა ქუჩაში, არამედ შენს თავში - შენს გონებაში და სისხლში."
უილიამ პირსი




საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, ქვეყნის მმართველობა, სოციალურ-ეკონომიკური მდომარეობა, კონსტიტუცია, მაგრამ უცვლელი დარჩა საბჭოთა მენტალობა, რომელსაც თითქოს მალევე უნდა მოჰღებოდა ბოლო, მაგრამ დღემდე ღრმად აქვს ფესვები დარჩენილი ქართულ საზოგადოებაში. რუსეთის 200 წლიანმა მმართველობა წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის მენტალობაზე. საბჭოთა კავშირმა საქართველოს გაუყალბა ისტორია, წაართვა ეროვნული თვითშეგნება და ის ნეგატიური ჩვევები დაამკვიდრა ქვეყნის განვითარების მთავარ საფუძვლად, რომელიც უნდა გამქრალიყო ქვეყნის აზროვნებიდან.
ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე რევოლუცია მოხდა, მაგრამ ეს რევოლუციები მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას ემსახურებოდა, არანაირი ცვლილება, არანაირი ძვრა არ მომხდარა. რევოლუცია არ მომხდარა ქართველი ხალხის გონებაში, რომელსაც 200 წლის განმავლობაში, მთლიანად წაართვეს ეროვნულობის განცდა. 
ქართული საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი საწყისი უნდა იყოს საერთო იდეის, მიზნის გამორკვევა თუ როგორ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და ამ მიზნისკენ სწრაფვა ერთიანი ძალებით არის მნიშვნელოვანი. უმთავრესია საქართველოს მოქალაქეებმა დაიბრუნონ ერთიანობის განცდა, ამისათვის კი შინაგანი რევოლუციაა აუცილებელი. ისეთ დაუნდობელი რევოლუცია რომელიც, რადიკალურად შეცვლის ადამიანების დამოკიდებულებას ერთმანეთისა და ქვეყნის მიმართ. რევოლუცია რომელიც ქართველ ხალხს ჩამოაყალიბებს ეროვნული აზროვნების საზოგადოებად. ეს რევოლუცია კი უპირველესად უნდა დაიწყოს ჩვენს გონებაში, შემდეგ კი რევოლუცია გავა ქუჩებში, შევა თვითოეულ სახლში, მოიცავს მთელს ქვეყანას და ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი ერი.

Thursday, August 24, 2017

მათი აქსესუარი



ჩვენზე უბრალოდ საუბრობენ, როგორც ნივთებზე. გვირჩევენ, გვარჩევენ და არასოდეს კითხულობენ ჩვენ რა გვინდა. ჩვენი ყოველი თხოვნა მათთვის, უბრალოდ აზრს მოკლებული წუწუნია.
ქალები უბრალოდ აქსესუარები ვართ, რომლითაც თავს იწონებენ, იპრანჭებიან და დაგვატარებენ. ქალს არ გააჩნია განცდები, სურვილები, ქალი ხომ სუსტი არსებაა და მათი კონტროლი სჭირდება.
ჩვენ ქალებს ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ უნდა ვიყოთ ლამაზები, ისეთი ლამაზები რომ აქსესუარად გამოვდგეთ. ნივთები რომელიც მათ კომფორტს შეუქმნის, განტვირთავს.
ზოგი ცოლები უნდა ვიყოთ, ზოგიც საყვარლები და ამათგან არცერთი სტატუსი არ გაძლევს საშუალებას იყო ქალი რომელსაც აქვს სურვილები, იმაზე ძლიერი ვიდრე მათ აქვთ. არ უნდა იყო ქალი, რომელიც ულტიმატუმებს აყენებს ან რაღაცას ითხოვს და თუ შემთხვევით ასე მოიქეცი მათი დაკარგვით გემუქრებიან.
არ აქვს მნიშვნელობა როგორია ის, ძლიერი, განათლებული, სუსტი, სიმპათიური თუ მარტივი, ისინი ყველა ერთიდაიგივე რაღაცას მოითხოვენ. მათი სტანდარტი ერთია, მთავარია მათი კომფორტი. მაგრამ მაინც არ არიან კმაყოფილები, მიუხედავად იმისა მათ სურვილებს ასრულებ თუ არა, ხან მოსწონთ ეს, ხან არა.
და ჩვენ ქალები ხშირად ვეგუებით ამ ყველაფერს, არ გვინდა მაგრამ მაინც ვუჯერებთ, არ მოგვწონს, მაგრამ მაინც ვუთმენთ, ლაპარაკი გვსურს და მაინც ვჩუმდებით, წასვლა გვინდა და მაინც ვრჩებით.
ამისი არც მიზეზი და არც მიზანი არ არსებობს, ეს უბრალოდ სისუსტეა, სისუსტე რომელიც დაძლევადია.
ეს უბრალოდ აქსესუარია, რომელიც უნდა დაიმსხვრეს.

Sunday, August 13, 2017

ჯეჯელავას ვაშლი, უმუშევრობა და განათლება



საქართველოს 25 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიას წითელ ხაზად გასდევს უმუშევრობის პრობლემა, რაც თავისთავად იწვევს დაბალ სოციალურ ფონს. ქვეყანაში ბევრი პრობლემის მოგვარება მოხერხდა, მაგრამ უმუშევრობა კვლავ დარჩა იმ უმთავრეს პრობლემად, რომელსაც მოგვარების გზა ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ მოუძებნა. თითქოს ბევრი პროექტი ხორციელდება, მაგრამ უმუშევრობის მაჩვენებელი ისევ მაღალია (გამოკითხული მოსახლეობის 47% თვლის რომ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა).
დასაქმების პრობლემის საწყისი ვთვლი, რომ განათლებაში უნდა ვეძიოთ.  შესაბამისი კვალიფიკაციის არ ქონა, იწვევს როგორც ამ ადამიანების დაუსაქმებლობას, ასევე ორგანიზაციების დაბალ ეფექტიანობას (რაც თავისთავად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე).
საქართველოში განათლების პრობლემა მუდმივად არსებობდა, ჯერ იყო და ერთ ტომარა ფქვილზე გაყიდული დიპლომები, შემდეგ ეროვნული გამოცდები და რეპეტიტორები, რომელიც უფრო და უფრო გაძლიერდა. ერონულ გამოცდებმა რა თქმა უნდა გამოიღო შედეგი და უნივერსიტეტებში ჩაწყობით ვეღარ ხვდებიან სტუდენტები მაგრამ, გამოცდების რეფორმას მეტი შედეგი უნდა გამოეღო. ამ რეფორმის პარალელურად უნდა დაწყებულიყო სკოლების რეფორმაც და სასკოლო პროგრამა უნდა ყოფილიყო მოსწავლის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული, უნდა ჩამოყალიბებულიყო ძლიერი სკოლა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ საპირისპირო შედეგი. დღეს მოსწავლის იდეაფიქსია უნივერსიტეტში მოხვედრა (ამაზე ცოტა მოგვიანებით) რის გამოც უამრავ ფულსა და ენერგიას ხარჯავს, რომ მთელი 12წლის მასალა ერთ წელში აითვისოს რეპეტიტორთან. შესაბამისად დაკნინდა სკოლის მნიშვნელობა და კატასტროფულად დაბალია განათლების ხარისხი.
კიდევ ერთი საინტერესო რეფორმა განხორციელდა განათლების სისტემაში, რომელმაც მკვეთრად აჩვენა ამ სისტემაში არსებული პრობლემები. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები, დიდი სარკე აღმოჩნდა განათლების სამინისტროსთვის (სამწუხაროა რომ ხელისუფლება ამ სარკეს თვალს არიდებს) 2016 წელს ამ გამოცდებზე გასული მასწავლებლიდან მინიმალური სავალდებულო ზღვარი 83% ვერ გადალახა. 
განათლების სისტემას დღეს სასიცოცხლოდ ესაჭიროება მკვეთრი და მიზანმიმართული რეფორმა, რომლის არა თუ განმახორციელებელი არამედ მომფიქრებელიც არსად ჩანს. ვაშლებით ვერ მივცემთ ახალგაზრდებს საჭირო განათლებას, ვაშლებით ვერ გავზრდით კვალიფიციურ კადრს, მხოლოდ ვაშლებით გამოკვებილები ვერ დასაქმდებიან და შესაბამისად ვერ შექმნიან ქვეყნისათვის საჭირო დოვლათს, ამ ყველაფრის შედეგი კი საქართველოს როგორც სახელმწიფოს ჩამოშლა იქნება.
უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, ქვეყნის განვითარებისთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სისტემაში. აი ეს არის ქართული რეალობა.  

Monday, July 17, 2017

სარკის ანარეკლში....



ყოველი დილა, ჯერ კიდევ თვალები ფართედ რომ არ მაქვს გახელილი, პირველ ნაბიჯებს სარკისკენ ვდგავ. თავდაპირველად ბუნდოვანი ანარეკლი მესალმები, შემდეგ კი ნელ-ნელა გამოსახულება იფილტრება და ჩემს წინ სრულიად შიშველ ქალს ვხედავ. ოდნავ შესიებული თვალებით, გაწეწილი თმითა და სულელური ღიმილით. ხშირად ვაკვირდები ამ ქალს და თითქოს ყველაზე უკეთ მას უნდა ვიცნობდე, მაინც ყველაზე ამოუცნობია ჩემთვის. არა და ყველაზე უკეთ ვიცი მისი სხეული, მისი ხასიათი მაგრამ განცდებში ჯერ ვერ გავერკვიე.
უკვე 25წელია სარკესთან ვდგები და ვცდილობ დავინახო გრძნობებისგან შიშველი საკუთარი თავი, მაგრამ ამაოდ. ახლაც ვდგავარ სარკესთან და ვეძებ რაიმე თბილს, გულწრფელს, ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. მხოლოდ ღიმილი ჩანს სარკეში, რომელიც  სხვა დანარჩენს ფარავს. ზოგჯერ ისე ძლიერ მომინდება ეს ღიმილი გავაქრო და მის უკან საგულდაგულოდ მიმალული სისულელეები დავინახო.
სარკის ანარეკლში ჩანს ქალი, რომელიც ჩემგან ისე შორსაა, თითქოს ის სხვაა და სხვას გრძნობს. ის საზოგადოებისთვის მისაღები ქცევების ქალია, საშუალო სტატისტიკური ქართველი ქალი, რომელსაც უხილავი ძაფები აქვს გაბმული ირგვლივ და მორჩილად მიჰყვება ამ გზას.
სარკის იქით კი რაღაც განსხვავებული ხდება,  ღამის სიჩუმეში ქრება ხოლმე ღიმილიც, ის უხილავი ძაფებიც და საზოგადოებრივი წესრიგიც. ალბათ ოდესმე დილითაც დავაღწევ თავს სარკის ანარეკლს, მოვიშრებ ღიმილსაც და უბრალოდ ვიქნები მე........

Monday, July 10, 2017

რატომღაც ასე.......



მე რომ მკითხო, მარტოობა მირჩევნია. უწესრიგო მარტოობა. ჰაერში გამეფებული ჩემი სუნით, განწირულად აკივლებული ჩემი ფიქრებით და ყველაზე უხერხული სიჩუმით.
ხანდახან მარტოს მიცინია ცრემლებამდე (არ მახსოვს რატომ), ხან კი მიტირია აუტანელ ტკივილამდე (არც ეს მახსოვს რატომ) და ბედნიერებაც სწორედ ეს მოუთოკავი გრძნობები იყო.
ხშირად მახსენდება როცა ორნი ვიყავით და ახლა არ ვიცი ბედნიერება იყო ეს თუ არა. წვიმაში სირბილი კი მენატრება, კიდევ ჩემი სულელური გაბუტვები და შენი ღვთაებრივი შერიგებები.
ახლა თავს ხან ძალიან ცარიელად ვგრძნობ, თითქოს სისხლიც კი აღარ მაქვს, ხანდახან კი ამ თავისუფლების ჰაერით ისე ავივსები ხოლმე მგონია ფილტვები დამისკდება მარტოობით.
ხო და კიდევ მარტოობაში ბევრი ფიქრია, ბევრად მეტი ემოცია და განცდაა. ეს ისე რბილად, ისე ჩუმად გეხვევა თავს, მგონი შეუძლებელია თავი დააღწიო. ბოლოს კი მარტოობა სულის მდგომარეობად იქცევა, ხასიათად გარდაიქმნება, რომელსაც არ დათმობ.