Friday, May 5, 2017

უკულტურო ევროპა

 
  დღეს ყვარლიდან თელავის მიმართულებით ვმგზავრობდი "მარშუტკით", ჩემთან ერთად მგზავრობდა ორი პოლონელი ტურისტი, ასევე დაგვემგზავრა ტიპიური ქართველი კაცი თავისი განუყრელი ღირსეული ღიპით. ტურისტი გოგონა წამოდგა წინ გადაიწია და მძროლს სთხოვა გაჩერება, ტურისტებმა დაგვტოვეს. და რაღა თქმა უნდა "მარშუტკაში" დაიწყო უკულტურო ევროპის განხილვა.
     ტრადიციული ღიპის მქონე მამაკაცი განსაკუთრებით აქტიურობდა ევროპის კრიტიკის დროს, ბევრი მოვისმინე ქართველობის წართმევაზე, ევროპის მცდელობაზე ქართველი ქალის გახრწნისა და ა.შ.
      უკულტურო ევროპაზე საუბრობდნენ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიგრძის ყანწით სვავენ სამშობლოს სადღეგრძელოს და ოკუპირებული რუსეთისკენ დაუოკებლად მიიწევენ, იგივე ყანწით სვავენ ქართული არნახული ბუნების სადღეგრძელოს და ეს ბუნება სავსეა მათივე დაყრილი ნაგვით, ტყეები გამქრალია მათ მიერ მოჭრილი ხეების გამო. ქვეყანაში საშუალოდ ერთ წელში 300 ქალს ჰკლავს ქართველი ღირსეული კაცი. დაახლოვებით წელიწადში 450 ბავშვი იღუპება საკვების უკმარისობით. არ მოსწონთ იმ ადამიანებს ევროპა, რომლებიც რესტორნიდან ჩხუბის გარეშე არ გამოდიან. ადამიანები ვისთვისაც "დასტაევსკი" ეროვნული მწერალია და არ იციან ვინ იყო სულხან საბა ორბელიანი. ერი რომელიც მარიხუანის მოხმარებას, ადამიანების თამამ საქციელს ახალგაზრდების გარყვნად აფასებს, იწუნებს ევროპას.

     ეს არის ქვეყანა რომელმაც უამრავი სისხლის ფასად მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ 37მანეთიან ფრენებს მისტირის, ქვეყანა რომელსაც დასცინის მეზობელი, მაგრამ ის ერთმორწმუნე მეგობარია და არა მტერი.
და ამავდროულად ეს ის ქვეყანაა რომელსაც 25 წლიანი დემოკრატიისკენ მიმავალი გზა აქვს გავლილი და კიდევ ძალიან დიდხანს აპირებს ამ გზაზე სიარულს. ქვეყანა სადაც ახალგაზრდები თვითორგანიზებით ახერხებენ სტიქიისგან დაზარალებული ქალაქის გაწმენდას და გაჭირვებულის დახმარებას. ქვეყანა რომელიც თავისი არსით აღარ შეეგუება ღიპიანი ბიძიების რუსულ მელოდრამებს. და მაინც ჩვენ ევროპელები ვართ, ვიღაცეებს მოსწონთ ეს თუ არა.

Tuesday, April 18, 2017

უდიპლომო მე


        რამდენიმე წლის წინ, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, მიხაროდა სტუდენტობა. რამდენიმე კვირის შემდეგ დავფიქრდი რაში მჭირდებოდა ეს ყველაფერი და საკუთარი თავი უპასუხოდ დავტოვე. დასაწყისისთვის უნივერსიტეტი უბრალოდ კარგი გასართობი იყო, ვსწავლობდი იმას რაც მაშინაც და ახლაც აბსურდულია ჩემთვის. მასწავლან გამოგონილ ამბებს, რომელსაც ისტორიას არქმევენ.
       ფინანსური პრობლემების გამო მეორე კურსზე სტატუსი შევიჩერე და მახსოვს როგორი დეპრესია მქონდა, ვთვლიდი რომ ყველაზე დიდი პრობლემა მქონდა რომლის მოგვარებასაც ყველასგან განაწყენებული ვითხოვდი. ორი წლის შემდეგ დავუბრუნდი სტუდენტობას და მივხვდი, რომ ბევრი არაფერი მაკლდა იმ ორი წლის განმავლობაში. რამდენიმე თვე აქტიურად ვიარე უნივერსიტეტში და საშინელი მოწყენილობა ვიგრძენი. მივხვდი ამ სწავლით ვერ გავხდებოდი ის რაც მინდოდა, ვერ მივიღებდი იმას რისკენაც ბავშვობიდან ასე ვისწრაფვოდი. მაშინ მივხვდი, რომ ის თეორიები რომლებსაც ამდენ წელს ვიზეპირებდი არაფერში გამომადგებოდა და უმჯობესი იყო რაიმე საინტერესოსთვის დამეთმო დრო. ასე ჩავერთე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში. სრულიად შემთხვევით მოვხვდი იუსტიციის სამინისტროს მოხალისეობრივ პროექტში და რამდენიმე თვეში, ასევე შემთხვევით დავიწყე იუსტიციის სახლში მუშაობა.


       ნელ ნელა უფრო აქტიურად ვერთვებოდი საზოგადოებრივ საქმიანობაში, ვხვდებოდი ეს იყო ის რაც ყველაზე მეტად მიხაროდა, მომწონდა, მაინტერესებდა და მაბედნიერებდა. შემდეგ ერთი წლით ისევ შევაჩერე სტატუსი და ამით ბედნიერი ვიყავი, მომწონდა და თავს სრულფასოვნად ვგრძნობდი.
        ახლა? ახლა ისევ მესამე კურსის სტუდენტი ვარ, მაქვს საინტერესო სამუშაო გამოცდილება, ვიცი ბევრად მეტი ვიდრე ამ შვიდი წლის განმავლობაში შესაძლოა უნივერსიტეტში მესწავლა.
       ახლა მხოლოდ კანონმდებლობა მზღუდავს, რადგანაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მითითებულია, რომ საჯარო მოხელეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, კერძო დამსაქმებლებიც იგივეს ითხოვენ. ხო და მეც ვალდებული ვარ დროში გაწელილად ვიყიდო დიპლომი. არა და მე საინტერესო ცხოვრება მაქვს უნივერსიტეტის გარეთ, ბევრად საინტერესო ვიდრე საქართველოს განათლების სისტემა მთავაზობს.

Friday, April 14, 2017

თელავი თვითმმართელი ქალაქი

   

              2013 წელს საქართველომ მიიღო დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რის შედეგადაც 2014 წელს 12 თვითმმართველი ქალაქი გაჩნდა, მათ შორის არის თელავი. ამ რეფორმის საფუძველზე ქალაქის 21 ათასი ამომრჩეველი ირჩევს მერს, 15 საკრებულოს წევრს (5 მაჟორიტარი და 10 პროპორციული), გააჩნია საკუთარი შემოსავლები და ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შეუძლია შიდა საკითხების გადაწყვეტა.
        ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად გათანაბრებითობის პრინციპით ყველა თვითმმართველი ქალაქი ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ანუ ქალაქის ბიუჯეტი ივსება შიდა შემოსავლებით და ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერით. 2016 წელს თელავის ბიუჯეტის 85%ს (10391600 ლარი) შეადგენდა შემოსავლები და ცენტრალურმა ხელისუფლებამ გათანაბრებითობის პრინციპით ბიუჯეტის მხოლოდ 15%ის (890000 ლარი) გადმორიცხა. დაახლოვებით იგივე მონაცემებია სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც და ეს მზარდი ტენდენცია.
       რამდენიმე თვის წინ მთავრობის კულუარებში გავრცელდა ჭორი თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ, რომლის მიზეზად გაზრდილ ხარჯებს ასახელებენ. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეს ჭორები დაადასტურა და განაცხადა რომ თვითმმართველობის რეფორმა "სისულელე" იყო.
      მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ურბანული განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. საქართველო ურბანიზაციის ინდექსიც  115 ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. წამყვანი ქვეყნები კი განაგრძობენ დეცენტრალიზაციისკენ სწრაფვას.

     
              თვითმმართველი ქალაქის სტატუსმა ბევრი სარგებელი მოუტანა თელავსა და თელავისაგან გამოყოფილ თელავის თემს (სასოფლო დასახლებებს). ორი დამოუკიდებელი ბიუჯეტით ბევრად სწრაფად და ეფექტურად ხდება მოსახლეობის პრობლემების მოგვარება. უფრო მარტივი გახდა კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და იმის ნაცვლად, რომ დღეს ხელისუფლება მსჯელობდეს თვითმმართველობის გაძლიერებაზე ის ამის გაუქმებას აპირებს. არა და საკანონმდებლო ორგანო და აღმასრულებელი ხელისუფლება მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს.

Tuesday, April 11, 2017

კაცის თავისუფლება

   
საქართველო პატრიარქალური ქვეყანაა და შესაბამისად რაც კაცისთვის ჩვეულებრივი ამბავია ის ქალისთვის აკრძალულია. თავდაპირველად რომ დავიწყოთ, როდესაც ოჯახში ბიჭი იბადება დიდი სიხარულის ფონზე ოჯახის მამაკაცი წევრები აწყობენ გეგმებს როგორ უნდა გამოზარდონ "ნამდვილ კაცად". ხოლო "ნამდვილ კაცში" იგულისხმება კაცი რომელსაც აქვს გაუცნობიერებელი სექსი ყველა ქალთან.
      მოზარდობის ასაკში ოჯახის უფროსს დიდი ზარ-ზეიმით მიჰყავს "ქალებში" დასავაჟკაცებლად და სწორედ ეს უნდა გახდეს საფუძველი იმ დიდი მექალთანეობის, რომლითაც იცხოვრებს. კაცების ცხოვრებაში სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება ქალის ორი ტიპი: ქალი რომელთანაც უნდა გაერთოს და ქალი რომელიც ცოლად უნდა მიიყვანოს.
        მოდით ინდივისუალურად განვიხილოთ ორივე ტიპის ქალი. (რა თქმა უნდა კაცების აღქმით).

  • გასართობი ქალი.
უპირველესი იდენტიფიკაცია ჩნდება გარეგნული მახასიათებლებით. ქალი რომელსაც მუხლს ზევით კაბა და სულ მცირედით მაინც დეკოლტირებული ზედა აცვია. ამასთან შებინდებულზე ქუჩაში გამოჩენილი ქალიც იძლევა იმის საბაბს, რომ მასზე გართობისთვის იფიქროს კაცმა. შემდეგი კრიტერიუმი ვფიქრობ ყველაზე საინტერესოა, თუ საძმაკაცო საუბრობს (სულ ერთია სიმართლეს თუ ტყუილს) რომ ამ ქალთან შეიძლება გართობა ე.ი. გზა ხსნილია.

  • ოჯახში შესაშვები ქალი
აუცილებელი პირობაა ოჯახის "კარგი სახელი" ამასთან არუნდა იყოს ყურადღების მიმქცევი (რომ გაივლის არავინ შეხედოს, კაცმა რომ არ იეჭვიანოს). არ უნდა ლაპარაკობდეს ბევრს, აუცილებლად უნდა იყოს მორჩილი, დამყოლი და უპრეტენზიო.
       
იმ მასკულინურ საზოგადოებაში რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება ქალი ვალდებულია დაემორჩილოს ამ წესრიგს და კარგად გათხოვების პერსპექტივით იცხოვროს სხვისი წესებით. ხოლო კაცები რომლებიც საკუთარი კრიტერიუმებით არჩეულ ქალს რომელსაც დასდებენ პატივს მათი ცოლი გახდეს, თავისუფალნი არიან საკუთარ გცევებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ქალი უნდა იყოს დამყოლი და მორჩილი თორემ, კაცი თუ უნდა უღალატებს, უნდა შეურაცყოფას მიაყენებს, უნდა სულ უარს იტყვის მასზე და ახალ სიყვარულს გაეკიდება, ის მაინც თავისუფალია.

Sunday, April 2, 2017

საჩუქრებით ანაზღაურებული ძალადობა

         
            ჩვენს ირგვლივ ბევრ ოჯახში ხდება ძალადობა, სხვადასხვა ფორმებითა და გამოვლინებებით. ხშირად ჩვენ ამას ვამჩნევთ და უყურადღებოდ ვტოვებთ, არ ვერევით სხვის ცხოვრებაში და ალბათ ამით დანაშაულის თანამონაწილენიც ვხვდებით. 
           კაცები ცოლებს სცემენ (აღარაფერი რომ არ ვთქვათ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე), მაგრამ ამ დროს ქალები სრული სიმშვიდით ხვდებიან ამ ყველაფერს და ჩვეულ მოვლენად აღიქვავენ. რამდენიმე წლის წინ ერთ ოჯახთან მიწევდა ყოველდღიური ურთიერთობა, ღამითაც მათთან ვიყავი და თითქმის ყოველდღე ვხდებოდი ძალადობის მოწმე. ღამით კაცი სცემდა ქალს (!)  და ამას ქალის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყვებოდა. სამაგიეროდ კი მეორე დილით, ღამით შეურაცყოფილ და დაზიანებულ ცოლს "საყვარელი ქმარი" მცირედი საჩუქრებით ანებივრებდა. ცოლიც დიდად კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით. 
ხშირად მიფიქრია დამერეკა ცხელ ხაზზე და ძალადობის ფაქტზე გამეკეთებინა შეტყობინება, მაგრამ მეორე დილით ვხვდებოდი, რომ ქალი უბრალოდ ბედნიერი იყო ასეთი ცხოვრებით. 
         ჩვენს ირგვლივ ბევრი ქალია ძალადობის მსხვერპლი, ნაწილი ძალადობას ფინანსური პრობლემებით ხსნის, ნაწილი შვილების ბედნიერი მომავლით, ნაწილი კი უბრალოდ ძალადობას ვერ აღიქვავს. 

Monday, March 13, 2017

ქართველი ქართლის დედა

   
      არ ვიცი როდის და რატომ მაგრამ საქართველოში ქართლის დედა შეიქმნა ქალის ხატად. ერთი შეხედვით ის ძლიერ ქალად წარმოგვიდგება და სრულიად საქართველოს აზრით ეს ასეც არის. ამ მოცემულობაში ვაწყდებით ერთ შეუსაბამობას, თუ ქართლის დედა ძლიერი და ამავდროულად "ღირსეული" (როგორც ამბობენ) ქალის სახე-ხატია, მაშინ რატომ არ ეძლევათ ჩვენს ქვეყანაში ქალებს განვითარების უფლება? რატომ ცდილობს საზოგადოება ქალის როლის დაკნინებას და მის ჩაგვრას?
      ქვეყნის პატრიარქალურობიდან გამომდინარე, აქ ქალებს მუდმივად უწევთ კაცის ჩრდილს ქვეშ ყოფნა. თუ დავფიქრდებით საკუთარი გამოცდილებიდანაც მარტივად აღმოვაჩენთ, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ქალებს ბევრად მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ ვიდრე კაცებს. ქალები ბევრად შრომისმოყვარენი და ბეჯითები არიან. და რა ხდება შემდეგ? სად მიდიან ის ქალები რომლებმაც საშუალოდ 15 წელი შესწირეს სწავლა-განათლებას? ფაქტია ეს ქალები არ გვხვდებიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
      ჩვენს ირგვლივ ხშირად ვხვდებით მოსაზრებას, რომ ქალმა არა კარიერული წინსვლისთვის, არამედ შვილების კარგად აღზრდისთვის უნდა ისწავლოს. იქნებ ქართლის დედას სულაც არ ჰყავდა შვილები? იქნებ ის ძლიერი ქალის განსახიერებაა და არა სახლში "კუხნიდან-სპალნამდე" ჯაჭვზე გამობმული ქალის?! იქნებ ის არის სწორედ ის ქალი ვისაც შესწევს იმის კომპეტენცია მართოს პროცესები.
      ერთხელ ბიჭმა მითხრა, რომ მას გვერდით განათლებული ქალი მხოლოდ იმისთვის უნდოდა, რომ საზოგადოებაში თავი წარმოეჩინა და შვილები კარგად გაეზარდა.
ჩვენ ქალები, უბრალოდ გამზრდელები და კაცების აქსესუარები კი არა ძლიერი, განათლებული, საინტერესო და საოცრად ქარიზმატულები ვართ. 
ქართლის დედას კი იქნებ უფრო საინტერესო როლი მოვარგოთ, მოვარგოთ ქართველი ქალის როლი რომელიც ცვლის რეალობას. 

Tuesday, March 7, 2017

"გასალილიტებელი" 8 მარტი

   
მე მაინც ლილიტი მირჩევნია. ძლიერი, თავისუფალი ლილიტი. ქალი რომელიც თავად წყვეტს თავის ბედს. სწორედ ის არის ქალურობის საწყისი ყოველ ჩვენგანში, ის გამოძახილი რომელსაც ხშირად ვთრგუნავთ და სადღაც ჩვენში ყველაზე მიკარგულ კუთხეში ვმალავთ. 
     ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ქალს ბევრი რამ მოეთხოვება, რომ ქალი სუსტი სქესია, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ყველაფერი, რომ "ქართლისდედობა" უნდა შევითავსოთ. ჩვენთვის არასოდეს უთქვამთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ თავისუფალნი. 
       და იქნებ სწორეთ ამით არის გამოწვეული ის ძალადობა რომელიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ირგვლივ. იქნებ ამ დაკანონებული აზრის გამო აძლევენ კაცები თავს უფლებას დაგვჩაგრონ. 
         დღეს ქალებს მილოცვების მიღებასთან ერთად უწევთ იმ დისკრიმინაციის ატანა, რომელიც უკვე ყოველდღიურ ჩვეულებად იქცა. ახლა ყვავილებთან ერთად ქალები თან დადევნებულ გინებას იღებენ. ეს ჩვეულებაა, ტრადიციაა. 8 მარტი ქალებისთვის ნაჩუქარი დღეა, დღე როდესაც თითქოს სულ მცირე პატივისცემას გვიწყალობებენ ხოლმე. 
         გვჭირდება კი ეს ყვავილები ანდა ძვირფასი საჩუქრები? იქნებ ამ დილით დავასრულოთ ეს სიმბოლიზმი და მოვითხოვოთ "ლილიტობა", მოვითხოვოთ თავისუფლება, მოვითხოვოთ ამ ძალადობის შეწყვეტა. უარი ვთქვათ ყვავილებზე და მის სანაცვლოთ ნების თავისუფლება მოვითხოვოთ. უარი ვთქვათ იმ ნეკნზე, რომელიც თითქოსდა ჩვენს გამო დაკარგეს და თანასწორობა მოვითხოვოთ. ყველგან, ყოველთვის, ყველაფერში, მკაცრად, ჯიუტად თანასწორობა მოვითხოვოთ. 
          შემდგეში "გალილიტებული" 8 მარტი მომელოცოს <3