Monday, April 27, 2020

მე.....



ვინ ვარ მე?

ვინ ვარ?
რთული სათქმელია,
 არა ამას მარტივად ვერავინ იტყვის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში საქმე ნამდვილად რთულადაა, იმიტომ რომ ერთი პატარა უცნაურობა მჭირს,
 სულ პატარაა დიდი არაფერი....
ნუ შეიძლება ითქვას წაუდიდებს, გააჩნია როგორ შეხედავ. ეს პაწაწინა უცნაურობააო ვერ იტყვი, მაგრამ არც  უშველებელია...
უბრალო თავისებურებაა მეტი არაფერი, მაგრამ თქვენ როგორ მოგიყვეთ ამაზე არ ვიცი....

ემოციები.....

ხანდახან მინდა ვიყვირო ხოლმე, ისე ხმამაღლა ირგვლივ ყველამ გაიგოს, ვიყვირო ვიტირო და გულიანად ვიცინო, მაგრამ არ გამომდის. იმდენად არ გამომდის რომ ბოლო 13 წლი ისე ვიცხოვრე ცრემლი არ გადმომვარდნია თვალიდან. არც მაშინ როცა მიხაროდა და არც მაშინ როცა მამას ვკარგავდი.
ყოველთვის ვცდილობდი გრძნობები არა თუ სხვებისთვის არამედ საკუთარი თავისთვისაც კი დამემალა და ბოლოს ამას ისე მივეჩვიე რომ ახლა ვეძებს საკუთარ თავში ემოციას და ვერ ვპოულობ.
არა და უნდა ვიპოვო...
უნდა ვთქვა...
უნდა ვიტირო, ვიყვირო.....
უბრალოდო ეს მჭირდება.
   არ ვიცი რა არის ამის გამომწვევი, მაგრამ თითქოს ლითონის უხეშ ნაგლეჯად ვიქეცი და ამ ჩემი სიუხეშით გარშემომყოფებს ვაზიანებ. მერე ყველა უბრალოდ გარბის, ისე გარბიან რომ ჩემი ნასახიც აღარ რჩება მათში. მერე ლითონი უფრო უხეშდება და ისევ აგრძელებს ქუჩაში მარტო გდებას.

დიდი დრო დამჭირდა ამის გასააზრებლად, ამის საგრძნობად, მაგრამ ახლა ვიცი რომ მსხვრევადი უნდა გავხდე, ყველაზე თხელი მინასავით მსხვრევადი და ყოველი გატეხვისას ხმა უნდა გამოვცე.......


Friday, October 18, 2019

მიტოვებული ქალები


ესროლა
დაჭრა
გაგუდა
მოკლა....

ყოფილი შეყვარებული
ყოფილი ცოლი
ცოლი.....

ეს ის საკვანძო სიტყვებია, რომელსაც კვირაში მინიმუმ ერთხელ ვკითხულობთ და ვისმენთ საინფორმაციოდან.
კაცები საკუთარ თავს აძლევენ უფლებას რომ ქალის სიცოცხლე ხელყონ. ისინი უბრალოდ ქალებს კლავენ და შემდგომ თავს იმართლებენ.
ვინ არიან ეს კაცები?
ნამდვილი “ღრუზინი” ქართველი ვაჟკაცები რომლებიც ფიქრობენ რომ სქესის გამო აღმატებით მდგომარეობაში არიან და აქვს ყველაფრის უფლება.
რატომ კლავენ პარტნიორ ქალებს?
არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც იწვევს მათ აგრესიას.

ჩვენს ირგვლივ ბევრი ქალია რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი და ისინი ჩუმდებიან, ჩვენც ვჩუმდებით ძალადობის მაყურებელნი და როდესაც ფაქტის წინაშე ვდგებით მაშინ ვტეხთ განგაშს, ისიც მცირე ხნით, მერე გვავიწყდება ახალ მსხვერპლამდე.
სახელმწიფო არ ზრუნავს ძალადობის მსხვერპლზე. არც საზოგადოება ზრუნავს.
ჩვენ ყველამ, მოძალადეს შევატოვეთ ქალები და ფატალურ შედეგს დავტირით.
ვინ არიან მსხვერპლი ქალები?
ისინი ჩვენ ყოველდღიურად გვხვდებიან.
ისინი ჩვენ თვალებით გვევედრებიან დახმარებას.
ისინი ტირიან.
ეძებენ გამოსავალს და ვერ პოულობენ.

თითოეული მსხვერპლი ქალი, ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
ჩვენ ვართ დამნაშავეები მათ სიკვდილში.

ისინი მიტოვებული ქალები არიან.

Tuesday, October 15, 2019

რომაული არდადეგები

ყველა გზა რომში მიდისო, ხო და ჩემი გზაც წავიდე რომში. გასაოცარი ერთ კვირიანი რომაული არდადეგებით ზღაპარში აღმოვჩნდი და ემოციების ზღვა რომელიც დაგროვდა ჯერ კიდევ ვერ დალაგებულა.


ამ მოგზაურობისთვის უპირველესად მადლობა  https://www.facebook.com/travelparadise.ge/ და  #რეზი ბიწკინაშვილს, ყველაზე ყურადღებიანსა და მზრუნველს.❤️

დასაწყისში უნდა ვისაუბროთ ალბათ მსოფლიოში ყველაზე ტემპერამენტიან ადამიანებზე. იტალიელები ხმაურიანები მხიარილები და მომღიმღრები არიან, დახვეწილი, გემოვნებიანები და მასიურად ყველა საოცარ სუნამოს სურნელს ტოვებენ ქუჩაში.

იტალიის არქიტექტურაზე ჩემზე უკეთაც ბევრს დაუწერია ამიტომ არ ღირს აქ ჩემი ბოდიალი😁

ხოლო რაც შეეხება ჩემთვის ყველაზე საყვარელს, სამზარეულოს, ეს არის ის რუს გამოც ყოველ წელს ვივლიდი იტალიაში. უამრავი სახეობის ყველი და ძეხვი რომელთა კომბინაციაც საოცარ გემოს ქმნის და თან თუ ამ ყველის ასორტთან იტალიურ წითელ ღვინოს ფლორენციაში ერთ ერთ პიაცაზე მიირთმევ და სადღაც შორიდან ჩელოს ჰანგები ისმის სრულ ნეტარებას განიცდი.



და ვენეცია... არ ვიცი როგორ უნდა დავწერო, ვერც ვსაუბრობ უბრალოდ ემოციებს ვერ გადმოვცემ, ყველა აღმატებითი სიტყვა მეცოტავება ვენეციაზე საუბრისას უბრალოდ ვიტყვი რომ აუცილებლად დავბრუნდები.




P.S. და სულ ცოტა ოკუპანტ რუსებზე, პირველად მომიხდა ასეთი ინტენსიური შეხება რუსებთან და დავრწმუნდი რომ მათ სულში აქვს დამპყრობლობა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცდილობენ შეგავიწროვონ, ან დაგაბიჯებენ ან გადაგივლიან და ამას ისეთი ამაყი სახით აკეთებენ რომ ეს ქმედება აბედნიერებთ.
ევროპს გულშიც #რუსეთიოკუპანტია

Wednesday, October 31, 2018

ნახევარი საუკუნის სიყვარული




დიდი ხანია არაფერი დამიწერია....
ალბათ სათქმელი აღარ მაქვს ან ნიჰილიზმი შემომეპარა.

რამდენიმე დღეა მახსენდება ბებიის მონაყოლი 50 წლის წინანდელ სიყვარულზე, ხო და ვეცდები მოკლედ დავწერო ნახევარ საუკუნიანი სიყვარულის ისტორია.

ამბობენ ხოლმე ძველად სხვანაირად უყვარდათო, ამაზე ყოველთვის ბებია და პაპა მახსენდება.
პაპა, გივი ლამაზოშვილი, თელავში ჩლუჩად იცნობდნენ, იმ დროისთვის წარმატებული ფეხბურთელი ყოფილა. ციალას (ბებიის) მონაყოლიდან იმ დროისთვის ძალიან სიმპათიური და პოპულარული ბიჭი. ხო და ეს პოპულარული ბიჭი შეყვარებული იყო ბებიაზე და 7 წლის განმავლობაში სულ კუდში დასდევდა. ჯერ სიყვარულის ახსნას ვერ ბედავდა და როდესაც გამიმხილა გზის ერთ მხარეს მე დავდიოდი და გზის მეორე მხარეს პაპაშენიო, იხსენებს ხოლმე ციალა და თან ეცინება.
ბებია სწავლაზე ორიენტირებული იყო და გათხოვება გეგმაშიც არ ჰქონია, როცა ერთ დღესაც ჩლუჩი დედასთან ერთად ქუჩაში დახვედრია და დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ დაუთანხმებია რომ ცოლად გაჰყოლოდა. ასე გაიპარნენ მეოცე საუკუნის 50იან წლებში და შექმნეს ოჯახი რომლისაც ბევრს შურდა.
უყვარდათ ერთმანეთი და ასე გაუძლეს ბევრ გაჭირვებას, ერთად გადალახეს ბევრი პრობლემა და ასე შეხმატკბილებულად მოიტანეს ოჯახი ბოლომდე.
2003 წელს დაიღუპა ჩლუჩი და ციალა დღემდე გაბრაზებულია ქმარზე, ამ უბადრუკ ქვეყანაში მარტო როგორ დამტოვეო, დასტირის ხოლმე.

ახლა ეს პოსტი მონატრებამ დამაწერინა ჩემი საყვარელი ბებია-პაპის <3
P.S. ცოტა ხნის წინ შემთხვევით ჩემს ნაწერებში აღმოვაჩინე ხელწერილი, რომელიც ბავშვობაში პაპას დავაწერინე, სამი შოკოლადი ვასესხე, პროცენტით უნდა დაებრუნებინა :D :D

Monday, August 6, 2018

აგვისტოს ცა........



ეგრეთ წოდებული "ზვიადისტების" ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ოჯახში რომელიც თავად იყო მონაწილე ქართული სახელმწიფოს თავისუფლების პირველი ამოსუნთქვის.
პატრიოტულ ნოტაზე ვიზრდებოდი და მუდმივად ვისმენდი ისტორიებს საქართველოს ბრძოლისა დამოუკიდებლობისთვის.
დასაწყისშივე გააზრებული მქონდა რომ რუსეთი მტერია.
თითქოს დაბადებიდან ვიცოდი რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, გადარჩენის ბრძოლის ტოლფას იყო.

პატარა ვიყავი და ომზე მხოლოდ მსმენოდა, ისიც კარგად ვიცოდი რომ ჩრდილოელი მეზობელი არ დაგვინდობდა, მაგრამ ამ ფაქტს მხოლოდ თეორიულად ვაცნობიერებდი და რელობაში ვერც კი ვუშვებდი, იმას რომ ეს მტრობა ღია აგრესიაში გამოიხატებოდა და ოდესმე მეც შემეხებოდა.
მახსოვს დილით რომ გავიღვიძე ჰაერი დამძიმებული იყო.
საფრთხე ვიგრძენი და ყველაზე რთული ის იყო ამ საფრთხეს ვერც გავექცეოდი, ვერც დავემალებოდი....
აივანზე ვიჯექი და ცაში ვიყურებოდი.........
არც მშიოდა, არც მეძინებოდა, მხოლოდ მინდოდა ცისთვის მეყურებინა და ღრმად მესუნთქა თავისუფლების ჰაერი, რომელსაც შესაძლოა ბოლოჯერ ვსუნთქავდი.
მეშინოდა, მეშინოდა არა ტკივილის ან თუნდაც შემთხვევითი სიკვდილის, არამედ თავისუფლების დაკარგვის.
ცხელი აგვისტო იყო, მზე ხან ისე ძლიერ დააჭერდა ხოლმე რომ მიწის ქვეშეთში ჩაძრომას განატრებინებდა კაცს, მაგრამ მაშინ ყველა ცას ვუყურებდით. ხან იმედით, ხან შიშით, ხან სასოწარკვეთით, ხანაც ლოცვით, მაგრამ ყველა მაინც ცას ვუყურებდით და თვალსაც კი არ გვჭრიდა აგვისტოს მწველი მზე.
მაშინ ცაში ყველა იმედს ვეძებდით და ამდენ ათასწლეულ გამოვლილ, დაუღალავ ბრძოლას თავისუფლებისთვის ვაგრძელებდით.....
ახლაც აგვისტოა.
ათი წელი გავიდა იმ აგვისტოდან და ჩვენ ისევ ცაში ვიყურებით. ისევ გვეშინია. დილით გაღვიძებულები ბედნიერად ჩავისუნთქავთ თავისუფლების ჰაერს.
აგვისტოა და ისევ მოუშუშებლად გვტკივა.........
აგვისტოა და ცა ისევ ისეთი ლურჯია, მზე ისევ ისეთი მწველია და ჩვენ ისევ ვიბრძვით თავისუფლებისთვის..........

Monday, July 9, 2018

ეგვიპტური ვოიაჟი



დიდი ფიქრისა და განსჯის გარეშე ჩავალაგე ჩემოდანი და სულ რაღაც სამ საათში აღმოვჩნდი ეგვიპტის ულამაზეზ ქალაქ შარმ-ალ-შეიხში. მიუხედავად კლიმატური პირობებისა მთელი ქალაქი გადაყვავილებულია. 
აეროპორტიდან გასვლის თანავე ვიგრძენი ხალხის საოცარი კეთილგანწყობა. მომღიმარი სახეებით მზად არიან ნებისმიერ რამეში დაგეხმარონ.
საოცარი ურბანიზაციის ქალაქი და ზღაპრული შენობები, თავისი ეგზოტკური საჭმლით, ღამის კლუბებით, ოქროსფრად აბჭყვრიალებული სავაჭრო ცენტრებით გულგრილს არ გტოვებს და სულ რაღაც რამდენიმე წუთში გაყვარებს ქალაქს. 



ყველაზე დიდი ეგზოტიკა კი მათი საუბრის მოსმენაა, საოცრად მელოდიური და თბილი ჟღერადობის სიტყვების მოსმენა გსიამოვნებს და სულ არ გაინტერესებს რას ამბობენ ამ დროს, უბრალოდ უსმენ და გინდა რომ შენც შეძლო ასეთი დიდი ვნებით გაჟღენთილი ბგერების წარმოთქმა.



ერთ კვირიანი ვიზიტი ჩემთვის "ათას ერთი ღამის" ზღაპრად გადაიქცა. ერთი კვირით თავი შეჰერიზადად ვიგრძენი და მინდოდა ეს მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო. ეგვიპტელებს ყოველთვის ჯადოქრებად ვთვლიდი და ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი ამაში. მათ შესწევთ ძალა შენი ცხოვრება ზღაპრად აქციონ, ძველ არაბულ ზღაპრად. შეგიყვარონ და ამის მიზეზი არ გითხრან. სამყარო ფეხქვეშ გაგიფინონ და შენგან სანაცვლო არ ითხოვონ. ისინი ყველა ალადინები არიან და შენგან ჟასმინს ქმნიან. "ჰაბბიბი" ასე გიხსნიან სიყვარულს და ისეთ საოცარ ვნებასა და თავგანწირვას აყოლებენ ამ სიტყვეს თანახმა ხარ ყველაფერი დათმო.



ემოციებისგან საოცრად დახუნძლული საქართველოში დაბრუნების 2 დღის შემდეგაც ვერ ვუყრი თავს სიტყვებს. უბრალოდ ამ ვნებიან ზღაპარზე შეყვარებული ვარ და იმედი მაქვს ამ ზღაპარში დაბრუნების.

Sunday, June 10, 2018

ახლა სულ სხვანაირად.....




წერა ყველაზე კარგი საშუალებაა, საკუთარი თავიდან (ან იქნებ გულიდან ან სულიდან) გაყარო რაც მთელს გონებას გიწამლავს. ტკივილი არაა, ეს უბრალოდ რაღაც უცხო სხეულია შენს სულში, რომელიც ერთიანად გჭამს. თითქოს წითელი სიკვდილი გიახლოვდება.
უეცარი გამოჩენით რომ გცვლის, თავად გრძნობ ბევრად უკეთესი გახდი (თითქოს ისეთი სამყარო რომ არ გიმსახურებს). საათობით დგახარ სარკესთან და აკვირდები საკუთარ თავს, როგორ მოახერხა მხოლოდ ერთი ჩახუტებით შენი შეცვლა (ან იქნებ არც შეცვლილხარ?)
შემდეგ მოგწონს ასეთი შენი თავი და გინდა სულ ასეთი იყო, თუნდაც იმიტომ რომ თვალებიც ციმციმს თავადვე გრძნობ.
სულ მალე შიშები ჩნდება, იქნებ ვერ შეძლოს? იქნებ მობეზრდეს? ან იქნებ ვინმე შეუცვლელად შენზე უკეთესი იპოვოს. და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცდილობ ეს შიშები საკუთარი თავიდან გააქრო და მითუმეტეს არ დაანახო მაინც რაღაცას ცვლის, ხო თვალებსაც ცვლის.
და ბოლოს მაინც ის ხდება რისიც ასე ტკივილამდე გეშინოდა.
ისევე უბრალოდ და უცაბედად მიდის როგორც მოვიდა....

და ისევ საათობით დგახარ სარკესთან და ეძებ იმას ვინც სულ ცოტა ხნის წინ იყავი, როგორიც გახდი მასთან. ყველაზე მტკივნეული კი მაინც ისაა რომ სარკის ანარეკლში ვერც იმას პოულობ და ვერც მასთან შეხვედრამდე არსებულ შენს თავს.
ახლა უფრო ცუდი ხარ, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ.
ახლა სულ სხვანაირი თვალები გაქვს.
ახლა სხვანაირი გრძნობები გაქვს.
ახლა სულის სისხლდენამდე გკაწრავს რაღაც ამოუცნობი.
ახლა გენატრება არა თავად ის არამედ, საკუთარი თავი ისეთი როგორიც მასთან იყავი.