Monday, August 6, 2018

აგვისტოს ცა........



ეგრეთ წოდებული "ზვიადისტების" ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ოჯახში რომელიც თავად იყო მონაწილე ქართული სახელმწიფოს თავისუფლების პირველი ამოსუნთქვის.
პატრიოტულ ნოტაზე ვიზრდებოდი და მუდმივად ვისმენდი ისტორიებს საქართველოს ბრძოლისა დამოუკიდებლობისთვის.
დასაწყისშივე გააზრებული მქონდა რომ რუსეთი მტერია.
თითქოს დაბადებიდან ვიცოდი რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, გადარჩენის ბრძოლის ტოლფას იყო.

პატარა ვიყავი და ომზე მხოლოდ მსმენოდა, ისიც კარგად ვიცოდი რომ ჩრდილოელი მეზობელი არ დაგვინდობდა, მაგრამ ამ ფაქტს მხოლოდ თეორიულად ვაცნობიერებდი და რელობაში ვერც კი ვუშვებდი, იმას რომ ეს მტრობა ღია აგრესიაში გამოიხატებოდა და ოდესმე მეც შემეხებოდა.
მახსოვს დილით რომ გავიღვიძე ჰაერი დამძიმებული იყო.
საფრთხე ვიგრძენი და ყველაზე რთული ის იყო ამ საფრთხეს ვერც გავექცეოდი, ვერც დავემალებოდი....
აივანზე ვიჯექი და ცაში ვიყურებოდი.........
არც მშიოდა, არც მეძინებოდა, მხოლოდ მინდოდა ცისთვის მეყურებინა და ღრმად მესუნთქა თავისუფლების ჰაერი, რომელსაც შესაძლოა ბოლოჯერ ვსუნთქავდი.
მეშინოდა, მეშინოდა არა ტკივილის ან თუნდაც შემთხვევითი სიკვდილის, არამედ თავისუფლების დაკარგვის.
ცხელი აგვისტო იყო, მზე ხან ისე ძლიერ დააჭერდა ხოლმე რომ მიწის ქვეშეთში ჩაძრომას განატრებინებდა კაცს, მაგრამ მაშინ ყველა ცას ვუყურებდით. ხან იმედით, ხან შიშით, ხან სასოწარკვეთით, ხანაც ლოცვით, მაგრამ ყველა მაინც ცას ვუყურებდით და თვალსაც კი არ გვჭრიდა აგვისტოს მწველი მზე.
მაშინ ცაში ყველა იმედს ვეძებდით და ამდენ ათასწლეულ გამოვლილ, დაუღალავ ბრძოლას თავისუფლებისთვის ვაგრძელებდით.....
ახლაც აგვისტოა.
ათი წელი გავიდა იმ აგვისტოდან და ჩვენ ისევ ცაში ვიყურებით. ისევ გვეშინია. დილით გაღვიძებულები ბედნიერად ჩავისუნთქავთ თავისუფლების ჰაერს.
აგვისტოა და ისევ მოუშუშებლად გვტკივა.........
აგვისტოა და ცა ისევ ისეთი ლურჯია, მზე ისევ ისეთი მწველია და ჩვენ ისევ ვიბრძვით თავისუფლებისთვის..........

1 comment: