Monday, February 5, 2018

სხვა ქალები



ქართულ მენტალობაში ჩამოყალიბდა ქალის ორი ცნება. ქალი რომელიც სახლში უნდა გყავდეს (ცოლი, დედა, და) და სხვა ქალების.
სახლის ქალები ერთი შეხედვით ბედნიერები არიან, აისხავენ კილოობით ოქროულს და სანათესაო საახლობლოს შემოივლიან თავის ოჯახზე ლაპარაკით. სახლში მისულებს კი კვლავ დაუცარიელდებათ თვალები და ქმრის ლოდინის უკვე მობეზრებულ რუტინას ძილით დააღწევენ თავს.
ასეთი ქალები უნდათ სახლში კაცებს, თვალებ ჩამქრალი, უპრეტენზიო, უამბიციო ხო და რაც მთავარია ასეთი ქალების თვალებში არ არსებული ნაპერწკალი კაცებს აძლევს იმ მყარ გარანტიას, რომ ასეთ ქალებს არავინ შეხედავთ, არავინ მიეკარებათ და თავად ეს კაცებიც მშვიდად იცხოვრებენ.
მაგრამ ამავე კაცების ცხოვრებაში არიან სხვა ქალები. ქალები რომლებიც ხმამაღლა ამბობენ ნაფიქრალს, ქალები რომელთა თვალებშიც მუდმივად არის რაღაც ნაპერწკალი (არა ბედნიერების კი არა, სიანცის, სიცელქის, სიცოცხლის წყურვილის ნაპერწკალი).
ამ კაცების ცხოვრებაში მუდმივად არიან სხვა ქალები, რომელთან ყოფნითაც შინაგან ეგოს იმაღლებენ, საკუთარ თავს მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. სხვა ქალებთან ყოფნას ხან მალავენ, მაგრამ როდესაც საკუთარი მამაკაცურობის დამტკიცება მოუნდებათ, გაბღენძილები და ცხვირ აწეულები ყვებიან ათას ჭორ-მართალს სხვა ქალებზე.
მაგრამ სხვა ქალებსაც უცრემლდებათ თვალებში ათამაშებული ნაპერწკლები. ხშირად სხდებიან მაღალ სართულიანი შენობის სხვენის კიდეებზე და ფიქრობენ ფრენაზე.
უფრო ხშირად წარმოუდგენიათ საკუთარი სიკვდილი და უამრავ ცრემლს ღვრიან ამაზე ფიქრის დროს.
სხვა ქალები ყოველთვის მარტო არიან, მაშინაც კი როდესაც უამრავი ის კაცი ფიქრობს მათზე.
სხვა ქალები გრძნობენ რომ მათ არ შეიყვერებენ, ან ალბათ ვერ შეიყვარებენ.
სხვა ქალები ყოველთვის იბრძვიან მეტისთვის და არცერთი წაქცევის დროს არ ჩერდებია.
სხვა ქალებს ჩუმად მაგრამ მაინც უყვართ და ხან იმდენად ძლიერად რომ ამის გააზრება თავადაც უჭირთ.
სხვა ქალები ყოველთვის ოცნებობენ საკუთარი თავის შეცვლაზე, მაგრამ არ გამოსდით (ან შეიძლება არც კი ცდილობენ)
სხვა ქალები მარტოობაში კვდებია და მათი საფლავიც იმდენადვე ცარიელია, რამდენადაც მათი ცხოვრება იყო სავსე განცდებით.

Tuesday, January 23, 2018

ბებიაჩემი ფემინისტია



"ბებიი" ასე ვეძახი ყოველთვის, ლაპარაკის დაწყების წამიდან და ისიც გარწყინებული თვალებით შემომხედავს ხოლმე. სულ მეუბნება ჩემი ნანატრი შვილი ხარო და მიყვება თავისი ახალგაზრდობის ამბებს.
ორი ბიჭი ჰყავდა და იმ დროში ამაყი დედა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის მაინც სულ გოგოზე ოცნებობდა. როდესაც შურით ეუბნებოდნენ ორი ბიჭის გმირი დედა ხარო, სინანულით შეხედავდა და ეტყოდა მე გოგოზე ვვოცნებობდიო.
მერე მე დავიბადე პირველი შვილიშვილი და თან გოგო. ხშირად მეუბნება ჩემი ახალგაზრდობის ოცნება შენი სახით ამიხდაო, მეც გაბადრული სახით ცხვირს ავწევ სიამაყით.
ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე და მიუხედავად იმისა რომ საკუთარ თავზე არასოდეს იტყვის ფემინისტი ვარო ის მაინც ყველაზე დიდი ფემინისტია ჩემს ირგვლივ.
იმ ქალებისგან განსხვავებით ვისთვისაც ოჯახში ძალადობა ნორმად ითვლება, ბებიაჩემი მუდმივად გაბრაზებული საუბრობს კაცებზე. იმ კაცებზე რომლებიც მუდმივად არარსებული ძალაუფლების დემონსტრირებისკენ მიისწრაფიან, საკუთარი კომპლექსების დასაფარად.
ბებიასთან გავიზარდე და ყოველთვის მასწავლიდა რომ განათლება აუცილებელია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ყოველთვის მეუბნებოდა რომ მათემატიკა კაცების საგანი კი არ იყო (როგორც ამას სხვები ამბობენ), არამედ დიდი შრომის შედეგი იყო მათემატიკის სწავლა.
როდესაც მარტო ცხოვრება გადავწყვიტე ის იყო ერთადერთი, რომელიც ამ ფაქტს პოზიტიურად შეხვდა და მითხრა რომ ყველა ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა მართოს საკუთარი ცხოვრება.
და ახლა როდესაც ჩემს ირგვლივ ყველა საუბრობს ჩემი გათხოვების დაგვიანებაზე, რა თქმა უნდა მისი რჩევა კვლავ ისაა, ავიწყო კარიერა, კარგად დავფიქრდე და ისე მივიღო გადაწყვეტილება, გარდაუვალი გათხოვებისთვის არ არის შექმნილი ქალი და ქალი ბევრად ძლიერია ვიდრე სხვა ნებისმიერი კაცი.
P.S. ეს იყო ჩემი "ბებიის" დარიგებების მცირე ნაწილი :)
78 წლის ქალის რომელიც ბევრად ძლიერია ვიდრე სხვა ვინმე ჩემს ირგვლივ, ქალის რომელიც არაღიარებული ფემინისტია

Saturday, January 20, 2018

ნაადრევი ანდერძი ყოველიშემთხვევისთვის




ხშირად მიფიქრია სიკვდილზე და კიდევ იმაზე რა მოხდებოდა სამყაროში ჩემს გარეშე. ბევრჯერ ამბიციურიც ვყოფილვარ, ძალიან ამბიციური და მითქვამს სამყარო უჩემოდ ვერ გაძლებს მეთქი :D ზოგჯერ ისიც მიფიქრია რომ ერთი ადამიანიც კი ვერ შეამჩნევდა ჩემს სიკვდილს და ამის გაფიქრებაზე წინასწარ თავად გამომიგლოვია საკუთარი თავი.

ამ დილას კიდევ ერთხელ მომივიდა ეს ფიქრები და წინასწარი ანდერძის დაწერა გადავწყვიტე (რა იცი რა ხდება :D )
უპირველესად მინდა შიშველი დამმარხოთ, ხო ცოტა უცნაურია მაგრამ მაინც ვთვლი რომ ადამიანი შიშველი იბადება და შიშველი უნდა გაქრეს ამ ქვეყნიდან.
სურათი? არ მინდა! ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა ჩემში ქვაზე დახატული ადამიანები.
ხო არც ყვავილები მინდა და არც შავები, ეს ხომ ჩვეულებრივი ტყუილია, სეირის მოყვარულების მიერ დარბაზში შესასვლელი გადასახადი.
და რაც შეეხება ჩემს ნივთებს :) სიკვდილზე ფიქრის დროს ყოველთვის მკრთალად მაგრამ მაინც გამივლის ხოლმე აზრი, რომ ჩემს სიკვდილზე მეტად ადამიანებს მაინც ჩემი ნივთების დანაწილება დააინტერესებთ, ხო და გაიყავით, დაგლიჯეთ! თამარა რომელიც იყო, მაგრამ ხშირად არც იყო ისეთი როგორ ქალსაც მისგან მოითხოვდით მშვიდად იქნება და ცხოვრებაში ყველაზე გულიანად იცინებს თქვენს მიერ დადგმულ მასკარადზე.
მშვიდობით! გიტოვებთ იმ ფიქრებს რომელიც ყოველ ჩემს დანახვაზე ქვეცნობიერში გიჩნდებოდათ და ეს თვალებში ნათლად ჩანდა.

P.S. ახლა ახალი ჭორები რომ არ გაჩნდეს ქალაქში (ან იქნებ ქვეყანაში) არ ვაპირებ თავის მოკვლას (არც დავაპიებ)
P.p.s. როგორ ვარ? ბედნიერი <3
   
     

Tuesday, January 9, 2018

#ბედნიერებამოტივირებული




ჩავლილ საახალწლო აურზაურს, ახალი წლის იმედები მოსდევს და გეგმები. გეგმები ბევრია და არც ისე რთული ამ გეგმების შესრულება. წინა წლის დასასრულს არ მქონია არც იმედი და არც რაიმეს ახლის მოლოდინი, მიჩვეული ვარ თითქოს ყველაფერი კარგის დაკარგვას. მაგრამ ძველი და ახალი წლის გასაყარზე, ზუსტად 12საათზე რაღაც ვიგრძენი, ისეთი აქამდე რომ არც მეფიქრა. საკუთარ თავში ვიგრძენი ბევრი სიახლე და სურვილი რაღაც სხვის. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ახალი წლის, ახალი შესაძლებლობები და თითქოს იმ წამიდან დავიწყე ცვლილებები. საკუთარ თავში ცვლილებები, მტკივნეული, ზოგიც წარმოუდგენელი მაგრამ ცვლილების მცდელობა გააქტიურდა ჩემს ტვინში.
მცირე გეგმებიც დავისახე. უპირველესად ჩემივე არეული ჩემი ცხოვრების სასწრაფოდ დალაგება და პირველი ნაბიჯებიც გადავდგი უკვე ამისთვის :) ამ წლიდან მინდა უფრო მეტი ღიმილი და გულწრფელი გრძნობები გავცე. 2018ში ბევრი ცრემლის ღვრას ვაპირებ ლამაზ მუსიკაზე, რომანტიულ ფილმებზე, წვიმასა და თოვლზე (თუ წელს გვეღირსა :D ) ბევრ ჩახუტებას და კოცნასაც ვგეგმავ წელს :)
#ბედნიერებამოტივირებული და #სამყაროზეშეყვარებული

Saturday, December 30, 2017

დასრულებული 2017 და იმედიანი 2018



ბოლო წლებში ტრადიციად მექცა 30 დეკემბერს გასული წლის შეჯამება, ხო და არც ახლა დავარღვევ ტრადიციას და მოკლედ მოვყვები გასულ 365 დღეზე.
2017 წელი სიახლეების მოლოდინით დაიწყო და იმედებიც არ გამცრუებია. ბევრი ახალი საინტერესო ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ამ ადამიანების დამსახურებით უამრავი ბედნიერი და დაუვიწყარი წუთი დამრჩა გასულ წელში. რა თქმა უნდა იყო ბევრი იმედგაცრუება და მკაცრი რეალობის სიძნელეები. მაგრამ ხო ამბობენ რაც არ გვკლავს გვაძლიერებსო ხო და მეც ამ ერთ წელში ბევრად ძლიერი გავხდი, ცოტა ემოციებიც გამომიცოცხლდა და ხანდახან ვტიროდი კიდეც :)
ყველაზე გარდამტეხი ამ წელში მაინც იყო არჩევნები და ჩემი რისკი ვყოფილიყავი მერობის კანდიდატი. რთული, დაძაბული და გამქრალი ნერვების სამი თვე მეტ ნაკლებად ღირსეულად გადავლახე და მივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი - გამოცდილება. და მაინც ვთვლი რომ ზარმაცი ვარ და იმაზე ბევრად მეტი შემეძლო ვიდრე გავაკეთე. ვდებ პირობას რომ სულ ცოტათი მაინც გამოვსწორდები ახალ წელს და უფრო მეტად მეყვარებით <3
გილოცავთ ახალ წელს! ახალ იდეებს, ახალ საქმეებს, ახალ ბედნიერებას გისურვებთ <3
მე მჯერა რომ ყოველი ახალი წელი ახალი სიხარულის მომტანია <3

Saturday, December 2, 2017

დაკარგული თაობა



არ მინდოდა ამაზე რამის დაწერა, თავს ვიკავებდი, მაგრამ რთულია არ გავიზიარო ის პასუხისმგებლობა რომელის თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია და რომელსაც ასე მონდომებით ვარიდებთ თავს.
ხშირად გამიგია "ფრაზა 90-იანების დაკარგული თაობაო" ამ ფრაზის შიგნით მახსენდებოდა ჩემს ეზოში დაღვრილი უამრავი სისხლი, ბევრი დაკარგული ახალგაზრდა და ვფიქრობდი ამის გამომწვევი მიზეზი უშუქობა, უპურობა და ის ბნელი 90იანები იყო.
დღეს მივხვდი რომ მწარედ ვცდებოდი, ამის მიზეზი საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბებული "ვაჟკაცური" მენტალიტეტია. ეს ისე ღმადაა ჩვენში ჩანერგილი რომ ახალ საუკუნეში დაბადებული ბავშვებიც ასე აზროვნებენ და ამას სწირავენ საკუთარსა და სხვის ცხოვრებას.
ისევე როგორც 90იანებში, ახლაც ბნელ ქუჩებში ხშირად ისმის სისხლიანი გარჩევების ხმა და ჩვენ ამ ხმას ვახშობთ და ვცდილობთ არც ჩვენ და არც ვინმე სხვამ გაიგოს.
დღეს ისევ გარჩევებით გამხდარი კაი ტიპობაა მოდაში და ჩვენ ამ მოდას აქტიურად მივდევთ.
დღეს ისევ კლავენ ბავშვებს არაფრის გამო და ჩვენთვის ეს უბრალოდ სანახაობაა.
ძნელია, ძალიან ძნელია იფიქრო ამაზე და კვლავ უმოქმედოთ იჯდე სახლში. ძნელია სულ ერთი წამით გაიფიქრო ამ დაკარგულ თაობაზე და გამოსავალის ძებნა არ დაიწყო. ძნელია ეს ყველაფერი შენს ქვეყანაში ხდებოდეს და არ აიღო პასუხისმგებლობა შეცვალო ეს სიბნელიდან წამოსული მენტალობა.
გამოსავალი ყველამ ერთად უნდა ვიპოვით და რაც შეიძლება მალე.

Wednesday, November 8, 2017

საარჩევნო ბულინგი


არჩევნების ციებ-ცხელებამ ჩაიარა და ახლა უფრო ნათლად ვხედავ და ვიაზრებ იმ პროცესებს რაც არჩევნებს თან სდევდა. ის რთული გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე ვიცოდი რომ გარკვეულ სტრესთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ ამხელა ზეწოლის გადატანა მომიწევდა. თავდაპირველად იყო არასერიოზული დამოკიდებულება ჩემი გადაწყვეტილების მიმართ, როგორ შეიძლებოდა 25 წლის ადამიანს მიეღო ამხელა გამოწვევა და თან ქალს, ქალს რომელსაც არ ჰყავდა ქმარი (პატრონი). რამდენიმე დღეში მთავარ პრობლემად, სწორედ ჩემი სქესი წარმოჩნდა. ჩვენი საზოგადოება მიჩვეულია, რომ პოლიტიკაში მყოფი ქალი მასკულინირებული უნდა იყოს. მას სრულიად უნდა ჰქონდეს დაკარგული ქალურობა და სექსუალობა. მე ამ შემთხვევაში ერთ ერთი გამონაკლისი აღმოვჩნდი. მე ვიყავი მერობის კანდიდატი რომელიც თამამად წერდა თავის გრძნობებზე, ხშირად დებდა ფოტოებს, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო, ჰქონდა იმის გამბედაობა საჯაროდ გამოექვეყვებინა ნახევრად შიშველი ფოტოები და თვლიდა რომ ეს პოლიტიკასთან არანაირ ბმაში არ იყო. თავდაპირველად რამდენიმე ონლაინ მედიამ დაწერა ჩემს კანდიდატურაზე და თან დაურთო ჩემი ფოტოები, რომლებიც ძირითადად აუზზე და ზღვაზე იყო გადაღებული, ამას მოჰყვა უამრავი უხამსი და შეურაცმყოფელი კომენტარი. ჩემს სექსუალურ ცხოვრებაზე აქტიური დისკუსიები იმართებოდა თითქმის ყველა პარტიაში. ახლა არჩევნებმა ჩაიარა და ვიხსენებ ყველა იმ ფაქტს რომელიც ამ ორი თვის განმავლობაში მოხდა, მესმის ქალების ვინც ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ჩაერთვება. რთულია აიტანო და არ შეიმჩნიო ამხელა დისკრიმინაცია, გარკვეულ და არც თუ ისე მცირე კვალს მაინც გამჩნევს ამდენი უარყოფითი და შეურაცმყოფელი საუბარი შენზე. ყოველი სირთულე გვაძლიერებს, და მე ზუსტად ვიცი რომ მიუხედავად ამდენი ნეგატივისა ყოველთვის ვიქნები აქტიური ქალი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში, ყოველთვის ვიქნები ის "მოკლეკაბიანი" და "ღრმა დეკოლტიანი" ქალი, რომელიც არ თრგუნავს საკუთარ ემოციებს, არ მალავს სექსუალურობას, არ თამაშობს "მამაკაცურ თამაშებს" და უბრალოდ ყოველთვის ხმამაღლა ამბობს თავის სათქმელს.




ვი