Wednesday, April 11, 2018

შრომის უსაფრთხოება საქართველოში




შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO – შსო) ადგენს გარკვეულ სტანდარტებს, რომლებსაც უპირობოდ უნდა იცავდნენ მისი წევრი ქვეყნები.  სამწუხაროდ მილიონობით მუშისთვის რეალობა საკმაოდ განსხვავებულია. ყოველწლიურად დაახლოებით 2,3 მილიონი ადამიანი იღუპება სამუშაო ადგილას დამდგარი უბედური შემთხვევების, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და სხვადასხვა დაავადებების გამო.  საქართველოშიც სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი წლიდან-წლამდე იზრდება,  რაც გამოწვეულია იმ დაუდევრობით და საერთაშორისო სტანდარტების უგულვებელყოფით, რომლის შესრულების ვალდებულებაც ქვეყანამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით  იკისრა . საქართველოს შრომის კოდექსის უამრავი ნაკლოვანი მხარიდან  ერთ-ერთი სწორედ ის მტკივნეული საკითხი გახლავთ, რომელსაც შრომის უსაფრთხოება ჰქვია და რომელიც საერთოდ არ რეგულირდება კოდექსით. თუმცა შრომის კოდექსში შესაბამისი რეგულაციების დაწესებით და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით ამ პრობლემის აღმოფხვრა მაინც გართულდება რადგან ქვეყანაში გვაქვს  უფუნქციო შრომის ინსპექცია და პროფკავშირები, რომელთა გააქტიურების  გარეშე, მხოლოდ კანონმდებლობის დახვეწა ვერ შეძლებს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
როდესაც შრომის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ რთულია გვერდი ავუაროთ კიდევ ერთ სავალალო თემას, შრომის ინსპექცია, რომელიც არ გვყავს ქვეყანაში, ან გვყავს და სრულიად უფუნქციოა. შრომის ინსპექციას უნდა ეკისრებოდეს უფლება მოვალეობები რომელიც განსაზღვრავს დასაქმების ადგილებზე ნებისმიერ დროს შესვლას და შესაბამისი რეაგირების მოხდენას. მნიშვნელოვანია რომ შრომის ინსპექციას ჰქონდეს აღსრულების მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ის მოახდენს შესაბამის რეაგირებას დარღვევებზე. თუმცა ამ ეტაპზე არსებული შრომის ინსპექციის სამსახური მხოლოდ ფუტლიარის როლს ასრულებს და ჯერჯერობით რეალური ღონისძიებები არ განუხორციელებია. უნდა ავღნიშნო, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილზე გარდაცვალების ფაქტები უფრო და უფრო მატულობს, თუმცა ღონისძიებები პრევენციისთვის ჯერ არ ჩატარებულა. ასეთი შემთხვევების მაქსიმალურად თავიდან ასარიდებლად უპრიანი იქნება ფართო უფლებების მქონე შრომის ინსპექცია, რომელიც გააკონტროლებს არა მხოლოდ დასაქმებულთა შრომის პირობებს, არამედ შრომითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგსაც განახორციელებს.
საქართველოში შრომის უფლებების დაცვა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ასევე გასათვალისწინებელია რომ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ამ საკითხზე ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ცვლილებების გატარება აუცილებელია როგორც საკონონმდებლო დონეზე, ასევე ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლებისთვის. 
ამ ცვლილებების განხორციელებით ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ შეასრულებს ასოცირების ხელშეკრულებას არამედ შექმნის უსაფრთხო გარემოს შრომის ბაზარზე.

0 comments:

Post a Comment