Sunday, April 29, 2018

ქართული ინ"წ"ელიგენცია




ბოლო პერიოდში ხშირად მიწევს ისეთ ღონისძიებებზე დასწრება, სადაც მრავლად არიან ის ადამიანები ვინც საკუთარ თავს მიიჩნევს საპატიო ადამიანად, აიი ისე გიყურებენ, რომ ვალდებულებას გიწესებენ მათი აზრი უაპელაციოდ გაითვალისწინო. სახეზე აწერიათ საკუთარი ღირსების უსასრულო ჩამონათვალი და მეც თავდახრილი, დაკნინებული მოსმენის ძალა რომ აღარ შემწევს ვტოვებ ამ საპატიო თავყრილობას.

ქართული ინ"წ"ელიგენციის უნიკალური ფენომენია ფრაზა "მე ვმოღვაწეობ" რაშიც ჩვენი პატივდადებულნი გულისხმობენ საკუთარ მიღწევებს ქვეყნის, ერისა და ბერის წინაშე. მიღწევები ძირითადად გამოიხატება ორი არც თუ ისე კარგად გარითმული ლექსის დაწერასა ან სცენაზე კდემამოსილი სახით შესრულებულ კომპოზიციაში (შესრულების ხარისხზე ნუ დავკონკრეტდებით). ხო და რაც მთავარია მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია არსებული ხელისუფლების ქება-დიდება (მაინც ყოველიშემთხვევისთვის ან კონცერტია ჩასატარებელი, ან კრებულია გამოსაცემი).

ჩვენი ქვეყნის ეს საპატივცემულო ადამიანები, მათი ღვაწლის გათვალისწინებით, ფიქრობენ რომ შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე (ეკონომიკა, განათლება, გლობალური პოლიტიკა) იმსჯელონ და თან ისე რომ მათთან შემდავებელი კაცი არ დაბადებულა ქვეყანაზე.

მე მიყვარს ინ"წ"ელიგენცია. ისინი ცხადად გვანახებენ როგორი არ უნდა იყოს მომავალი თაობა.
ისინი გვიჩვენებენ გზას რომელზეც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიაროთ.
ისინი გვაიძულებენ განვვითარდეთ.
სწორედ ეს ძვირფასი ქართული ინ"წ"ელიგენცია გვაიძულებს ვიფიქროთ (და რაც შეიძლება მალე განვახორციელოთ) სექსუალურ და კულტურულ რევოლუციებზე.

Sunday, April 15, 2018

ფემიციდი საქართველოში




საქართველოში ყოველი მე-11 ქალი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ქალთა 35%ის ქცევა ძალადობის გამოყენებით კონტროლდება პარტნიორის მხრიდან. ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებად მიიჩნევს ქალთა 34%. 78% თვლის,რომ ოჯახში ძალადობა ოჯახური პრობლემაა და მისი გარეთ გატანა დაუშვებელია. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების ერთი მესამედი დუმილს არჩევს.

ორი დღის წინ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა იმისი ნათელი მაგალითია, რომ ქალები ჩვენს ქვეყანაში დაუცველნი არიან და ამ საკითხზე დუმილი დანაშაულია.

ამ საკითხის აქტუალობა იზრდება მაშინ როდესაც უკვე ფაქტის წინაშე დავდგებით, როდესაც კიდევ ერთ ქალს მოკლავენ. ცოტა ხანს ვისაუბრებთ, დავგმობთ ძალადობას და შემდეგ ისევ მივჩუმდებით შემდეგ მსხვერპლამდე.
მაგრამ მსხვერპლი იმაზე ბევრად მეტია ვიდრე ჩვენ ეს ვიცით. ყოველდღე ქალებზე ძალადობენ და თუ ეს ძალადობა ფატალურად არ სრულდება ჩვენ ამის შესახებ ვერ ვიგებთ. 
და რაც უფრო ინერტული იქნება სახელმწიფო და საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობაზე მით მეტი მსხვერპლი იქება.
თითოეულმა ჩვენგანმა და უპირველესად სახელმწიფომ უნდა ვაღიაროთ ფემიციდი, როგორც ქვეყნის ერთ ერთი მთავარი პრობლემა. ვიფიქროთ, ვიმუშაოთ ამ პრობლემის გადაჭრაზე და უმკაცრესი რეაგირება მოვახდინოთ ყოველ ძალადობის ფაქტზე. 
თორემ სანამ სადღეგრძელოს ტექსტით ვილაპარაკებთ "ქალის პატივისცემასა და სიყვარულზე" ერთ დღესაც ჩვენ თავად გავხდებით მსხვერპლი.

Wednesday, April 11, 2018

შრომის უსაფრთხოება საქართველოში




შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO – შსო) ადგენს გარკვეულ სტანდარტებს, რომლებსაც უპირობოდ უნდა იცავდნენ მისი წევრი ქვეყნები.  სამწუხაროდ მილიონობით მუშისთვის რეალობა საკმაოდ განსხვავებულია. ყოველწლიურად დაახლოებით 2,3 მილიონი ადამიანი იღუპება სამუშაო ადგილას დამდგარი უბედური შემთხვევების, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და სხვადასხვა დაავადებების გამო.  საქართველოშიც სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი წლიდან-წლამდე იზრდება,  რაც გამოწვეულია იმ დაუდევრობით და საერთაშორისო სტანდარტების უგულვებელყოფით, რომლის შესრულების ვალდებულებაც ქვეყანამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით  იკისრა . საქართველოს შრომის კოდექსის უამრავი ნაკლოვანი მხარიდან  ერთ-ერთი სწორედ ის მტკივნეული საკითხი გახლავთ, რომელსაც შრომის უსაფრთხოება ჰქვია და რომელიც საერთოდ არ რეგულირდება კოდექსით. თუმცა შრომის კოდექსში შესაბამისი რეგულაციების დაწესებით და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით ამ პრობლემის აღმოფხვრა მაინც გართულდება რადგან ქვეყანაში გვაქვს  უფუნქციო შრომის ინსპექცია და პროფკავშირები, რომელთა გააქტიურების  გარეშე, მხოლოდ კანონმდებლობის დახვეწა ვერ შეძლებს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
როდესაც შრომის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ რთულია გვერდი ავუაროთ კიდევ ერთ სავალალო თემას, შრომის ინსპექცია, რომელიც არ გვყავს ქვეყანაში, ან გვყავს და სრულიად უფუნქციოა. შრომის ინსპექციას უნდა ეკისრებოდეს უფლება მოვალეობები რომელიც განსაზღვრავს დასაქმების ადგილებზე ნებისმიერ დროს შესვლას და შესაბამისი რეაგირების მოხდენას. მნიშვნელოვანია რომ შრომის ინსპექციას ჰქონდეს აღსრულების მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ის მოახდენს შესაბამის რეაგირებას დარღვევებზე. თუმცა ამ ეტაპზე არსებული შრომის ინსპექციის სამსახური მხოლოდ ფუტლიარის როლს ასრულებს და ჯერჯერობით რეალური ღონისძიებები არ განუხორციელებია. უნდა ავღნიშნო, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილზე გარდაცვალების ფაქტები უფრო და უფრო მატულობს, თუმცა ღონისძიებები პრევენციისთვის ჯერ არ ჩატარებულა. ასეთი შემთხვევების მაქსიმალურად თავიდან ასარიდებლად უპრიანი იქნება ფართო უფლებების მქონე შრომის ინსპექცია, რომელიც გააკონტროლებს არა მხოლოდ დასაქმებულთა შრომის პირობებს, არამედ შრომითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგსაც განახორციელებს.
საქართველოში შრომის უფლებების დაცვა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ასევე გასათვალისწინებელია რომ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ამ საკითხზე ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ცვლილებების გატარება აუცილებელია როგორც საკონონმდებლო დონეზე, ასევე ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლებისთვის. 
ამ ცვლილებების განხორციელებით ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ შეასრულებს ასოცირების ხელშეკრულებას არამედ შექმნის უსაფრთხო გარემოს შრომის ბაზარზე.

Friday, April 6, 2018

კაცები არასრულფასოვნების კომპლექსით



ტერმინი “არასრულფასოვნების კომპლექსი’’ შემოიტანა ფსიქოლოგმა ალფრედ ადლერმა. ის თვლიდა, რომ თავდაპირველად ყველა ბავშვი განიცდის არასრულფასოვნებას, მისი ფიზიკური უმწეობიდან გამომდინარე. 
დლერის მეცნიერული იდეების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ზიგმუნდ ფროიდის შეხედულებებმა და ასევე დარვინის ევოლუციურმა თეორიამ. 
თავის ადრეულ ნაშრომებში ადლერი აღნიშნავდა, რომ სრულყოფილებისკენ სწრაფვა ადამიანის თანდაყოლილი მიდრეკილებაა და საფუძვლად ევოლუციური პროცესი უდევს. თუ ადამიანის მიზანი, ისწრაფოს სრულყოფილებისკენ, მოიცავს საზოგადოებრივ ინტერესებს, მაშინ პიროვნების განვითარება იღებს კონსტრუქციულ ხასიათს, ხოლო, თუ ეს მიზანი ემსახურება მხოლოდ საკუთარი პიროვნული აღმატებულობის, უპირატესობის დამტკიცებას, სხვებზე ბატონობის უფლების მოპოვებასა და მოკლებულია სოციალურ ინტერესს, მაშინ ადამიანის “ცხოვრებისეული სტილი’’ დეფორმირდება და შედეგად ვიღებთ ნევროზს. ეს უკანასკნელი არასრულფასოვნების ძლიერი განცდითაა განპირობებული.

როდესაც ამ მარტივ განმარტებას წავიკითხავთ და ცოტას ჩვენს ორგვლივაც მიმოვიხედებით დავინახავთ კაცებს რომლებსაც ეს კომპლექსი უკვე ნევროზში კი არა და ფსიქოზში გადასდით და საკუთარი არასრულფასოვნების დასაძლევად გარემოზე გადააქვთ აგრესია.
უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ და ვისაუბროთ იმ პატარა ქალაქზე რომელშიც მე ვცხოვრობ, თელავზე :) ქუჩაში ერთი გასეირნებით, ერთ პატარა კაფეში ყავის დასალევად გასაჩერებელი დრო დაგჭირდებათ რომ ნათლად დაინახოთ არასრულფასოვნების კომპლექსის მაგალითები.

თავდაპირველად უმჯობესია გავიხსენოთ "თელავის პოლიტ ელიტა" (სხვა თუ არაფერი ისინი გვიწყვეტენ მუნიციპალიტეტის ბედ-იღბალს). აქ მრავლად შევხვდებით კაცებს რომლებიც სარკეში ჩახედვის დროს ვერაფერს ხედავენ და ამის დასაძლევად სხვა რა გზა აქვთ ქუჩაში საკუთარი სექსუალურ ფანტაზიებზე უნდა გვესაუბრონ. ხშირად ეს კაცები საკუთარი სისუსტის დასაძლევად პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ კონკურენტების სექსუალურ ცხოვრებას. ეს კაცები საკუთარ არასრულფასოვნებას აწმენდენ ქალებს, ებრძვიან ძლიერ ქალებს და მუდმივად იმის მცდელობაში არიან როგორმე მოახერხონ და ქალების დამცირებით საკუთარ ანგარიშზე ქულები ჩაიწერონ.
და ეს კაცები საღამოს როდესაც კვლავ სარკესთან დადგებიან ისევ სიცარიელეს დაინახავენ, მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე ჩაგრავდნენ ქალებს, მთელი დღე თავს ამეტებდნენ და ამცირებდნენ. გაზრდილი კომპლექსებითა და ცოტა ბოღმით დაწვებიან და დაგეგმავენ მეორე დღეს უფრო მეტად როგორ დაამცირონ ქალები რომ საღამოს მოვერცხლილ მინებში სულ მცირე გამოსახულება მაინც დაინახონ.

ჩვენს ირგვლივ არასრულფასოვნების კომპლექსით გატანჯული კაცები მუდმივად ამცირებენ ქალებს, ავიწროებენ, ჩაგრავენ, მაგრამ ეს ქალები უფრო მეტად ძლიერდებიან და ქმნიან ძლიერ საზოგადოებას რომელიც ხვალ აუცილებლად მიაღწევს თანასწორ გარემოს.