სულ რაღაც 25 წლის წინ, გაზაფხულის ბოლო საღამოს, ნაადრევად 7თვიანი და კილონახევარი დავიბადე მე :) რა გეჩქარებოდაო? მაისი მეჩქარებოდა, მეგაზაფხულებოდა და ვეღარც მოვითმინე.
მე როდესაც დავიბადე, ქვეყანაში გაზაფხულს ვერავინ ამჩნევდა, ყველას სტკიოდა სამოქალაქო ომი, სტკიოდა უკვე თითქმის დაკარგული ტერიტორიები და ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩემი ბავშვობა ლამფის შუქზე ნასწავლ გაკვეთილებთან, "ფეჩის" კვამლთან და ეზოში გაუჩერებელ სირბილთან ასოცირდება.
როდესაც ბავშვობის დროინდელ ჩემს თავს ვიხსენებ, ერთი სახალისო ამბავი მახსენდება. მამამ გერმანიიდან ჩამომიტანა ე.წ. მაგნიტოფონი, რომელსაც ჩაწერის ფუნქცია ჰქონდა, ხო და მეც დიდი მონდომებით ვიკეტებოდი ოთახში და ვწერდი ჩემეულ ანალიზებს მაშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით :D ახლა არ ვიცი ეს ჩანაწერები კიდევ არსებობს თუ არა მაგრამ იმედია არავინ მოუსმენს :D
ბევრი მოგონება დაგროვდა ამ წლების განმავლობაში, ბევრი რაღაც ვისწავლე, უფრო მეტი ვერ გავითავისე. ბევრჯერ მეტკინა და უფრო მეტჯერ ბედნიერი ვიყავი. ბევრმა დამტოვა და კიდევ უფრო მეტი შევიძინე. მაგრამ მთავარი, ალბათ ისაა რომ ყოველი დილა მახარებს, ყოველ წელს საკუთარ თავს ვაიძულებ უფრო კარგი გავხდე (არ ვიცი რამდენად გამომდის), ყოველ წუთს ვცდილობ მეტი შევიგრძნო, რადგან არ ვიცი მომავალი წუთი იქნებ თუ არა. მინდა მეტად მიყვარდეს, მეტად ვუყვარდე და ალბათ რაც ყველაზე მთავარია მეტად ვაბედნიერებდე სამყაროს.
P.S. ვიცი რომ ასეთი ჰუმანური და პათეტიკური არ ვჩანვარ ხშირად, მაგრამ ეს ერთი დღე მაპატიეთ <3