რამდენიმე წლის წინ, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, მიხაროდა სტუდენტობა. რამდენიმე კვირის შემდეგ დავფიქრდი რაში მჭირდებოდა ეს ყველაფერი და საკუთარი თავი უპასუხოდ დავტოვე. დასაწყისისთვის უნივერსიტეტი უბრალოდ კარგი გასართობი იყო, ვსწავლობდი იმას რაც მაშინაც და ახლაც აბსურდულია ჩემთვის. მასწავლან გამოგონილ ამბებს, რომელსაც ისტორიას არქმევენ.
ფინანსური პრობლემების გამო მეორე კურსზე სტატუსი შევიჩერე და მახსოვს როგორი დეპრესია მქონდა, ვთვლიდი რომ ყველაზე დიდი პრობლემა მქონდა რომლის მოგვარებასაც ყველასგან განაწყენებული ვითხოვდი. ორი წლის შემდეგ დავუბრუნდი სტუდენტობას და მივხვდი, რომ ბევრი არაფერი მაკლდა იმ ორი წლის განმავლობაში. რამდენიმე თვე აქტიურად ვიარე უნივერსიტეტში და საშინელი მოწყენილობა ვიგრძენი. მივხვდი ამ სწავლით ვერ გავხდებოდი ის რაც მინდოდა, ვერ მივიღებდი იმას რისკენაც ბავშვობიდან ასე ვისწრაფვოდი. მაშინ მივხვდი, რომ ის თეორიები რომლებსაც ამდენ წელს ვიზეპირებდი არაფერში გამომადგებოდა და უმჯობესი იყო რაიმე საინტერესოსთვის დამეთმო დრო. ასე ჩავერთე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში. სრულიად შემთხვევით მოვხვდი იუსტიციის სამინისტროს მოხალისეობრივ პროექტში და რამდენიმე თვეში, ასევე შემთხვევით დავიწყე იუსტიციის სახლში მუშაობა.
ნელ ნელა უფრო აქტიურად ვერთვებოდი საზოგადოებრივ საქმიანობაში, ვხვდებოდი ეს იყო ის რაც ყველაზე მეტად მიხაროდა, მომწონდა, მაინტერესებდა და მაბედნიერებდა. შემდეგ ერთი წლით ისევ შევაჩერე სტატუსი და ამით ბედნიერი ვიყავი, მომწონდა და თავს სრულფასოვნად ვგრძნობდი.
ახლა? ახლა ისევ მესამე კურსის სტუდენტი ვარ, მაქვს საინტერესო სამუშაო გამოცდილება, ვიცი ბევრად მეტი ვიდრე ამ შვიდი წლის განმავლობაში შესაძლოა უნივერსიტეტში მესწავლა.
ახლა მხოლოდ კანონმდებლობა მზღუდავს, რადგანაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მითითებულია, რომ საჯარო მოხელეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, კერძო დამსაქმებლებიც იგივეს ითხოვენ. ხო და მეც ვალდებული ვარ დროში გაწელილად ვიყიდო დიპლომი. არა და მე საინტერესო ცხოვრება მაქვს უნივერსიტეტის გარეთ, ბევრად საინტერესო ვიდრე საქართველოს განათლების სისტემა მთავაზობს.