Tuesday, March 9, 2021

ერთ წლიანი დღიურის ბოლო ჩანაწერი

 



ზუსტად ერთი წელია ყოველ დღე ვაკეთებდი პატარა ჩანაწერებს, არა იმაზე რა ხდებოდა, არამედ იმაზე რას ვგრძნობდი. დღეს ბოლოა. ეს ბოლო ჩანაწერი იქნება იმ დღიურის რომელსაც არასოდეს არავინ წაიკითხავს.

ჩემთვის წერა საუკეთესო საშუალებაა, ემოციების დასახარჯად. თითქოს გულს ვირევ ხოლმე და საკუთარი თავიდან გამომაქვს ის ზედმეტი, რაც მახრჩობს. 

ხო და მეც ვწერდი.

ერთი წელი, ყოველ დღე ვწერდი.

ყოველ საღამო ემოციებისგან გულს ვირევდი და დილით ისევ დამძიმებული ვიღვიძებდი.

აქ უნდა შევწყვიტო.

ახლა უნდა დავასრულო.

ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ ადამიანებს გამოვიგონებთ, მათ გრძნობებს და ემოციებს გამოვიგონებთ ჩვენთვის. ხო, ეგოისტები ვართ და ამ ადამიანს ჩვენთვის გამოვიგონებთ ხოლმე. მერე კი უცბად გაგვექცევა, უკან მოუხედავად წავა და მისთვის ჩვენ არაფრად არ ვრჩებით. ააიი ჩვენთვის კი მაინც მთელს სამყაროდ რჩება, მიუხედავად მისი წასვლისა. 

ყველაფერს ვპატიობთ ღალატსაც და წასვლასაც.

ჩვენივე გამოგონებულ ადამიანს მივტირით არადა ის არც არასოდეს ყოფილა ჩვენი. ყველაფერს ჩვენ ვიგონებდით და ამის აღიარებას სიკვდილს ვამჯობინებთ.

ტკივილები არ ქრებიან, არა არც ნელდებიან. ყოველთვის ჩვენთან რჩებიან და ისე გაგვისისხლხორცდება ხოლმე რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია.

და ასე ჩვენი აუტანელი ტკივილებით, შეუმდგარი გეგმებითა და ოცნებებით ვცხოვრობთ. მხოლოდ ღამით როდესაც მარტო ვრჩებით მაშინ ჩავხედავთ ხოლმე თვალებში ჩვენს ტკივილებს, მოვეფერებით და ისევ ვუშვებთ ჩვენს სისხლში თავისუფალი სვლისთვის.

ხშირად ვფიქრობ ხოლმე, იქნებ სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი, იქნებ სხვანაირად უნდა მეთქვა, სხვანაირად ჩავხუტებოდი, მეკოცნა.

იქნებ

იქნებ

იქნებ სხვანაირად ყოფილიყო ახლა ყველაფერი.

მაგრამ დასრულდა. მისთვის ერთი წლის წინ, ჩემთვის კი ახლა.

მისი სურვილით და ჩემი ტკივილით.

დასრულდა 


Friday, May 15, 2020

გმირი პრინცესები





"გულის სიღრმეში ყველა მარტოსულ გოგონას ჰგონია რომ პრინცესაა"



ჩვენ ბავშვობაში ძილის წინ გვიკითხავენ ზღაპრებს ლამაზ პრინცესებზე, რომლეთა გადამრჩენლებიც მომხიბლავი პრინცები არიან, მაგრამ რა ხდება რეალურ ცხოვრებაში?
ჩვენ არ ვართ ერთ თარგზე გამოჭრილი პრინცესები, არ ვართ უსუსურები, არ ველოდებით გმირებს და რეალურად ეს გმირები თავად ვართ.
ჩვენ ვართ პრინცესები რომლების უამრავი ცრემლების, ტკივილის ფასად ვარჩენთ საკუთარ თავებს. 
კი ტირილისგან ჩაწითლებული თვალებით, ჩვენი ტკივილებით წელში გამართულები გავდივართ გარეთ და სამყაროს გადარჩენისთვის ვიბრძვით.  არცერთი წამით არ ვწყვეტთ მებრძოლ პრინცესად ყოფნას. ამდენი ბრძოლისგან ვიღლებით, ცრემლებიც შრება, ემოციებიც ქრება და ვწყვეტთ ოცნებას.
მერე უბრალოდ ვბრუნდებით ბევრადამიანი ქუჩებიდან სახლში, მარტონი ვრჩებით ჩვენს სიშიშვლესთან და წვიმას ველოლდებით.
გმირები არ არსებობენ, გმირები ჩვენ ვართ და იმ ზღაპარს რომელოსაც არასოდეს არავის მოუყვებიან ძილის წინ, ჩვენ ვწერთ. ამ ზღაპარში გველეშაპებიც ჩვენ ვართ, პრინცესებიც და გადამრჩენი გმირებიც. ჩვენი ზღაპარი ძლიერ ქალებზეა, რომლებმაც შეძლეს და დედამიწა თავის ირგვლივ დაატრიალეს.
ჩვენი ზღაპრის ფინალიც განსხვავებულია,  ხშირად დაღლილები ვნებდებით და უბრალოდ მარტონი ვასრულებთ, უფრო იშვიათად კი ერთი მომხიბლავი პრინცის გადასარჩენად გავრბივართ, უამრავ  ბოროტ ჯადოქარს, გველეშაპს და დრაკონს ვებრძვით (ჰო კეთილი ფერიებიც არ გვყავს ჩვენ დამხმარეთ). ხო რაც შეეხება პრინცს, ბოლოს თავად მასთან გვიწევს ბრძოლა.

ჩვენს საზოგადოებაში ქალად ყოფნა პოლიტიკური აქტია. უნდა იბრძოლო, უნდა მოკვდე ან გაიმარჯვო, შუალედური მდგომარეობა არ არსებობს. აქამდე ბრძოლა ყოველთვის მარცხით სრულდებოდა. 
დროა სხვა ზღაპრები დავწეროთ, ახალი დასასრულით, ახალი პრინცებითა და გამარჯვებული პრინცესებით, გმირი პრინცესებით.

Monday, April 27, 2020

მე.....



ვინ ვარ მე?

ვინ ვარ?
რთული სათქმელია,
 არა ამას მარტივად ვერავინ იტყვის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში საქმე ნამდვილად რთულადაა, იმიტომ რომ ერთი პატარა უცნაურობა მჭირს,
 სულ პატარაა დიდი არაფერი....
ნუ შეიძლება ითქვას წაუდიდებს, გააჩნია როგორ შეხედავ. ეს პაწაწინა უცნაურობააო ვერ იტყვი, მაგრამ არც  უშველებელია...
უბრალო თავისებურებაა მეტი არაფერი, მაგრამ თქვენ როგორ მოგიყვეთ ამაზე არ ვიცი....

ემოციები.....

ხანდახან მინდა ვიყვირო ხოლმე, ისე ხმამაღლა ირგვლივ ყველამ გაიგოს, ვიყვირო ვიტირო და გულიანად ვიცინო, მაგრამ არ გამომდის. იმდენად არ გამომდის რომ ბოლო 13 წლი ისე ვიცხოვრე ცრემლი არ გადმომვარდნია თვალიდან. არც მაშინ როცა მიხაროდა და არც მაშინ როცა მამას ვკარგავდი.
ყოველთვის ვცდილობდი გრძნობები არა თუ სხვებისთვის არამედ საკუთარი თავისთვისაც კი დამემალა და ბოლოს ამას ისე მივეჩვიე რომ ახლა ვეძებს საკუთარ თავში ემოციას და ვერ ვპოულობ.
არა და უნდა ვიპოვო...
უნდა ვთქვა...
უნდა ვიტირო, ვიყვირო.....
უბრალოდო ეს მჭირდება.
   არ ვიცი რა არის ამის გამომწვევი, მაგრამ თითქოს ლითონის უხეშ ნაგლეჯად ვიქეცი და ამ ჩემი სიუხეშით გარშემომყოფებს ვაზიანებ. მერე ყველა უბრალოდ გარბის, ისე გარბიან რომ ჩემი ნასახიც აღარ რჩება მათში. მერე ლითონი უფრო უხეშდება და ისევ აგრძელებს ქუჩაში მარტო გდებას.

დიდი დრო დამჭირდა ამის გასააზრებლად, ამის საგრძნობად, მაგრამ ახლა ვიცი რომ მსხვრევადი უნდა გავხდე, ყველაზე თხელი მინასავით მსხვრევადი და ყოველი გატეხვისას ხმა უნდა გამოვცე.......


Friday, October 18, 2019

მიტოვებული ქალები


ესროლა
დაჭრა
გაგუდა
მოკლა....

ყოფილი შეყვარებული
ყოფილი ცოლი
ცოლი.....

ეს ის საკვანძო სიტყვებია, რომელსაც კვირაში მინიმუმ ერთხელ ვკითხულობთ და ვისმენთ საინფორმაციოდან.
კაცები საკუთარ თავს აძლევენ უფლებას რომ ქალის სიცოცხლე ხელყონ. ისინი უბრალოდ ქალებს კლავენ და შემდგომ თავს იმართლებენ.
ვინ არიან ეს კაცები?
ნამდვილი “ღრუზინი” ქართველი ვაჟკაცები რომლებიც ფიქრობენ რომ სქესის გამო აღმატებით მდგომარეობაში არიან და აქვს ყველაფრის უფლება.
რატომ კლავენ პარტნიორ ქალებს?
არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც იწვევს მათ აგრესიას.

ჩვენს ირგვლივ ბევრი ქალია რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი და ისინი ჩუმდებიან, ჩვენც ვჩუმდებით ძალადობის მაყურებელნი და როდესაც ფაქტის წინაშე ვდგებით მაშინ ვტეხთ განგაშს, ისიც მცირე ხნით, მერე გვავიწყდება ახალ მსხვერპლამდე.
სახელმწიფო არ ზრუნავს ძალადობის მსხვერპლზე. არც საზოგადოება ზრუნავს.
ჩვენ ყველამ, მოძალადეს შევატოვეთ ქალები და ფატალურ შედეგს დავტირით.
ვინ არიან მსხვერპლი ქალები?
ისინი ჩვენ ყოველდღიურად გვხვდებიან.
ისინი ჩვენ თვალებით გვევედრებიან დახმარებას.
ისინი ტირიან.
ეძებენ გამოსავალს და ვერ პოულობენ.

თითოეული მსხვერპლი ქალი, ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
ჩვენ ვართ დამნაშავეები მათ სიკვდილში.

ისინი მიტოვებული ქალები არიან.

Tuesday, October 15, 2019

რომაული არდადეგები

ყველა გზა რომში მიდისო, ხო და ჩემი გზაც წავიდე რომში. გასაოცარი ერთ კვირიანი რომაული არდადეგებით ზღაპარში აღმოვჩნდი და ემოციების ზღვა რომელიც დაგროვდა ჯერ კიდევ ვერ დალაგებულა.


ამ მოგზაურობისთვის უპირველესად მადლობა  https://www.facebook.com/travelparadise.ge/ და  #რეზი ბიწკინაშვილს, ყველაზე ყურადღებიანსა და მზრუნველს.❤️

დასაწყისში უნდა ვისაუბროთ ალბათ მსოფლიოში ყველაზე ტემპერამენტიან ადამიანებზე. იტალიელები ხმაურიანები მხიარილები და მომღიმღრები არიან, დახვეწილი, გემოვნებიანები და მასიურად ყველა საოცარ სუნამოს სურნელს ტოვებენ ქუჩაში.

იტალიის არქიტექტურაზე ჩემზე უკეთაც ბევრს დაუწერია ამიტომ არ ღირს აქ ჩემი ბოდიალი😁

ხოლო რაც შეეხება ჩემთვის ყველაზე საყვარელს, სამზარეულოს, ეს არის ის რუს გამოც ყოველ წელს ვივლიდი იტალიაში. უამრავი სახეობის ყველი და ძეხვი რომელთა კომბინაციაც საოცარ გემოს ქმნის და თან თუ ამ ყველის ასორტთან იტალიურ წითელ ღვინოს ფლორენციაში ერთ ერთ პიაცაზე მიირთმევ და სადღაც შორიდან ჩელოს ჰანგები ისმის სრულ ნეტარებას განიცდი.



და ვენეცია... არ ვიცი როგორ უნდა დავწერო, ვერც ვსაუბრობ უბრალოდ ემოციებს ვერ გადმოვცემ, ყველა აღმატებითი სიტყვა მეცოტავება ვენეციაზე საუბრისას უბრალოდ ვიტყვი რომ აუცილებლად დავბრუნდები.




P.S. და სულ ცოტა ოკუპანტ რუსებზე, პირველად მომიხდა ასეთი ინტენსიური შეხება რუსებთან და დავრწმუნდი რომ მათ სულში აქვს დამპყრობლობა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცდილობენ შეგავიწროვონ, ან დაგაბიჯებენ ან გადაგივლიან და ამას ისეთი ამაყი სახით აკეთებენ რომ ეს ქმედება აბედნიერებთ.
ევროპს გულშიც #რუსეთიოკუპანტია

Wednesday, October 31, 2018

ნახევარი საუკუნის სიყვარული




დიდი ხანია არაფერი დამიწერია....
ალბათ სათქმელი აღარ მაქვს ან ნიჰილიზმი შემომეპარა.

რამდენიმე დღეა მახსენდება ბებიის მონაყოლი 50 წლის წინანდელ სიყვარულზე, ხო და ვეცდები მოკლედ დავწერო ნახევარ საუკუნიანი სიყვარულის ისტორია.

ამბობენ ხოლმე ძველად სხვანაირად უყვარდათო, ამაზე ყოველთვის ბებია და პაპა მახსენდება.
პაპა, გივი ლამაზოშვილი, თელავში ჩლუჩად იცნობდნენ, იმ დროისთვის წარმატებული ფეხბურთელი ყოფილა. ციალას (ბებიის) მონაყოლიდან იმ დროისთვის ძალიან სიმპათიური და პოპულარული ბიჭი. ხო და ეს პოპულარული ბიჭი შეყვარებული იყო ბებიაზე და 7 წლის განმავლობაში სულ კუდში დასდევდა. ჯერ სიყვარულის ახსნას ვერ ბედავდა და როდესაც გამიმხილა გზის ერთ მხარეს მე დავდიოდი და გზის მეორე მხარეს პაპაშენიო, იხსენებს ხოლმე ციალა და თან ეცინება.
ბებია სწავლაზე ორიენტირებული იყო და გათხოვება გეგმაშიც არ ჰქონია, როცა ერთ დღესაც ჩლუჩი დედასთან ერთად ქუჩაში დახვედრია და დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ დაუთანხმებია რომ ცოლად გაჰყოლოდა. ასე გაიპარნენ მეოცე საუკუნის 50იან წლებში და შექმნეს ოჯახი რომლისაც ბევრს შურდა.
უყვარდათ ერთმანეთი და ასე გაუძლეს ბევრ გაჭირვებას, ერთად გადალახეს ბევრი პრობლემა და ასე შეხმატკბილებულად მოიტანეს ოჯახი ბოლომდე.
2003 წელს დაიღუპა ჩლუჩი და ციალა დღემდე გაბრაზებულია ქმარზე, ამ უბადრუკ ქვეყანაში მარტო როგორ დამტოვეო, დასტირის ხოლმე.

ახლა ეს პოსტი მონატრებამ დამაწერინა ჩემი საყვარელი ბებია-პაპის <3
P.S. ცოტა ხნის წინ შემთხვევით ჩემს ნაწერებში აღმოვაჩინე ხელწერილი, რომელიც ბავშვობაში პაპას დავაწერინე, სამი შოკოლადი ვასესხე, პროცენტით უნდა დაებრუნებინა :D :D

Monday, August 6, 2018

აგვისტოს ცა........



ეგრეთ წოდებული "ზვიადისტების" ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ოჯახში რომელიც თავად იყო მონაწილე ქართული სახელმწიფოს თავისუფლების პირველი ამოსუნთქვის.
პატრიოტულ ნოტაზე ვიზრდებოდი და მუდმივად ვისმენდი ისტორიებს საქართველოს ბრძოლისა დამოუკიდებლობისთვის.
დასაწყისშივე გააზრებული მქონდა რომ რუსეთი მტერია.
თითქოს დაბადებიდან ვიცოდი რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, გადარჩენის ბრძოლის ტოლფას იყო.

პატარა ვიყავი და ომზე მხოლოდ მსმენოდა, ისიც კარგად ვიცოდი რომ ჩრდილოელი მეზობელი არ დაგვინდობდა, მაგრამ ამ ფაქტს მხოლოდ თეორიულად ვაცნობიერებდი და რელობაში ვერც კი ვუშვებდი, იმას რომ ეს მტრობა ღია აგრესიაში გამოიხატებოდა და ოდესმე მეც შემეხებოდა.
მახსოვს დილით რომ გავიღვიძე ჰაერი დამძიმებული იყო.
საფრთხე ვიგრძენი და ყველაზე რთული ის იყო ამ საფრთხეს ვერც გავექცეოდი, ვერც დავემალებოდი....
აივანზე ვიჯექი და ცაში ვიყურებოდი.........
არც მშიოდა, არც მეძინებოდა, მხოლოდ მინდოდა ცისთვის მეყურებინა და ღრმად მესუნთქა თავისუფლების ჰაერი, რომელსაც შესაძლოა ბოლოჯერ ვსუნთქავდი.
მეშინოდა, მეშინოდა არა ტკივილის ან თუნდაც შემთხვევითი სიკვდილის, არამედ თავისუფლების დაკარგვის.
ცხელი აგვისტო იყო, მზე ხან ისე ძლიერ დააჭერდა ხოლმე რომ მიწის ქვეშეთში ჩაძრომას განატრებინებდა კაცს, მაგრამ მაშინ ყველა ცას ვუყურებდით. ხან იმედით, ხან შიშით, ხან სასოწარკვეთით, ხანაც ლოცვით, მაგრამ ყველა მაინც ცას ვუყურებდით და თვალსაც კი არ გვჭრიდა აგვისტოს მწველი მზე.
მაშინ ცაში ყველა იმედს ვეძებდით და ამდენ ათასწლეულ გამოვლილ, დაუღალავ ბრძოლას თავისუფლებისთვის ვაგრძელებდით.....
ახლაც აგვისტოა.
ათი წელი გავიდა იმ აგვისტოდან და ჩვენ ისევ ცაში ვიყურებით. ისევ გვეშინია. დილით გაღვიძებულები ბედნიერად ჩავისუნთქავთ თავისუფლების ჰაერს.
აგვისტოა და ისევ მოუშუშებლად გვტკივა.........
აგვისტოა და ცა ისევ ისეთი ლურჯია, მზე ისევ ისეთი მწველია და ჩვენ ისევ ვიბრძვით თავისუფლებისთვის..........