Tuesday, January 23, 2018

ბებიაჩემი ფემინისტია



"ბებიი" ასე ვეძახი ყოველთვის, ლაპარაკის დაწყების წამიდან და ისიც გარწყინებული თვალებით შემომხედავს ხოლმე. სულ მეუბნება ჩემი ნანატრი შვილი ხარო და მიყვება თავისი ახალგაზრდობის ამბებს.
ორი ბიჭი ჰყავდა და იმ დროში ამაყი დედა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის მაინც სულ გოგოზე ოცნებობდა. როდესაც შურით ეუბნებოდნენ ორი ბიჭის გმირი დედა ხარო, სინანულით შეხედავდა და ეტყოდა მე გოგოზე ვვოცნებობდიო.
მერე მე დავიბადე პირველი შვილიშვილი და თან გოგო. ხშირად მეუბნება ჩემი ახალგაზრდობის ოცნება შენი სახით ამიხდაო, მეც გაბადრული სახით ცხვირს ავწევ სიამაყით.
ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე და მიუხედავად იმისა რომ საკუთარ თავზე არასოდეს იტყვის ფემინისტი ვარო ის მაინც ყველაზე დიდი ფემინისტია ჩემს ირგვლივ.
იმ ქალებისგან განსხვავებით ვისთვისაც ოჯახში ძალადობა ნორმად ითვლება, ბებიაჩემი მუდმივად გაბრაზებული საუბრობს კაცებზე. იმ კაცებზე რომლებიც მუდმივად არარსებული ძალაუფლების დემონსტრირებისკენ მიისწრაფიან, საკუთარი კომპლექსების დასაფარად.
ბებიასთან გავიზარდე და ყოველთვის მასწავლიდა რომ განათლება აუცილებელია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ყოველთვის მეუბნებოდა რომ მათემატიკა კაცების საგანი კი არ იყო (როგორც ამას სხვები ამბობენ), არამედ დიდი შრომის შედეგი იყო მათემატიკის სწავლა.
როდესაც მარტო ცხოვრება გადავწყვიტე ის იყო ერთადერთი, რომელიც ამ ფაქტს პოზიტიურად შეხვდა და მითხრა რომ ყველა ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა მართოს საკუთარი ცხოვრება.
და ახლა როდესაც ჩემს ირგვლივ ყველა საუბრობს ჩემი გათხოვების დაგვიანებაზე, რა თქმა უნდა მისი რჩევა კვლავ ისაა, ავიწყო კარიერა, კარგად დავფიქრდე და ისე მივიღო გადაწყვეტილება, გარდაუვალი გათხოვებისთვის არ არის შექმნილი ქალი და ქალი ბევრად ძლიერია ვიდრე სხვა ნებისმიერი კაცი.
P.S. ეს იყო ჩემი "ბებიის" დარიგებების მცირე ნაწილი :)
78 წლის ქალის რომელიც ბევრად ძლიერია ვიდრე სხვა ვინმე ჩემს ირგვლივ, ქალის რომელიც არაღიარებული ფემინისტია

Saturday, January 20, 2018

ნაადრევი ანდერძი ყოველიშემთხვევისთვის




ხშირად მიფიქრია სიკვდილზე და კიდევ იმაზე რა მოხდებოდა სამყაროში ჩემს გარეშე. ბევრჯერ ამბიციურიც ვყოფილვარ, ძალიან ამბიციური და მითქვამს სამყარო უჩემოდ ვერ გაძლებს მეთქი :D ზოგჯერ ისიც მიფიქრია რომ ერთი ადამიანიც კი ვერ შეამჩნევდა ჩემს სიკვდილს და ამის გაფიქრებაზე წინასწარ თავად გამომიგლოვია საკუთარი თავი.

ამ დილას კიდევ ერთხელ მომივიდა ეს ფიქრები და წინასწარი ანდერძის დაწერა გადავწყვიტე (რა იცი რა ხდება :D )
უპირველესად მინდა შიშველი დამმარხოთ, ხო ცოტა უცნაურია მაგრამ მაინც ვთვლი რომ ადამიანი შიშველი იბადება და შიშველი უნდა გაქრეს ამ ქვეყნიდან.
სურათი? არ მინდა! ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა ჩემში ქვაზე დახატული ადამიანები.
ხო არც ყვავილები მინდა და არც შავები, ეს ხომ ჩვეულებრივი ტყუილია, სეირის მოყვარულების მიერ დარბაზში შესასვლელი გადასახადი.
და რაც შეეხება ჩემს ნივთებს :) სიკვდილზე ფიქრის დროს ყოველთვის მკრთალად მაგრამ მაინც გამივლის ხოლმე აზრი, რომ ჩემს სიკვდილზე მეტად ადამიანებს მაინც ჩემი ნივთების დანაწილება დააინტერესებთ, ხო და გაიყავით, დაგლიჯეთ! თამარა რომელიც იყო, მაგრამ ხშირად არც იყო ისეთი როგორ ქალსაც მისგან მოითხოვდით მშვიდად იქნება და ცხოვრებაში ყველაზე გულიანად იცინებს თქვენს მიერ დადგმულ მასკარადზე.
მშვიდობით! გიტოვებთ იმ ფიქრებს რომელიც ყოველ ჩემს დანახვაზე ქვეცნობიერში გიჩნდებოდათ და ეს თვალებში ნათლად ჩანდა.

P.S. ახლა ახალი ჭორები რომ არ გაჩნდეს ქალაქში (ან იქნებ ქვეყანაში) არ ვაპირებ თავის მოკვლას (არც დავაპიებ)
P.p.s. როგორ ვარ? ბედნიერი <3
   
     

Tuesday, January 9, 2018

#ბედნიერებამოტივირებული




ჩავლილ საახალწლო აურზაურს, ახალი წლის იმედები მოსდევს და გეგმები. გეგმები ბევრია და არც ისე რთული ამ გეგმების შესრულება. წინა წლის დასასრულს არ მქონია არც იმედი და არც რაიმეს ახლის მოლოდინი, მიჩვეული ვარ თითქოს ყველაფერი კარგის დაკარგვას. მაგრამ ძველი და ახალი წლის გასაყარზე, ზუსტად 12საათზე რაღაც ვიგრძენი, ისეთი აქამდე რომ არც მეფიქრა. საკუთარ თავში ვიგრძენი ბევრი სიახლე და სურვილი რაღაც სხვის. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ახალი წლის, ახალი შესაძლებლობები და თითქოს იმ წამიდან დავიწყე ცვლილებები. საკუთარ თავში ცვლილებები, მტკივნეული, ზოგიც წარმოუდგენელი მაგრამ ცვლილების მცდელობა გააქტიურდა ჩემს ტვინში.
მცირე გეგმებიც დავისახე. უპირველესად ჩემივე არეული ჩემი ცხოვრების სასწრაფოდ დალაგება და პირველი ნაბიჯებიც გადავდგი უკვე ამისთვის :) ამ წლიდან მინდა უფრო მეტი ღიმილი და გულწრფელი გრძნობები გავცე. 2018ში ბევრი ცრემლის ღვრას ვაპირებ ლამაზ მუსიკაზე, რომანტიულ ფილმებზე, წვიმასა და თოვლზე (თუ წელს გვეღირსა :D ) ბევრ ჩახუტებას და კოცნასაც ვგეგმავ წელს :)
#ბედნიერებამოტივირებული და #სამყაროზეშეყვარებული