მოდით ცოტა ხნით დავივიწყოთ სადღეგრძელოები და გულწრფელად ვთქვათ, რომ ქალი და კაცი თანასწორნი იბადებიან.
დაბადებისას ქალიც და კაციც ტირიან პირველი ჰაერის ჩასასუნთქად, მაგრამ თითქოს აქ მთავრდება თანასწორობა.
კაცი გვარის გამგრძელებელია, ქალი წამსვლელი.
კაცი ძლიერი და მებრძოლი უნდა გაიზარდოს, ქალი ნაზი და დამჯერი.
კაცმა უნდა ისწავლოს, ქალი გათხოვდება და რათ უნდა.
კაცს შეუძლია მეგობრებთან დრო ისე გაატაროს როგორც უნდა, ქალი შებინდებამდე სახლში უნდა იყოს (რას იტყვის ხალხი).
კაცს აუცილებელია ჰქონდეს მრავალი სექსუალური თავგადასავალი, ქალი ვალდებულია ქალიშვილობა შეინარჩუნოს უკიდურეს დრომდე.
კაცს შეუძლია ღალატი, ქალი ღალატისთვის სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
კაცმა უნდა იმუშაოს, ქალმა ოჯახს მიხედოს.
კაცს შეუძლია ქალზე იძალადოს, ქალი მორჩილი უნდა იყოს.
კაცს შეუძლია აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთოს, ქალები ამაში იზღუდებიან.
და ეს ციკლი უსასრულოდ გრძელდება. კაცს რაღაც შეუძლია, ქალს არა.
რატომ? იმიტომ რომ ის კაცია და ის ქალი.
ყოველ 8 მარტს კი ის კაცები, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ ორი ღერი ყვავილით შეიარაღებულნი სხდებიან იმ ქალების მიერ გამზადებულ სუფრაზე, დიდი ყანწითა და მაღალფარდოვანი სიტყვებით სვავენ ამ ქალების სადღეგრძელოს, ხოლო ძილის წინ საწოლში იმ ორ ღერ ყვავილსაც ამადლიან.
უნდა აიკრძალოს 8 მარტს ყვავილების გაყიდვა! უნდა გადაიმალოს ყველა ყვავილი. იქნებ როგორმე გამოვიდეთ ყვავილების ეპოქიდან და თანასწორობის ეპოქაში შევაბიჯოთ.