Monday, March 13, 2017

ქართველი ქართლის დედა

   
      არ ვიცი როდის და რატომ მაგრამ საქართველოში ქართლის დედა შეიქმნა ქალის ხატად. ერთი შეხედვით ის ძლიერ ქალად წარმოგვიდგება და სრულიად საქართველოს აზრით ეს ასეც არის. ამ მოცემულობაში ვაწყდებით ერთ შეუსაბამობას, თუ ქართლის დედა ძლიერი და ამავდროულად "ღირსეული" (როგორც ამბობენ) ქალის სახე-ხატია, მაშინ რატომ არ ეძლევათ ჩვენს ქვეყანაში ქალებს განვითარების უფლება? რატომ ცდილობს საზოგადოება ქალის როლის დაკნინებას და მის ჩაგვრას?
      ქვეყნის პატრიარქალურობიდან გამომდინარე, აქ ქალებს მუდმივად უწევთ კაცის ჩრდილს ქვეშ ყოფნა. თუ დავფიქრდებით საკუთარი გამოცდილებიდანაც მარტივად აღმოვაჩენთ, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ქალებს ბევრად მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ ვიდრე კაცებს. ქალები ბევრად შრომისმოყვარენი და ბეჯითები არიან. და რა ხდება შემდეგ? სად მიდიან ის ქალები რომლებმაც საშუალოდ 15 წელი შესწირეს სწავლა-განათლებას? ფაქტია ეს ქალები არ გვხვდებიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
      ჩვენს ირგვლივ ხშირად ვხვდებით მოსაზრებას, რომ ქალმა არა კარიერული წინსვლისთვის, არამედ შვილების კარგად აღზრდისთვის უნდა ისწავლოს. იქნებ ქართლის დედას სულაც არ ჰყავდა შვილები? იქნებ ის ძლიერი ქალის განსახიერებაა და არა სახლში "კუხნიდან-სპალნამდე" ჯაჭვზე გამობმული ქალის?! იქნებ ის არის სწორედ ის ქალი ვისაც შესწევს იმის კომპეტენცია მართოს პროცესები.
      ერთხელ ბიჭმა მითხრა, რომ მას გვერდით განათლებული ქალი მხოლოდ იმისთვის უნდოდა, რომ საზოგადოებაში თავი წარმოეჩინა და შვილები კარგად გაეზარდა.
ჩვენ ქალები, უბრალოდ გამზრდელები და კაცების აქსესუარები კი არა ძლიერი, განათლებული, საინტერესო და საოცრად ქარიზმატულები ვართ. 
ქართლის დედას კი იქნებ უფრო საინტერესო როლი მოვარგოთ, მოვარგოთ ქართველი ქალის როლი რომელიც ცვლის რეალობას. 

Tuesday, March 7, 2017

"გასალილიტებელი" 8 მარტი

   
მე მაინც ლილიტი მირჩევნია. ძლიერი, თავისუფალი ლილიტი. ქალი რომელიც თავად წყვეტს თავის ბედს. სწორედ ის არის ქალურობის საწყისი ყოველ ჩვენგანში, ის გამოძახილი რომელსაც ხშირად ვთრგუნავთ და სადღაც ჩვენში ყველაზე მიკარგულ კუთხეში ვმალავთ. 
     ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ქალს ბევრი რამ მოეთხოვება, რომ ქალი სუსტი სქესია, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ყველაფერი, რომ "ქართლისდედობა" უნდა შევითავსოთ. ჩვენთვის არასოდეს უთქვამთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ თავისუფალნი. 
       და იქნებ სწორეთ ამით არის გამოწვეული ის ძალადობა რომელიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ირგვლივ. იქნებ ამ დაკანონებული აზრის გამო აძლევენ კაცები თავს უფლებას დაგვჩაგრონ. 
         დღეს ქალებს მილოცვების მიღებასთან ერთად უწევთ იმ დისკრიმინაციის ატანა, რომელიც უკვე ყოველდღიურ ჩვეულებად იქცა. ახლა ყვავილებთან ერთად ქალები თან დადევნებულ გინებას იღებენ. ეს ჩვეულებაა, ტრადიციაა. 8 მარტი ქალებისთვის ნაჩუქარი დღეა, დღე როდესაც თითქოს სულ მცირე პატივისცემას გვიწყალობებენ ხოლმე. 
         გვჭირდება კი ეს ყვავილები ანდა ძვირფასი საჩუქრები? იქნებ ამ დილით დავასრულოთ ეს სიმბოლიზმი და მოვითხოვოთ "ლილიტობა", მოვითხოვოთ თავისუფლება, მოვითხოვოთ ამ ძალადობის შეწყვეტა. უარი ვთქვათ ყვავილებზე და მის სანაცვლოთ ნების თავისუფლება მოვითხოვოთ. უარი ვთქვათ იმ ნეკნზე, რომელიც თითქოსდა ჩვენს გამო დაკარგეს და თანასწორობა მოვითხოვოთ. ყველგან, ყოველთვის, ყველაფერში, მკაცრად, ჯიუტად თანასწორობა მოვითხოვოთ. 
          შემდგეში "გალილიტებული" 8 მარტი მომელოცოს <3