2016
წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თუ გადავხედავთ, მოპოვებული მანდატების კატასტროფულად მინიმალური რაოდენობა ერგოთ ქალებს. ეს ფაქტი რა თქმა უნდა განპირობებულია იმითაც, რომ წამყვანი პოლიტიკური პარტიების სიის სათავეებში არ იყვნენ ქალები, რამაც თავისთავად შედეგი განაპირობა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ საქართველოში ქალები არც ისე პასიურები არიან, არჩევნებზე მისული ამომრჩევლის
55%ს ქალები წარმოადგენენ. წინა საარჩევნო პროცესებში ჩართული ქალების რაოდენობაც მკვეთრად აღემატება აქტიური კაცების რაოდენობას. მიუხედავად ამ მაჩვენებლისა ქალები პოლიტიკური პარტიების წამყვან პოზიციებზე იშვიათად ხვდებიან.
საქართველო პატრიარქალური ქვეყანაა თავისი არსით, ის ეგრეთ წოდებული ტრადიციებიც რომელიც დღემდე შემოგვრჩა ქალების პირდაპირ დისკრიმინაციას ეწევა. ქართული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქალი მხოლოდ ოჯახში უნდა იყოს, ხდება მიზეზი იმისა, რომ ქართველ ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა ქვეყნის მართვის სადავეებში ჩაერთვან. ბოლო პერიოდში გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მომრავლებასა და სხვადასხვა გენდერული პროექტების განხორციელებას თითქოს ხელი უნდა შეეწყო ქალების დაწინაურებისთის პოლიტიკაში, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის. თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით – დემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესი. მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.
საუკუნეების მანძილზე დარღვეული თანასწორობის აღდგენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიებით ებრძვიან. გენდერული კვოტა _ იდეა მოიაზრებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან. იგი ეფექტური საშუალებაა გენდერული უთანასწორობის მისაღწევად, რაც ქვეყანაში „წარმომადგენლობითი დემოკრატიის“ ბაზისს ქმნის. კვოტირების სისტემა დროებითი, იძულებითი, ხელოვნური ღონისძიებაა, მაგრამ, რადგანაც ქალთა ჩართვა სახელმწიფოს მმართველ სტრუქტურებში მრავალ ბარიერთანაა დაკავშირებული, კვოტირება, როგორც იძულებითი ზომა, ამ ბარიერების გადალახავს ემსახურება. კვოტირების თეორია წარმომადგენლობით პრინციპს ემყარება. ამ არგუმენტაციის თანახმად, რადგან მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქალები წარმოადგენენ, ლოგიკურია, რომ მოსახლეობის ამ ჯგუფს შესაბამისი წარმომადგენლობა ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. წარმომადგენლობითობის თეორიასთან ერთად პოპულარულია რესურსების გამოყენების თეორიაც, რომლის მომხრეებსაც მიაჩნიათ, რომ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებულ ღირებულებებს, ხედვებსა და გამოცდილებას შემოიტანენ, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს პოლიტიკურ პროცესებს.
ამ არგუმენტაციამ უკვე მრავალი წელია მხარდაჭერა ჰპოვა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში: ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერ კიდევ
80-იან წლებში ნებაყოფლობით დააწესეს კვოტირების სისტემები ქალებისათვის; უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კვოტირება დამკვიდრდა საფრანგეთში, ესპანეთში, ჰოლანდიასა და ლათინური ამერიკის 11 ქვეყანაში.
2002 წელს ნორვეგია უფრო შორს წავიდა, როდესაც 2008 წლისათვის კომპანიების დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალებისათვის 40%-იანი კვოტა დააწესა. ანალოგიური კანონი მიიღო საფრანგეთის პარლამენტმაც, რომელმაც 2016 წლისათვის ფრანგული კომპანიები დირექტორთა საბჭოების შემადგენლობაში ქალთა მინიმუმ 40
პროცენტამდე გაზრდით დაავალდებულა. ამჟამად ანალოგიური კანონები მუშავდება გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
2015
წელს არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან და საინიციატივო ჯგუფებისგან საქართველოს
პარლამენტში შევიდა ორი კანონპროექტი კვოტირების სისტემის დანერგვასტან
დაკავშირებით. ერთი ინიციატივა ითვალისწინებდა 50% კვოტირებას, ხოლო მეორე 30%.
პარლამენტმა განსახილველადმხოლოდ ერთი კანონპროექტი გაიტანა 30% კვოტირების
სისტემით, რომელმაც ვერ ჰპოვა პარლამენტის მხარდაჭერა. შედეგად მივიღეთ ისევ
დაუბალანსებელი პარლამენტი, რომელშიც 150 დეპუტატიდან მხოლოდ 24 იქნება ქალი. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით კი საქართველო 185 ქვეყნიდან 115-ე ადგილს იკავებს. თუ გადავხედავთ
პოლიტიკური პარტიების სიებს ნათლად ჩანს რომ პარტიებმა დამატებით საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვების მიზნითაც არ
გაითვალისწინეს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა.
საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა ჩადგეს იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ასეთი ინიციატივები ჯერ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, ხოლო შემდგომ პოლიტიკურ კურთხევას მოიპოვებს. სანამ ქალებისათვის კვოტირების შემოღებაზე საქართველოში აქტიური დებატების ნიადაგი მომწიფდება, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ე.წ. “აზრის შემქმნელებისა” და “გადაწყვეტილების მიმღებების” მიერ პრობლემისა და მისი თანამდევი შედეგების გაცნობიერება სრული მასშტაბით. გენდერული თანასწორობა არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს, ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ შეიქმნას სტაბილური გარემო, ეკონომიკური ზრდა, თანასწორობის კულტურის ჩამოყალიბება და ყველა იმ დემოკრატიული ღირებულებების ქმედებაში მოყვანა რაც ქვეყნისთვის იქნება საკეთილდღეო.